Accessibility links

მეორე კვირაა ცხინვალში სროლის ხმა არ წყდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე სამხედრო ტაქტიკური სწავლებები მიმდინარეობს.

ამჟამად სროლა ტანკებიდან მიმდინარეობს. წვრთნის ამოცანაა ეკიპაჟების კოორდინაცია და სამიზნეების დაზიანება. საცეცხლე მომზადება ცხინვალის სასროლეთზე მიმდინარეობს.

რამდენიმე დღის წინ კი სამხედრო წვრთნები რუსმა არტილერისტებმაც გაიარეს. სატანკო ბატალიონის შტაბის უფროსის ალექსეი ზოტოვის განცხადებით, მთელი ბატალიონის პირადი შემადგენლობა საბრძოლო სწავლებას გეგმის მიხედვით გადის.

ცხინვალის სასროლეთი ქალაქიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული, ამიტომ გამაყრუებელი სროლის ხმა, როგორც ცხინვალელებს, ისე მის შემოგარენში არსებული ქართული სოფლების მოსახლეობას აწუხებს.

ნიქოზისა და ერგნეთის მაცხოვრებლებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ ცხინვალში მიმდინარე წვრთნებისა და მისი მიზნების შესახებ.

ადგილობრივი ტელევიზიით, როგორც დე ფაქტო ხელისუფლების, ისე ოკუპანტი ჯარის წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ სასროლეთისკენ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

რუსები ადგილობრივ მოსახლეობას აიმედებენ, რომ წვრთნების უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცულია და საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

ქართულ სოფლებში მაცხოვრებლები კი აღნიშნავენ, რომ სროლის გამო ყველაზე მეტად ბავშვებს ეშინიათ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული მე-4 ბაზის სწავლებები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ამ ბაზის განთავსება დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო და მიმდინარე წელს სრული დისლოკაციით დასრულდა.
XS
SM
MD
LG