Accessibility links

logo-print

რუსეთმა თითი გაიშვირა ”ტერორისტების მოკავშირე” საქართველოსკენ


ნიკოლაი პატრუშევი

ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის დედაქალაქსა და დაღესტნის ქალაქ ყიზლარში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს, რამაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კრემლი საქართველოს დადანაშაულების ახალ საბაბად იყენებს. 31 მარტს გავრცელებულ კომენტარში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ხაზს უსვამს საქართველოს სპეცსამსახურების კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციებთან და არ გამორიცხავს, რომ ბოლო ტერორისტულ აქტებში საქართველოს ხელიც ერიოს. რას მოასწავებს ასეთი ბრალდებები და როგორია თბილისის რეაქცია?

ბრალდება, რომელზეც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გაზეთ ”კომერსანტის” მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლაპარაკობს, ბევრს ოდნავ დაგვიანებულადაც კი ეჩვენა. ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ მოსკოვის მეტროპოლიტენში 29 მარტს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ კრემლი საქართველოს უფრო ოპერატიულად დაადანაშაულებდა. თუმცა, ადრე იყო თუ გვიან, ეს მაინც მოხდა და აი, რას ამბობს ნიკოლაი პატრუშევი საქართველოს კავშირზე ტერორისტებთან:

”ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს. მაგალითად, არის საქართველო და ამ სახელმწიფოს ლიდერი, სააკაშვილი, რომლის მოქმედებებიც არაპროგნოზირებადია. სამწუხაროდ, მას არაერთი ქვეყანა ეხმარება და მათ შორის - სამხედრო თვალსაზრისითაც. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს დაუშვებელია. მან ომი ერთხელ უკვე გააჩაღა და გამორიცხული არ არის, რომ კიდევ გააჩაღოს. გვქონდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს კონტაქტი აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში. მოსკოვის ტერაქტებთან კავშირში ჩვენ ეს ვერსიაც უნდა შევამოწმოთ.”

ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებს ნიკოლაი პატრუშევი იმავე ინტერვიუში ”საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ნაწილად” მოიხსენიებს. შესაბამისად, ის არაპირდაპირ, მაგრამ აშკარად ადანაშაულებს საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში. მოსკოვში მომხდარი ბოლო აფეთქებები ასევე საერთაშორისო ტერორიზმის კონტექსტში განიხილა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა სათავედ დაასახელა ავღანეთისა და პაკისტანის საზღვარზე არსებული უკონტროლო ტერიტორია. სერგეი ლავროვმა თქვა ისიც, რომ ”ზოგჯერ ამ მარშრუტებს კავკასიაშიც მივყავართ”, თუმცა მას საქართველო არ უხსენებია და არც ის დაუკონკრეტებია, კერძოდ, საით და რა მიზნით მიდის ეს ”მარშრუტები.”

საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირში საქართველო კრემლს მანამდეც არაერთხელ ჰყავს დადანაშაულებული. მათ შორის, ალ-ყაიდასთან კავშირს შეეხებოდა ბრალდება, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა გასული წლის ოქტომბერში გაახმაურა.

თუმცა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის 31 მარტის განცხადებას გაცილებით უფრო საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ”ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წარმომადგენელი ნიკოლოზ ლალიაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ მსგავსი განცხადებები არასოდეს კეთდება კრემლის ლიდერებთან შეუთანხმებლად:

”რუსეთის უშიშროების საბჭო არ გახლავთ საგამოძიებო ან ოპერატიული სამსახური, რომელსაც შეუძლია გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას ამცნოს გამოძიების პროცესში განხილული ვერსიების შესახებ. ეს არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც ამზადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს და ახდენს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებას. შესაბამისად, ამ უწყების მიერ გაკეთებული განცხადება ქართული კვალის თაობაზე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში. ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება არის ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის და, პრაქტიკულად, ის შეიძლება ჩაითვალოს საქართველოსათვის ახალი ომის გამოცხადების საწინდრად.”

ნიკოლოზ ლალიაშვილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ამ საკითხის განსახილველად საგანგებოდ მოიწვიოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”მოახლოებული საფრთხეების თაობაზე” მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ”დაიწყოს ამ საფრთხეების შეჩერების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავება.”

ქრისტიან-დემოკრატების განგაშს ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია, თუმცა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლებმა ”ცილისმწამებლური” და ”პროვოკაციული” უწოდეს. ამასთან, პატრუშევის მისამართით ერთგვარი საპასუხო ბრალდებაც გაისმა კომენტარში, რომელიც 31 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ გააკეთა:

”მინდა შეგახსენოთ 2005 წლის თებერვლის ტერორისტული აქტი გორის პოლიციის შენობასთან... გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ტერორისტული აქტი ინსპირირებული და განხორციელებული იყო ”ეფესბეს” სპეციალისტების მიერ. ხოლო საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში ”ეფესბეს” შეფი ზემოთ აღნიშნული პატრუშევი იყო.”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ასევე ამბობს, რომ ”საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველთვის დაუფარავი უნდობლობით და დამცინავად ეკიდებოდა” რუსეთის ბრალდებებს საქართველოს მისამართით და სერიოზულად არასოდეს განიხილავდა მათ, ”რადგან საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრი და თავისი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.”

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციები ნიკოლაი პატრუშევის მიერ გახმაურებულ ახალ ბრალდებას. თუმცა იმის დასტურად, რომ ტერორიზმთან გლობალურ ბრძოლაში საქართველო საერთაშორისო საზოგადოების პარტნიორად განიხილება, გასული კვირის ერთი სიახლეც კმარა.

გასულ კვირაში საქართველო იმ 6 ქვეყნის სიაში დასახელდა, რომლებიც მიიღებენ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას სამხედრო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. საუბარია საქართველოზე, ხორვატიაზე, უნგრეთზე, ლიტვაზე, ლატვიასა და ესტონეთზე. პენტაგონის წარმომადგენლის ბრაიან ვიტმენის მიერ 26 მარტს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი დაფინანსება წაადგება 6 ქვეყნის მომზადებას სტაბილიზაციის უზრუნველმყოფი ოპერაციებისთვის ამერიკელების მხარდამხარ ავღანეთში.

ექსპერტები თავიდანვე შიშობდნენ, რომ პენტაგონის ამგვარი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით, რუსეთს საკმაოდ გააღიზიანებდა. თუმცა, პენტაგონის ხელმძღვანელი პირების ინფორმაციით, საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამერიკის მხარემ კონსულტაციები უკვე გამართა რუსეთთან.

ამასობაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა დოკუ უმაროვმა იკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებზე, რომელთაც სულ ცოტა 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დოკუ უმაროვის მიმართვა გავრცელდა ვიდეოჩანაწერის სახით, ისლამისტი მეამბოხეების არაოფიციალურ ვებსაიტზე. ამ ჩანაწერში, როგორც ჩანს, თვით უმაროვი აცხადებს, რომ მან გასცა ბრძანება თავდასხმების შესახებ და რომ თავდასხმები კიდევ გაგრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG