Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად საქართველოში - ქართული მოდის კვირეული


ქართული მოდის პირველი კვირეული 26-29 მარტს თბილისში, ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში, გაიმართა. ქართველმა, უკრაინელმა, ფრანგმა და იტალიელმა მოდელებმა 18 დიზაინერის ნამუშევრები წარადგინეს. გარდა ქართველი დიზაინერებისა, საქართველოში საკუთარი კოლექციები ჩამოიტანეს ესპანელმა და ფრანგმა დიზაინერებმა.

ქართული მოდის კვირეულს უცხოელი კრიტიკოსები პოზიტიურად აფასებენ. კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ახალი სახელების წარმოჩენა, მიღწეულია. რამდენიმე ახალბედა ქართველი დიზაინერის კოლექცია მოდის კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მოექცა. ორგანიზატორები ქართული მოდის კვირეულის გარშემო რეცენზიებს უცხოურ გამოცემებში უახლოეს მომავალში ელიან.

ბოლო შტრიხები სწორდება როგორც მოდელებზე, ასევე დარბაზში. 27 მეტრიანი სცენა ჯერჯერობით ცარიელია. ე.წ. ბექსტაიჯში, ანუ იქ, სადაც დიზაინერები მოდელებს საკუთარ ნამუშევარს არგებენ, სრული შემოქმედებითი ქაოსია. კედებსა და ჯინსებში გამოწყობილ მოდელებს რამდენიმე წუთში მინიმუმ 10 სანტიმეტრიან ქუსლებზე მოუწევთ შედგომა. მოდელების ინტერვიუზე დათანხმება არც ისე ადვილია - მით უმეტეს მაშინ, როდესაც სტილისტი ვარცხნილობას უსწორებს, ვიზაჟისტი მაკიაჟს, დიზაინერი კი ბაფთას:

19 წლის ანა კოვაჩი ჩვენებისთვის ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გამოცდილი მოდელია და სხვადასხვა ქვეყნებში არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მოდის კვირეულებში, ამბობს, რომ ქართული მოდის კვირეული მისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. ეს ყველაფერი საქართველოში პირველად ხდება და ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოიყენოს:

“ქართული მოდის კვირეული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ ძალიან ბევრი კარგი დიზაინერი და საუკეთესო მოდელი იღებს მონაწილეობას. მიხარია, მათ შორის რომ მოვხვდი.”

ქართველი, ესპანელი და ფრანგი დიზაინერების - სულ 18-ის - კოლექცია ქართული მოდის კვირეულზე 50-მა მოდელმა წარადგინა. მათ შორის 36 ქართველია, 12 - უკრაინელი, ერთი - ფრანგი და ერთიც - იტალიელი. კვირეულის ფარგლებში, დიზაინერებმა 2010 წლის გაზაფხულ-ზაფხულის ოტ კუტიუ და 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის პრეტ-ა-პორტე წარადგინეს. შავი ფარდებით ჩაბნელებულ შუშის პავილიონს დიზაინერები პასტელის ფერებით აფერადებენ. ქართველი დიზაინერების ძირითადი ნაწილი ახალბედაა. მთავარი ემოციური დატვირთვაც სწორედ მათზე მოდის. მით უმეტეს, რომ საფრანგეთიდან მოწვეული კრიტიკოსები პირველ რიგში სხედან და თითოეულ დეტალს ფურცელზე ინიშნავენ.

ბეატრის მანსონი მოდის კვირეულის ფრანგი პარტნიორია. როგორც ქართული მოდის კვირეულის ორგანიზატორები გვიხსნიან, მისი მონაწილეობით არაერთი გრანდიოზული პროექტი, მათ შორის, პარიზისა და ათენის მოდის კვირეულები და ისეთი ცნობილი სახლების დეფილეები იმართება, როგორიც არის ლოლიტა ლემპიკა, ლაროშე და სხვ. მანსონი მედიასთან საუბრისას ქართული მოდის კვირეულს საკმაოდ დადებითად აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად დიზაინერთა საკმაოდ მცირე ასაკისა, მათი შესაძლებლობები აშკარად დიდია:

“იმის გათვალისწინებით, რომ ქართული მოდის კვირეული პირველად ჩატარდა, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ყველა დიზაინერის ნამუშევარში იყო რაღაც კარგი და განსაკუთრებული. ზოგიერთს, რა თქმა უნდა, ცოტა მეტი მუშობა სჭირდება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან და ეტყობათ, რომ ძალიან მოინდომეს და მართლაც დიდი შრომა გასწიეს. რაც შეეხება საორგანიზაციო მხარეს, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სტუმარი ამ მხრივ ძალიან კმაყოფილია.”

