Accessibility links

უვე იეჰანსონი: საქართველოში მედია საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს


რადიო თავისუფლება ქართული მედიის პრობლემებზე ესაუბრა ევროპელ მედიაექსპერტს უვე იეჰანსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იყო და ქართული მედიის პრობლემები შეისწავალა. უვე იეჰანსონი 20-ზე მეტი წელია ევროპის სხვადასხვა მედია საშუალებებში მუშაობს მმართველ თანამდებობებზე და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე აფასებს ქართული მედიის ამჟამინდელ მდგომარეობას.

რადიო თავისუფლება:
მოდით, დავიწყოთ თქვენი ზოგადი შთაბეჭდილებით ქართულ მედიამდგომარეობაზე.

უვე იეჰანსონი: პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ნებისმიერისთვის, ვინც ქართულ ენას არ ფლობს, ძნელია ღრმად ჩასწვდეს პრობლემებს. თუმცა მგონია, რომ მედიაკლიმატი ძალიან ახლოსაა პოლიტიკურ კლიმატთან და, შესაბამისად, პოლარიზებულია და არ მოიცავს რეალურ კომპლექსურ სურათს. ამის უმთავრესი ბაზისი მგონია პროფესიონალიზმის ნაკლებობა ქართულ მედიაში. ანუ, მედია საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

უვე იეჰანსონი: სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეს შეიძლება იყოს ტრადიცია, დამკვიდრებული მოქმედების წესი _ საქართველო საკმაოდ ახალგაზრდა დემოკრატიაა; ეს შეიძლება ასევე იყოს მედიამფლობელების პრობლემები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი უმთავრესი მიზანია არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ რაიმე პოლიტიკური ან კომერციული მესიჯის გატარება; ეს შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი გადახრა მთავრობისა და სამთავრობო სექტორის მხარეს; ეს შეიძლება იყოს რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად, და, სავარაუდოდ, ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ასეც არის.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდა დემოკრატიამ როგორ უნდა გადალახოს ეს პრობლემები?

უვე იეჰანსონი: რთული კითხვაა, თუმცა ერთი რამ აშკარა: სერიოზულმა მედიამ, მიუხედავად იმისა ეს არის რადიო, ტელევიზია თუ საგაზეთო მედია, იმისათვის, რომ გადარჩეს, უნდა შეასრულოს თავისი უპირველესი ფუნქცია საზოგადოებაში, ანუ უნდა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავის უმთავრეს ფუნქციას უნდა ხედავდეს იმაში, რომ იყოს დამოუკიდებელი წყარო ინფორმაციისა ხალხისათვის. ამას გარდა, მე დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ახლანდელი ეკონომიკური კრიზისისა, რეალურ, მყარ და სანდო ინფორმაციაზე საბაზრო მოთხოვნა დღეს არსებობს. რეალურად თუ შევხედავთ, დღეს ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნისათვის, ვიდრე ქვეყნებისთვის, სადაც სახელმწიფო სისტემა აწყობილია. თქვენ ხართ ახალგაზრდა დემოკრატია, თქვენ, ამას გარდა, ხართ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ და, მე ვიტყოდი, ინსტიტუტების სანდოობას - მათ შორის, მედიაინსტიტუციებისა - გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს მსგავს სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, ნამდვილი პატრიოტები დღეს საქართველოში - პოლიტიკურ თუ მედია სექტორში - იქნებიან ისინი, ვინც დაიცავს ქართული მედიის დამოუკიდებლობას, რადგან ეს მიდის სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის შუაგულთან.

რადიო თავისუფლება: თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ევროპული მედიასაშუალებების მენეჯმენტში. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა შეძლონ ქართულმა მედიასაშუალებებმა დღეს არსებული ზეწოლებიდან თავის დაღწევა?

უვე იეჰანსონი: ამას ორი მთავარი რამ სჭირდება. პირველ რიგში, ძლიერი შეგრძნება ჟურნალისტური ეთიკისა. ეს მოითხოვს, ჟურნალისტებმა თავიანთი პროფესია დაინახონ როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტი დემოკრატიისა; მეორე, მედიამფლობელებმა უნდა გაიაზრონ სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. არიან ისინი საზოგადოებრივი თუ კერძო კომპანიების მფლობელები, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათი მედიასაკუთრება არის იარაღი ინფორმაციის მიწოდებისა, სანდო, ნამდვილი ინფორმაციისა, და არა იარაღი იმისა, რომ პრომოუშენი გაუკეთონ საკუთარ შეზღუდულ და მოკლევადიან ინტერესებს. ორივე ამ ფაქტორის მისაღწევად კარგი დასაწყისი იქნება საზოგადოებრივი განხილვები მედიამდგომარეობისა საქართველოში, რათა საზოგადოებამ დაინახოს ჟურნალისტების სამუშაო სტანდარტების პრობლემები და ტენდენციები, რომლებსაც მედიამფლობელები ამჟღავნებენ სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, მიზნებისა, რომლებიც არ ემთხვევა მათ უმთავრეს მიზანს, რეალური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. მე მჯერა, რომ თუ საზოგადოება სულ უფრო მეტად გააცნობიერებს ამ პრობლემებს, ანუ დაინახავს მათ შიგნიდან, პროფესიულ დონეზე, ეს შექმნის ძალიან ჯანმრთელ ზეწოლას ქართულ მედიაზე, რაც, საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს მედიის მუშაობის ხარისხს და გააძლიერებს მის დამოუკიდებლობას.

ერთი რამ მინდა ვთქვა: საზოგადოების გარდა, გადამწყვეტი ფუნქცია დამოუკიდებელ მედიაში აკისრია პროდიუსერის, რედაქტორის ინსტიტუტს, რომელიც არის შუა რგოლი მედიამფლობელებსა და ჟურნალისტებს შორის და რომელმაც არავის არ უნდა მისცეს უფლება პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა მოახდინოს ჟურნალისტიკაზე. მესმის, რომ ეს ადვილი სათქმელია და რთული შესასრულებელი, მაგრამ ზუსტად ეს არის გასაღები ნამდვილი დამოუკიდებლობისა. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, ეს არის წესი ყოველდღიური მუშაობისა ნებისმიერ სერიოზულ მედიასაშუალებაში.

მე ასევე მგონია, რომ ნებისმიერ მაყურებელს აქვს უნარი დაინახოს მედიაში პრობლემები, თუმცა მგონია, რომ ახლა უკვე პროფესიულ დონეზე უნდა დაიწყოს სახალხო დისკუსიები, რომ ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა მიზეზებით იქმნება პრობლემები.

რადიო თავისუფლება: რა შეგიძლიათ თქვათ მედიაპროდუქციის ხარისხზე, მედიის, როგორც ბიზნესის, კონტექსტში?

უვე იეჰანსონი: რა თქმა უნდა, მედია არის და უნდა იყოს ბიზნესი მათთვის, ვინც არის კომერციული. მათ უნდა მიიღონ ამონაგები თავიანთი ინვესტიციებიდან, და ეს ბუნებრივია. თუმცა კონტექსტს აქ განაპირობებს ის, თუ რაზე ვსაუბრობთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ამბებისა და მიმდინარე პროცესების ასახვასა და საზოგადოებისთვის მიწოდებაზე, როგორც ბიზნესზე, მაშინ ასე შევხედოთ: რა ახდენს საუკეთესო უკუგებას გრძელვადიან პერსპექტივაში? მე მტკიცედ მჯერა, რომ საზოგადოებას გაცილებით ურჩევნია ჰქონდეს სწორი და დამოუკიდებელი ინფორმაცია, ვიდრე ყალბი და შეთითხნილი ახალი ამბავი. ასე რომ, მე მგონია, გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხი კომერციულადაც მომგებიანია. აქედან გამომდინარე, სწორი გზა მგონია გაზარდო შენი მომხმარებლის რიცხვი კარგი და ხარისხიანი მედიაპროდუქციის შეთავაზებით, ვიდრე მისდიო ხანმოკლე ინტერესებს რაიმე მესიჯის გავრცელებისა, რადგან გრძელვადიან სიბრტყეში საზოგადოება არასდროსაა სულელი, საზოგადოება ცნობს ფალსიფიკაციას, როცა ის მას ხედავს. ასე რომ, მე მგონია, ნებისმიერი სანდო წყაროს მთავარი ფუნქცია დღეს საქართველოში არის დაეხმაროს საზოგადოებას კარგად და დროულად გაერკვეს მედიაპრობლემებში, რადგან, როგორც ვთქვით, ეს გახდება ფუნდამენტი მედიამდგომარეობის გამოსწორებისა საქართველოში.
XS
SM
MD
LG