Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო პროექტები, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, 10-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოსგან” 177 552 დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები დაფინანსებულ პროექტებს განახორციელებენ თბილისში, ბათუმში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და ოზურგეთში. 1 აპრილს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი სამოქმედო გეგმები და პროექტები წარადგინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანობისა და სამოქალაქო კომპონენტის გააქტიურების მიზნით, ფონდ ”ღია საზოგადოება -საქართველოს” კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თებერვალში გამოცხადდა. გამარჯვებულ ორგანიზაციებს შორის არიან როგორც არჩევნების სადამკვირვებლო გამოცდილების მქონენი, ისე ნაკლებად გამოცდილები და ახალბედები. რაც შეეხება მათ პროექტებს, ისინი მოიცავს ისეთ ძირითად კომპონენტებს, როგორებიცაა წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, საარჩევნო დარღვევების პრევენცია, არჩევნების მონიტორინგი, ამომრჩეველთა განათლება, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვ.

”საერთოდ, ეს ადგილობრივი არჩევნები გაცილებით უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე ოდესმე გამოუწვევია საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს. და დონორთა დახმარებაც მეტი იქნება ამ ჯერზე, ვიდრე სხვა შემთხვევებში ყოფილა. ეს გასაგებია, იმიტომ რომ ეს არჩევნები, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს იქნება, შესაძლოა, ბოლო შანსი საქართველოსთვის, საქართველოს ამ ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის, დაამტკიცოს, რომ იგი ცივილიზებული თანამეგობრობის ნაწილია. და დაამტკიცოს, რომ აქ შესაძლებელია ცვლილებები არჩევნების სახით.”
ამბობს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი, რომლის განმარტებითაც, საერთაშორისო დონორთა მზარდი დაინტერესების პირობებში, ”ღია საზოგადოება -საქართველო” აქტიურად ჩაერთო დონორთა კოორდინაციის პროცესშიც. კოორდინაციის მიზანი, ერთი მხრივ, ამა თუ იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ორმაგი დაფინანსების თავიდან აცილება ან, განსაკუთრებით კარგი პროექტების შემთხვევაში, თანადაფინანსების უზრუნველყოფა იყო.

სამართლიანი თვითმმართველობის არჩევნების ხელშეწყობისათვის ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 177 552 ამერიკული დოლარით განისაზღვრა. აქედან 20 000 დოლარის ეკვივალენტი ლარებში ერგო ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რომელიც დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პროცესებს, ისე არჩევნების დღეს და ხმის დათვლასა და შეჯამებას.

” ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენთვის, ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ სადამკვირვებლო მისია მცირედი გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია აქ ის ხარჯები, რაც დაგვჭირდებოდა - დამკვირვებელთა ტრანსპორტირება იქნება თუ სხვა.”

როგორც ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე ამბობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორგანიზაციის მთავარ მიმართულებად დარღვევბზე საჩივრების გზით რეაგირება და არჩევნების სამართლიანობის სამართლებრივი განხორციელების მექანიზმის სრულად ამოქმედების ხელშეწყობა იქნება. თავის მხრივ, ორ პრიორიტეტს გამოყოფს საზოგადოებრივი მოძრაობა

”მრავალეროვანი საქართველო”. მისი აღმასრულებელი დირექტორი აგიტ მირზოევი ამბობს:
” ერთი არის უშუალოდ დაკვირვება არჩევნების და მეორეა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ამომრჩეველთა ცნობიერების, ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე. განსაკუთრებით ფოკუსირებულია ჩვენი ყურადღება იმ რეგიონებზე, სადაც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები კომპაქტურად არიან წარმოდგენილნი.”
საინფორმაციო საქმიანობა ამომრჩევლის სამოქალაქო განათლებისათვის არის ასევე მთავარი მიმართულება სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროსთვის, რომელიც გურიის, კერძოდ, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლების მოსახლეობასთან - უშუალოდ კი ახალგაზრდობასთან - მუშაობს.

”სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, სადაც რელიგიური უმცირესობებია და არის ისეთი სოფლები, რომლებიც მოშორებულნი არიან რაიონულ ცენტრებს და ინფორმაციული ვაკუუმია. ძირითადად, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი საინფორმაციო ხასიათის კამპანიები ჩაგვეტარებინა ნასაკირალში, ნარუჯაში, ლაითურში, სადაც არიან თურქი მესხები, მაჰმადიანი აჭარლები და სხვა.”

აღნიშნავს სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს ხელმძღვანელი ნათია გიგიაძე და დასძენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორგანიზაცია თემატური დებატების ორგანიზებას გეგმავს. თავის მხრივ, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, საარჩევნო ინფორმაციული ვებგვერდი მოამზადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”. გვერდი მუდმივად მოქმედი საინფორმაციო პორტალი იქნება.
XS
SM
MD
LG