ლელა ელოშვილი და თეონა გარდაფხაძე სწორედ ის ახალგაზრდა დიზაინერები არიან, რომელთა ჩვენებამ როგორც ქართველი მაყურებლის, ასევე ფრანგი კრიტიკოსების ოვაციები დაიმსახურა. ჩვენ არაფერი გვესმოდა, ისე ვნერვიულობდითო, ამბობენ დიზაინერები, რომლებმაც კოლექცია ატელი ინფორმალის სახელით წარმოადგინეს და საზოგადოებას დედამიწის, კოსმოსისა და ადამიანის მარადი თემა შესთავაზეს:

”ძალიანმიხარია, იმიტომ რომ შრომა დაგვიფასდა. არასდროს ველით განსაკუთრებულს, მაგრამ ეს წარმატება ჩვენთვის მართლა ძალიან დიდი სტიმულია, რომ შემდეგში კიდევ უფრო კარგი კოლექცია გავაკეთოთ.”

21 წლის დიზაინერმა ბიჭოლამ, იმავე ანზორ თეთრაძემ, რომელმაც ქართული მოდის კვირეულზე წარადგინა კოლექცია, სახელწოდებით ”კამეას გულსაბნევი”, ამბობს, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება, საზოგადოება საკუთარი ნამუშევრით აღეფრთოვანებინა:

ბექსტაიჯში შემოვიდნენ და მილოცავდნენ, ჩემი ასაკი არ სჯეროდათ. რა თქმა უნდა, უცხოელი კრიტიკოსების აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართველი მაყურებლის აზრი, რადგან, მიუხედავად საქართველოში მოდის ინდუსტრიის ნაკლებგანვითარებისა, აქ მაინც საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულნი მოდის შესახებ.”

ამ ნაბიჯით საქართველოში მოდა ჩამოყალიბდება როგორც ბიზნესი, ამბობს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი, და ორგანიზატორების მიზანიც სწორედ ეს იყო. სულ მალე ჩვენ ვიამაყებთ იმით, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე გავა.

ქართული მოდის კვირეულის შექნის იდეა უკვე რამდენიმე წელია არსებობს, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბაკა ბახტაზე, კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, და იქვე ამატებს, რომ პროექტი არა მხოლოდ კომერციული, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროც გახლავთ. მაკა ბახტაძე სიხარულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მოდის კრიტიკოსებმა და უცხოური მედიის წარმომადგენლებმა ქართული მოდის კვირეულს ორგანიზების თვალსაზრისით მაღალი შეფასება მისცეს:

”უკვე საერთაშორისო მოდის კვირეულზე ვართ მიბმულნი და ქართული მოდის კვირეული საერთაშორისო ხასიათს ატარებს. ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ვიცი, რომ უცხოელი კრიტიკოსები არც კი ელოდნენ ასეთ დონეს არც წამყვანი დიზაინერებისგან და არც ახალბედებისაგან.”

როგორც ქართული მოდის კვირეულის ორგანიზატორები აღნიშნავენ, კვირეულის შექმნის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი ახალგაზრდა დიზაინერების ბაერებისათვის, ანუ იმავე მყიდველებისათვის, კრიტიკოსებისა და საზოგადოებისათვის წარდგენა იყო. მათი თქმით, მიზანი, გარკვეულწილად, მიღწეულია. რამდენიმე დიზაინერის კოლექცია მთლიანად გაიყიდა. ქართული მოდის კვირეული რომ აუცილებლად გაგრძლდება, ამაში ეჭვი არვის ეპარება. როგორც ამბობენ, ქართული მოდის კვირეული ძალიან მალე მოდის საერთაშორისო ინდუსტრიის სრულფასოვან სუბიექტად ჩამოყალიბდება.
XS
SM
MD
LG