Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, უახლოეს ხანში ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ


აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, უახლოეს ხანში ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ - ამის შესახებ ყარაყასში, რუს ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განუცხადა. მისი მეთაურობით აფხაზურმა დელეგაციამ ვენესუელაში, ბოლივიაში, ეკვადორში, არგენტინასა და ჩილეში ვიზიტები დაასრულა. ბოლივიისა და ეკვადორისგან აღიარების მოლოდინი ღვინჯიამ აფხაზეთისადმი ამ ქვეყნების დადებითი დამოკიდებულებით ახსნა. რაც შეეხება არგენტინას და ჩილეს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში აფხაზურმა დელეგაციამ ბევრი საინტერესო კონტაქტი დაამყარა. მაქსიმ ღვინჯიამ რუს ჟურნალისტებს ასევე აცნობა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში დაგეგმილია სერგეი ბაღაფშის ვიზიტი, რომელიც ნიკარაგიუდან დაიწყება. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოსი კი, ღვინჯიას ცნობით, სოხუმში 14 აპრილს ჩავა. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.
XS
SM
MD
LG