Accessibility links

logo-print

საქართველოს ომის შემდგომი გამოწვევები ახალგაზრდების თვალთახედვით


ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ბრნოში გამართული სემინარის შემდეგ პრაღაში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ესტუმრა

ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ბრნოში გამართული სემინარის შემდეგ პრაღაში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს ესტუმრა

„საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგარი გამოწვევები“ - ასე ერქვა ჩეხეთის ქალაქ ბრნოში 16-20 მარტს გამართული სემინარის ერთ-ერთ სადისკუსიო პანელს, რომელზეც აუდიტორიას საკუთარი თვალთახედვა გააცნეს საქართველოდან ჩამოსულმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. სემინარის დასრულების შემდეგ ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი პრაღაში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსაც ესტუმრა და ბრნოში დაწყებული დისკუსია უკვე ჩვენს სტუდიაში გაგრძელდა.

საქართველოში დრო ორ ნაწილად გაიყო: რუსეთ-საქართველოს ომამდე და ომის შემდეგ. ასეთი სახელწოდებით ბოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უამრავი საერთაშორისო კონფერენცია, სემინარი, ასამბლეა თუ შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემაც თითქმის უცვლელია: „ომის შემდგომი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა თუ მკვლევარებს აინტერესებთ, თუ რას ფიქრობს საქართველოს ყველა ფენის წარმომადგენელი ქვეყნის მომავალზე იმ პირობებში, როცა დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა და როცა რუსეთი უარს ამბობს გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება.

საკუთარი პოზიციის გამოხატვის ჯერი ამჯერად საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე დადგა. „ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში გამართულ სემინარზე ჩვენ მოგვიხდა გვეპასუხა ჩეხი, სომეხი და თურქი ახალგაზრდების მწვავე შეკითხვებზე, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 8 აგვისტოს და რა კეთდება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დასაცავად მრავალეროვნულ საქართველოში“, - ამბობს ანა გაჩეჩილაძე, ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) გენერალური მდივანი.

„ჩვენ ვემხრობით იმას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია და რომ ჩვენ არ ვართ აგრესორები. ეს იყო, უბრალოდ, სახელმწიფოს ვალდებულება დაეცვა თავისი ქვეყანა იმ დიდი აგრესიისაგან, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მოდიოდა. ჩვენ ამ თემაში წარმოვადგინეთ ორასწლიანი წინააღმდეგობა, რომელიც, ფაქტობრივად, იწყება გეორგიევსკის ტრაქტატიდან და ყოველთვის ცდილობდა ქართველი ერი, რომ გაეწია წინააღმდეგობა. ჩვენი ვალი იყო, დაგვენახვებინა ევროპელი საზოგადოებისათვის, რომ ჩვენ არ ვართ ხალხი, რომელიც ადგება და დანებდება თბილისში, საქართველოში, [რუსული] ტანკების შესვლას.“

როგორც გაირკვა, ჩეხეთში გამართულ სემინარზე მყოფი საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დეოკუპაციის საკითხებში სრულიად იზიარებენ და ემხრობიან საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიას - უფრო ზუსტად, დემოკრატიის გაღრმავებას, რეფორმების გაგრძელებას, პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან, მოსახლეობისა და საერათაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულებას. ბრნოში, ჩეხეთში, საერთაშორისო სემინარზე მიწვეული ქართველი ახალგაზრდები ცდილობდნენ ასევე დაერწმუნებინათ სკეპტიკურად განწყობილი ევროპელი თანატოლები, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებები გარანტირებულია და პრობლემატურია მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლის პრობლემა, რომლის მოსაგვარებლადაც რეგიონებში უფრო აქტიური მუშაობა იგეგმება, - ამბობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი ანა კურდღელაშვილი, რომელმაც „ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობაზე საქართველოში“ შესაბამისი მოხსენება გააკეთა:

„არა, მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არის პროგრესი, დიდი პროგრესი არის, პირველ რიგში, ქალაქებში, რადგან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების განცხადებებისა და ინტერვიუების ჩაწერის საფუძველზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პრობლემა არ დგას ცალკე ეთნიკური წარმომადგენლებისათვის. ქალაქში ეთნიკური წარმომადგენლები აწყდებიან ზუსტად ისეთივე პრობლემებს, როგორსაც ნებისმიერი სხვა რიგითი მოქალაქე.“

მე შევეკითხე ჩემს სტუმრებს და ვთხოვე არ მიეღოთ ეს კრიტიკად: ხომ არ აჯობებდა ეთნიკური უმცირესობების საკითხზე მოხსენება გაეკეთებინა თავად საქართველოში მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, რომლის სიტყვებსაც მეტი დამაჯერებლობა ექნებოდა და, უბრალოდ, კარგად წარმოაჩენდა მრავალეროვნული საქართველოს დელეგაციასაც? თუმცა, როგორც ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ვიცე- პრეზიდენტმა თორნიკე მეტრეველმა ამიხსნა, მათ ქსელში გაერთიანებულნი არიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ანალოგიური ხედვა აქვთ საქართველოს დეოკუპაციასა და ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანებაზე. ხოლო იმისთვის, რომ ახალგაზრდა ლიდერების გამოვლენა და მათი მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში კიდევ უფრო გაიზარდოს, YATA-მ უკვე შეიმუშავა რამდენიმე ინკლუზიური პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად:

„დიახ, ჩვენ, ახალგაზრდულ დონეზე, ნატოს საინფორმაციო ოფისთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ მაგ თემაზე. გვაქვს რამდენიმე მიმართულება, რომელზეც ვფოკუსირდებით. ერთ-ერთი არის YATA -ს დებატების კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება მთელი საქართველოს მასშტაბით აირჩნენ საკადრო საინტერესო კონკურსში და, ბოლოს, მიიღონ სტაჟირება საქართველოს პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროინტეგრაციის სამინისტროში, რომლებსაც არა მხოლოდ იდეალებისა და იდეებისათვის უხდებათ ბრძოლა, არამედ თვითდამკვიდრების ფორმადაც შეიძლება ეს იქცეს, რადგან, წარმატების შემთხვევაში, მათ არა მხოლოდ ნატოზე ცოდნა აქვთ, არამედ მათთვის რეალურად კარგი საფუძველი იქნება შემდგომი კარიერისათვის.“

სემინარების დანიშნულება თვალსაწიერის განვითარება, ახალი კონტაქტები და შთაბეჭდილებებია. შესაბამისად, როგორც ჩემმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, ის იდეები, რაც ბრნოს სემინარზე გამართულ დისკუსიებსა და საუბრებში წარმოიშვა, ზოგიერთი ახალი პროექტის საფუძველიც კი შეიძლება გახდეს. მაგალითად, შეიძლება ანალოგიური საერთაშორისო სემინარი ჩატარდეს საქართველოში, ანდა, როგორც ანა კურდღელაშვილმა მითხრა, დაწყებული კვლევები ახალი ინფორმაციით გამდიდრდეს:

„იმავე ჩემს თემაზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, მე ცოტა სხვა კუთხითაც დავფიქრდი, როცა აქ ჩამოვედი და ამ ადამიანებს შევხვდი. მათი შეკითხვებიდან გამომდინარე, შეიძლება სხვაგვარად წარვმართო ჩემი კვლევა, როცა საქართველოში დავბრუნდები.“

ინფორმაციების, იდეებისა და შთაბეჭდილების გარდა, ჩეხეთში, ბრნოში მყოფი ქართველი ახალგაზრდებისათვის სემინარის ყველაზე დიდი შედეგი, ცხადია, ახლად შეძენილი მეგობრები არიან. ანა გაჩეჩილაძე, მაგალითად, დარწმუნებულია, რომ ახლად შეძენილი მეგობრები საქართველოს ინტერესების დასაცავად უფრო აქტიურადაც იმოქმედებენ.

ცხადია, სემინარს არც აღმოჩენის - გნებავთ, დაკვირვების - გარეშე ჩაუვლია. თუმცა დასკვნა ორგვარია - ოპტიმისტურიც და პესიმისტურიც. შესაძლოა, რეალისტური. გააჩნია, თუ ვინ რა კუთხიდან შეხედავს ევროპას და ევროპიდან დანახულ საქართველოს რეალობას.

„ხშირად ქართველ ახალგაზრდებს წარმოდგენა აქვთ რატომღაც, რომ საქართველოდან გასული 5-6 ადამიანი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს სახე წარმოჩნდეს. სამწუხაროდ, მე აღმოვაჩინე ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია განათლების დონით ევროპამდე და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო“,- ამბობს თორნიეკ მეტრეველი, ატლანტიკის ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის (YATA) ვიცე- პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG