Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველი აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. ამ რეფორმის განხორციელების მიზნად გადასახადის გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება და ახალი სერვისების დანერგვის სურვილი სახელდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სამართლებრივი სტატუსი შეიცვალა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა. შემოსავლების სამსახური აერთიანებს საგადასახადო და საბაჟო უწყებებს, რომლებიც ადრე ფინანსთა სამინისტროში შედიოდა და თან ითავსებდა საგამოძიებო და სადამსჯელო ფუნქციასაც. შემოსავლების სტრუქტურიდან ეგრეთ წოდებული ფინანსური პოლიციის გამოყოფის შემდეგ თავად შემოსავლების სამსახურის რეფორმირებაც გადაწყდა, ხოლო თუ რატომ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი საუბრობს:

”გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი საგადასახადო ინსპექტორი გადასახადის გადამხდელს ექცეოდა ისე, როგორც გამომძიებელი, ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ის, რომ შემოსავლების სამსახური უნდა იყოს ორიენტირებული გადასახადის გადამხდელთან ურთიერთობასა და საგადასახადო ადმინისტრირებაზე.”

საგადასახადო სამსახურის რეფორმირების ნიმუშად საჯარო რეესტრის მოდელი სახელდება, რომელსაც ბიუროკრატიული სტრუქტურების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარებენ.

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ცხაკაიას განმარტებით, სამსახურის სტატუსის შეცვლა გადამხდელებისთვის მრავალფეროვანი მომსახურების შექმნის მიზნით განხორციელდა. თუ ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყებას არ ჰქონდა მომსახურების გაწევისთვის საჭირო საფასურის დაწესების უფლება, დამოუკიდებელ სამსახურად ჩამოყალიბების შემდეგ გადასახადის გადამხდელები, სურვილის შემთხვევაში, დამატებით მომსახურებასაც მიიღებენ სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ.

თუმცა აღნიშნავენ, რომ, დამატებითი მომსახურების გარდა, შემოსავლების სამსახურის დამოუკიდებლობა საგადასახადო ადმინისტრაციისა და გადასახადის გადამხდელთა ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამ სამსახურის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანიაც, თუმცა კი ეჭვს გამოთქვამს, რომ შემოსავლების სამსახურის რეალური დამოუკიდებლობა მოხერხდეს:

”ძალიან დიდი იყო გავლენა ფინანსთა სამინისტროსი და დავალებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით იმაზე, რომ გაემკაცრებინათ ადმინისტრირება ადამიანთა დასაჯარიმებლად. მაგრამ თუ, მეორე მხრივ, ეს სამსახური რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნება, ცუდად ფორმირებული საკანონმდებლო ნორმების მძევალი იქნება, რასაც ჰქვია საგადასახადო კოდექსის ძალიან მძიმე ადმინისტრაციული ნაწილი.”

შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ სუბიექტად ჩამოყალიბების შემდეგ კვლავაც შეინარჩუნებს ანგარიშვალდებულებას ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მაგრამ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლისა და გადასახადების ადმინისტრირების ფუნქციების გამიჯვნა მაინც გამოიღებს შედეგს და გადასახადის გადამხდელთა და გადასახადის ამკრეფთა ურთიერთობა უფრო ცივილიზებული გახდება - ისე, როგორც ეს მოხერხდა ქონების რეგისტრაციისა თუ საჯარო რეესტრთან დაკავშირებული სხვა ბიუროკრატიული ოპერაციების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG