Accessibility links

logo-print
ავიაკომპანია ”აირზენა”, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობით, მოსკოვის მიმართულებით სადღესასწაულო დღეებში 6 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. მიუხედავად 31 მარტს გავრცელებული კომენტარისა, რომლის მიხედვითაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა საქართველოს სპეცსამსახურები ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში დაადანაშაულა, ამას ხელი არ შეუშლია თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის. როგორც საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მრჩეველი სერგეი იზვოლსკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რუსეთმა 29 მარტს მოსკოვის ცენტრში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ გაამკაცრა კონტროლი არა მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლაზე, არამედ ყველა მიმართულებით.

დომოდედოვოს აეროპორტის მიმართულებით თბილისის საერთაშოროსო აეროპორტიდან თვითმფრინავი 15 საათსა და 25 წუთზე აფრინდა. შობის შემდეგ აღდგომის ჯერი დადგა. სადღესასწაულო დღეებში ჩარტერული ავიარეისების განახლების შესახებ თანხმობა ავიაკომპანია „აირზენამ“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.

როგორც ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო გიორგობიანი აღნიშნავს, შეთანხმება რუსულ მხარესთან ჩარტერული რეისების შესრულებაზე საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშე შედგა. რეისების თარიღებად პირველი, 2, 3 და 10, 12 და 14 აპრილი შეირჩა:

”მოხარულები ვართ, რომ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და სადღესასწაულო დღეებში ჩარტერული ავიარეისები დაინიშნა. მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირველი, 2 და 3 აპრილის რეისებზე ყველა ბილეთი გაიყიდა.”

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილი მგზავრები და მათი ახლობლები კმაყოფილნი არიან, რომ სადღესასწაულო დღეებში მაინც მიეცათ საშუალება, მოსკოვის მიმართულებით მესამე ქვეყნის გავლის აგრეშე გაემგზავრონ:

* უამრავ დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, თანხაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პატარა ბავშვით ვარ ჩამოსული. მოსკოვში შვილები მელოდებიან. იმის გამო, რომ მესამე ქვეყნის გავლით მიწევდა მგზავრობა, მათი წამოყვანა ვეღარ შევძელი. ორივე მთავრობის მადლობელი იქნება ხალხი, თუკი რეგულარული რეისები აღდგება
* მოხარულები ვიქნებით, თუკი რეისები მუდმივად აღდგება. მოსკოვში ვცხოვრობ, რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ მალე საქართველოს მოქალაქეობასაც მივიღებ. მოსკოვში ვმუშაობ და ოჯახს ვეხმარები.



იმ ფაქტს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის თუნდაც რამდენიმე ჩარტერული რეისი დაინიშნა, პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მისი თქმით, ეს ქმედება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ რიგითი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. აქვე ირაკლი სესიაშვილი საუბრობს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ბრლდების შესახებ, რომელიც მან 31 მარტს გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაახმაურა. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ დეზინფორმაციაა და მის ამგვარ განცხადებებს არანაირი ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლია დასავლეთზე:

”რუსეთმა და კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არანაირად არ ვმონაწილეობთ ტერორისტულ აქტებში და სულ არ გვიხარია, როდესაც რუსეთში მშვდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ეს პატრუშევმაც ძალიან კარგად იცის.”

როგორც საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მრჩეველი სერგეი იზვოლსკი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რუსეთმა 29 მარტს მოსკოვის ცენტრში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ გაამკაცრა კონტროლი არა მხოლოდ თბილისსა და მოსკოვს შორის საჰაერო მიმოსვლაზე, არამედ ყველა მიმართულებით.

„’აირზენა’-საქართველოს ავიახაზებმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერული ექვსი ავიარეისი რამდენიმე თვის წინ საშობაოდაც შეასრულა. სააღდგომოდ დანიშნული პირველი რეისით მოსკოვის მიმართულებით 60 ადამიანი გაემგზავრა, მოსკოვიდან სამშობლოში კი ორჯერ მეტი - 120 ადამიანი - დაბრუნდება.

რაც შეეხება რეგულარული რეისების აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ „აირზენამ“ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ამის შესახებ თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა, ჯერჯერობით სამინისტროდან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG