Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 2 აპრილი 2010

  • ნიკო ნერგაძე

“კავკასიას თანდათან ცეცხლის ალი ედება” - ასე ასათაურებს დღევანდელი ”რეზონანსი” თავის მოწინავე სტატიას. ”ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობა ყოველდღე მატულობს. რუს ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამშაბათის მოსკოვის ტერაქტების შემდეგ რუსეთი გადამწყვეტი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ”ეს შესაძლოა უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი იყო. მოსკოვის აფეთქებებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფედერალური ძალების გააქტიურებას კი უკვე ახალ კავკასიურ ომად უფრო განიხილავენ, ვიდრე მორიგ ტერაქტად.”

საქართველოს ამბებს რომ მოვუბრუნდეთ, ”რეზონანსშივე” ნახავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბართან. ის თავის შეთავაზებაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ, მიუხედავად არაერთგვაროვანი რეაქციებისა, შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია და ის ამისათვის ბოლომდე აპირებს ბრძოლას. ”გაგახსენებთ ფილმს ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, სადაც მთავარი გმირი ცდილობს ლოდის მოგლეჯას და ვერ ახერხებს, შემდეგ კი ამბობს, მე ხომ ჩემი ვცადეო. მერე ვიღაც სხვა მოდის და ის სხვა მოგლეჯს ამ ლოდს. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ არ შედგა შეთანხმება, ამ შეცდომას მომავალში მაინც გაითვალისწინებენ.”

სუბარის გადაწყვეტილებაზე კომენტარს კი ”ახალ თაობასთან” საუბარში ალიანსელი მამუკა კაციტაძე აკეთებს. ჟურნალისტის რემარკაზე, სუბარის გადაწყვეტილება იმიტომაც გახდა მოულოდნელი, რომ მანამდე „ალიანსმა“ გამოაცხადა, კონსულტაციები დახურულია და განხილვას არაფერი ექვემდებარებაო, მამუკა კაციტაძემ თქვა:”პოლიტიკა არის დინამიკური. ამ დინამიზმიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ შევქმენით დამატებითი შეთავაზება.”

”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ ინტერვიუს მწერალ ელიზბარ ჯაველიძესთან, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. სხვადასხვა პოლიტიკოსების შეფასებისას მან თქვა: ”ჩემთვის კრიტერიუმი ასეა მოწყობილი: თუ ეს ხელისუფლება გაგინებს, შენ ხარ კარგი კაცი, ხოლო თუ გაქებს, ხარ ნაგავი! თუ სააკაშვილი გაძლევს ღირსების ორდენს, ესე იგი უღირსი ხარ.”
XS
SM
MD
LG