Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები და პროცედურები საარჩევნო სუბიექტებად რეგისტრაციისათვის


Georgia -- Georgian Central Election Commission, Tbilisi, 19Feb2010
Georgia -- Georgian Central Election Commission, Tbilisi, 19Feb2010
დღეიდან, 31 მარტიდან, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების განცხადების მიღება დაიწყო. საპარლამენტო პარტიებისა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისაგან განსხვავებით, დანარჩენმა პარტიებმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადებასთან ერთად, პარტიის 30 000 მხარდამჭერის სია უნდა წარადგინონ. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკურ სუბიექტებს განცხადებების 3 აპრილს, ხოლო ხელმოწერების წარდგენის ვადა 10 აპრილს ეწურებათ.

ერთ-ერთი პირველი პარტია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაა.

” დაახლოებით 12 საათზე 2 განაცხადი წარვადგინეთ. ერთი - ეს არის მონაწილეობის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მეორე - შუალედურ არჩევნებში. ვინაიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საპარლამენტო პარტიაა, ჩვენ არ გვჭირდება ხელმოწერების შეგროვება. ამდენად, ჩვენი პროცედურა შედარებით მარტივია - თითქმის ავტომატურ რეჟიმში ტარდება პარტია რეგისტრაციაში”, - ამბობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და დასძენს, რომ პარტია მზადაა ყველა დონეზე იბრძოლოს საკრებულოებში და ასევე დეპუტატის მანდატები მოიპოვოს პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების სამივე ოლქში.

ეს ოლქებია ჩუღურეთის მეშვიდე, გურჯაანის მეთორმეტე და ოზურგეთის მესამოცე საარჩევნო ოლქები, სადაც არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, 30 მაისს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და შუალედური არჩევნების სავალდებულო წინასაარჩევნო პროცედურები პოლიტიკური პარტიებისთვის პრაქტიკულად იდენტურია - იგულისხმება განაცხადის წარდგენა, საარჩევნო ფონდების შექმნა და სხვ.

30 მაისის არჩევნებისადმი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ინტერესი დიდია, რაც, ერთი მხრივ, 31 მარტს უკვე გამოიხატა ეგრეთ წოდებული დაბლოკების კამპანიის დაწყებით (მაგალითად, პოლიტიკური ბლოკი შექმნეს პარტიებმა ”მომავალი საქართველო” და ”ჩვენი ქვეყანა”), მეორე მხრივ კი, იმ სტატისტიკით, რომელიც არჩევნებში რეგისტრაციის მოსურნე პოლიტიკური სუბიექტების განაცხადების წარდგენის პირველი დღის პირველი ნახევრის მაჩვენებლებს ასახავს. 31 მარტის 15 საათამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 10 პარტიამ მიმართა, მათ შორის, ”ალიანსი საქართველოსთვის” ორმა სუბიექტმა - ”რესპუბლიკურმა პარტიამ” და ”ჩვენი საქართველო-თავისუფალმა დემოკრატებმა”.

”გუშინ გამოვიდა უკვე ბრძანება თუ განკარგულება პრეზიდენტის, დაინიშნა არჩევნები და დღესვე მივმართეთ უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას , რომ ჩვენი პარტია ”თავისუფალი დემოკრატებიც” დარეგისტრირდეს საარჩევნო სუბიექტად. არაფერი ისეთი. ჩვენ გამზადებული გვქონდა დოკუმენტაცია და მივიტანეთ. ტექნიკური საკითხია. აქ რაიმე ფიქრი ამ საკითხთან დაკავშირებით ან პოლიტიკური გარჩევა არ გვქონია, სიმართლე რომ გითხრათ”, - აღნიშნა პარტია ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ზურაბ აბაშიძემ.

არატექნიკური საკითხი კი, რომელიც ”ალიანსი საქართველოს” რიგებიდან 31 მარტს, პოლიტიკური შეთავაზების სახით, სოზარ სუბარმა ოპოზიციური ერთობის მიღწევის მიზნით გააკეთა, მის მიერ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარის თქმას გულისხმობს. რადგან ალიანსს ჰყავს მერის გამოკვეთილი კანდიდატი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სხვა ოპოზიციური ჯგუფიდან უნდა დასახელდეს. ასეთია შეთავაზების არსი. წინასაარჩევნო კამპანია ჯერ მხოლოდ დაიწყო და არჩევნებზე დაშვებული პარტიებისა თუ კანდიდატების შესახებ ჯერ მხოლოდ პროგნოზების გაკეთება შეიძლება. ერთადერთი, რაც ასეთ ფონზე უტყუარად გამოიყურება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკია. ამ გრაფიკის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის საკითხი განაცხადის წარდგენიდან 2 დღის ვადაში გადაწყდება, თბილისის მერობისა და თვითმმართველ ორგანოებში მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების ვადებს კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ჯული გიორგაძე განგვიმარტავს:

” 30 აპრილი არის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა, ისევე როგორც რეგისტრირებული კანდიდატებისა და საარჩევნო ბლოკების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაც.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს არ ჩატარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უფლებამოსილება შეუნარჩუნდებათ.
XS
SM
MD
LG