Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში მცხოვრები ქართველები საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ


აფხაზეთში მცხოვრები ქართველები რუსი მესაზღვრეების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების მოწყობას აპირებენ. ასეთი გადაწყვეტილება ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, კერძოდ, ოტობაიელებმა, მას შემდეგ მიიღეს, რაც უპასუხოდ დარჩა დე ფაქტო პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მათი წერილი.

სერგეი ბაგაფშისადმი მიმართვაში დაბალი ზონის მოსახლეობა ითხოვდა, რომ მათთვის ხელსაყრელ ადგილებში, კერძოდ, ოტობაია-განმუხურთან, ნაბაკევი-ხურჩასთან და ოტობაია-ორსანტიასთან ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ოფიციალურად დაეშვათ და რუს მესაზღვრეებთან პრობლემები არ ჰქონოდათ, რადგან ცენტრალური ენგურის ხიდით გადაადგილება ამ ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის არახელსაყრელია.

ოტობაიელი ქალი, რომელსაც რადიო თავისუფლება ზუგდიდში ესაუბრა, ფიქრობს, რომ ამ კუთხით დე ფაქტო მთავრობას არანარი ბერკეტი არ გააჩნია, რადგან გადაწყვეტილებებს რუსი ოფიცრები იღებენ. ამიტომ, სოფლის მცხოვრებლები საპროტესტო მშვიდობიან აქციას სწორედ ოტობაიაში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან მოაწყობენ.

”ჩვენ მშვიდობიან აქციას მოვაწყობთ. მთელი სოფელი ერთად ვართ და ვითხოვთ, რომ მოგვცენ უპრობლემოდ გადაადგილების საშუალება. Требуем для перехода маленькую тропинку (ვითხოვთ გადასასვლელად პატარა ბილიკს) - ამას ქაღალდზე ჩემი ხელით დავწერ”, - ამბობს ოტობაიელი ქალი.

შუახნის ქალი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსებამ მათი სოციალური ყოფა კიდევ უფრო დაამძიმა.

”როდესაც აფხაზები იდგნენ თავისუფლად ვმოძრაობდით. ახლა, რუსები დგანან და მაქსიმალურად შეიზღუდა მიმოსვლა. პროდუქტი ხომ გვინდა?! გალში როგორ ვიაროთ, როცა შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, ზუგდიდის ბაზარი უფრო ახლოსაა ჩვენთან, თან ტრანსპორტის პრობლემაც ნაკლებია”, - აღნიშნა რესპოდენტმა.

რამდენად უსაფრთხო იქნება ოტობაიაში გამართული საპროტესტო აქცია და ექნება თუ არა მას შედეგი? - ამ კითხვით მიმართა რადიო თავისუფლებამ ზუგდიდში, აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელს თორნიკე კილანავას.

”ადამიანს ყოველთვის აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, მით უმეტეს, როცა მშვიდობიანი აქციაა. ოტობაიელებსაც აქვთ ამის უფლება, მაგრამ საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ აქციის მოწყობას მაინც არ ვურჩევდი ოტობაიელებს, რადგან, შესაძლოა, ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. რამდენად შედეგიანი იქნება აქცია, პროგნოზის გაკეთება მიჭირს”, - დასძინა კილანავამ.

აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში განმარტავენ, რომ საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ აქციები ოკუპირებულ რეგიონში არაერთხელ გამართულა და ასეთი გამოსვლები ყოველთვის იქნება, ვიდრე ბოლო რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებს.
XS
SM
MD
LG