Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 31 მარტი 2010

  • ნიკო ნერგაძე

მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”გამარჯვების ფორმულა - თანხმობა, დათმობა და რაციონალიზმი.” სტატიაში”ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის მოსაზრებას გაეცნობით. სუბარი წერს: ”უარს ვამბობ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე და მზად ვარ ამ თანამდებობისთვის ბრძოლაში მხარი დავუჭირო სხვა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელს, ვისზეც ოპოზიცია შეთანხმდებაო”. სუბარი ამატებს: ”დღევანდელ ვითარებაში მართებულად და სწორად მიმაჩნია, რადგან ალიანსს ჰყავს მერის გამოკვეთილი კანდიდატურა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სხვა ოპოზიციური ჯგუფებიდან დასახელდეს. ეს თანხმობისა და გამარჯვებისთვის არის საჭირო.”

დღევანდელი ”რეზონანსი”, ისევე როგორც მთლიანად პრესა, ბევრს წერს არჩევნებზე. ”რატომ გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება მაინცდამაინც არჩევნების წინ, რატომ გადაწყვიტა თბილისის მერიამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკიდნ გადახვევა და პენსიების გაზრდა თუ სამედიცინო ვაუჩერების დარიგება განურჩევლად ყველასთვის მაინცდამაინც არჩევნების წინ, რატომ გაორმაგდა თბილისის მერიის და გამგეობების საშტატო ერთეული მაინცდამაინც არჩევნებამდე ორი თვით ადრე?” - კითხულობს გაზეთი და ამატებს, ხელისუფლების პასუხი საკმაოდ უცნაურია - თურმე ამას ახალ საბიუჯეტო სისტემაზე გადასვლა ითვალისწინებს, რაც ნაკლებად დამაჯერებელია და არასამთავრობოების ნაწილმა ეს ყველაფერი ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებად შეაფასაო.

”ვერსია” არკვევს, არის თუ არა ნიკა ივანიშვილი ალასანიას პარტიის დამფუძნებელი. ამის შესახებ ხმები გავრცელდაო, წერს გაზეთის რედაქტორი და ამატებს, თავად პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებენო. ავტორი აგრძელებს: ”თუ ეს ჭორია, აფერუმ მის გამავრცელებელს. ეს ”ჭორი” ერთნაირად აზარალებს ივანიშვილსაც და ალასანიასაცო”. ავტორის აზრით, ივანიშვილს იმიტომ, რომ ასე ინფორმატორი გამოდის, რაც, ავტორის სიტყვებით, ”ვაკელ კაი ბიჭს” არ შეშვენის, ალასანიას კი იმიტომ, რომ მასაც

ხელისუფლების კაცად მონათლავენ.

დაბოლოს, ჭორებს რაც შეეხება, ”24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს ფეხბურთელ კახა კალაძესთან, რომელიც უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ”მილანთან” კონტრაქტს წყვეტდეს და კარიერის გაგრძელებას თურქეთში ან საბერძნეთში აპირებდეს. „მილანში ვარ, მილანში. ვვარჯიშობ და სეზონის ბოლომდე ნადვილად არსად ვაპირებ გადასვლასო”, - უთხრა ფეხბურთელმა ”24 საათს”. ის ინტერვიუში საქართველოს ნაკრებზეც ლაპარაკობს და ამბობს, უსაფუძვლო კრიტიკას მხარდაჭერა სჯობს და ქეცბაიასაც ნუ მოვთხოვთ, რომ პირველივე მატჩიდან უშეცდომოდ აათამაშოს ნაკრებიო.
XS
SM
MD
LG