Accessibility links

სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 30 მოქალაქე დააკავეს


სოფელი საბერიო

სოფელი საბერიო

დღეს აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ საბერიოს 15 მკვიდრი დააკავეს.

ეს ფაქტი რადიო თავისუფლებას უშუალოდ საბერიოდან ტელეფონით დაუდასტურა სოფლის მცხოვრებმა, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა. რესპონდენტის ცნობით, მიკროავტუბუსი, რომელშიც 15 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ, გალის რაიონიდან ზუგდიდისკენ მიემგზავრებოდა.

”დაკავებულები ჩემი მეზობლები არიან, მაგრამ მათ სახელსა და გვარებს ვერ ვიტყვი. მძღოლი ჩემი ნათესავია. შემოვლითი გზით მიდიოდნენ და იქ, ტყეში ყოფილან ჩასაფრებული რუსები. როცა გამოვიდა ავტობუსი, იქვე დაიჭირეს. მგზავრები ტვირთიანად თავიანთ შტაბში წაიყვანეს. მობილურები ყველას გამორთული აქვს, ვერ ვუკავშირდებით”, - ამბობს რესპონდენტი.

საბერიოელი ქალბატონის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა გაათავისუფლეს მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელსაც მშობლების საბუთების მიტანა მოსთხოვეს. დანარჩენები კი, სავარაუდოდ, გალში გადაიყვანეს.

აფხაზეთიას დევნილი მთავრობის ინფორმაციით, დღეს რუსმა მესაზღვრეებმა კიდევ ერთ, ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საზღვართან 15 მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურსათი ზუგდიდის ბაზარში გასაყიდად გადაჰქონდათ.

”მათაც წაართვეს ტვირთი და გალში წაიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ ზოგიერთებს”, - ამბობს თორნიკე კილანავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა ვარაუდობს, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ 30-მდე მოქალაქეს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG