Accessibility links

logo-print

მედვედევი მკვეთრ გამოთქმებს ხმარობს და მკაცრ ზომებს მოითხოვს


რუსეთის პრეზიდენტი მახაჩყალაში

რუსეთის პრეზიდენტი მახაჩყალაში

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს მოულოდნელად ჩავიდა დაღესტანში - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თვითმკვლელების მიერ მოწყობილმა ორმა აფეთქებამ დაღესტნის ქალაქ ყიზლარში 12 ადამიანი შეიწირა. მანამდე კი, ორშაბათს, სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად მოსკოვის მეტროში. შესაბამისად, ანტიტერორისტულ ძალისხმევას ეხებოდა პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები, რომლებიც მან დღეს დაღესტანში გააკეთა.

მედვედევი გამოვიდა მოწოდებით, უფრო მკაცრი ზომები - თუ გნებავთ უფრო სასტიკიო, დასძინა მან - იქნეს მიღებული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოწოდება მოჰყვა თვითმკვლელების მიერ მოწყობილ აფეთქებებს, რომელთაც მიმდინარე კვირაში 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მედვედევი დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში შეხვდა უშიშროების სპეციალისტებსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონულ ლიდერებს, კონტროტერორისტულ ძალისხმევაზე სასაუბროდ და მოითხოვა, რომ „კონტრტერორისტული ზომების ჩამონათვალი“ არა მარტო რუსეთში უნდა გაფართოვდეს და ეს „არა მარტო უფრო ეფექტიანი, არამედ უფრო მკაცრიც უნდა იყოს - თუ გნებავთ, უფრო სასტიკი - პრევენციული მიზნით, ანუ ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად.“

მედვედევის განცხადებები დღეს აშკარად უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტს სჩვევია. სიტყვები, თითქოს, მისი წინამორბედისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ლექსიკიდან იყო აღებული... „ბოლო დროს ტერორთან ბრძოლის სფეროში ჩვენ რაღაცეები შევძელით. შევძელით, კისერი მოგვეგრიხა ყველაზე ოდიოზური ბანდიტებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, ყველას ვიპოვით სათანადო დროს და ყველას დავსჯით“, განაცხადა მედვედევმა.

იმ კაცის სახელმა, რომლის დასჯაც რუს სამართალდამცველებს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად აქვთ დასახული, გუშინ კიდევ ერთხელ გაიჟღერა: დოკუ უმაროვმა, ჩეჩენი მეამბოხეების ლიდერმა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პასუხისმგებლობა იკისრა ორშაბათს მოსკოვის მეტროში მოწყობილ აფეთქებებზე. უმაროვი ისლამისტების ერთ-ერთ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ აფეთქებები იყო საპასუხო ზომა - შურისძიების აქტი მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში რუსეთის უშიშროების ძალებმა ტყეში დახოცეს ჩეჩენი სამოქალაქო პირები. სხვათა შორის, რუსი უფლებდამცველები ადასტურებენ, რომ ეს ხალხი საბრძოლო მოქმედებების დროს არ არის მოკლული. და კიდევ: უმაროვის თქმით, ის შეუსაბამოდ მიიჩნევს მის დადანაშაულებას ტერორიზმში იმ ადამიანების მიერ, ვისაც არასოდეს დაუდანაშაულებია პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ჩეჩენი სამოქალაქო პირების დახოცვაში.

უმაროვი თავდასხმების გაგრძელებით დაიმუქრა. როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილიზაცია კიდევ არ არის მოსალოდნელი - არც დაღესტანში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის და სასტიკი ზომებით დამუქრების შემდეგ.
XS
SM
MD
LG