Accessibility links

logo-print
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩვეულებრივ ვითარებაშიც კი არ იყო ცხოვრება უსაფრთხო, ორშაბათს მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ კი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ნამდვილ ზღვარზე არიან.

მახაჩყალელი უზლიპატ გებეკოვა, რომელიც მოსკოვში ოქრომჭედლობას სწავლობს, შიშით ფიქრობს იმაზე, თუ რა ჩაიცვას, როცა სასწავლებელში ან შეხვედრებზე მიდის. მისი თქმით, არ სურს, რომ ვინმემ ჩაცმულობით იმ თვთმკვლელ ქალებს მიამსგავსოს, რომლებსაც, გამოძიების თანახმად, გრძელი შავი კაბები ეცვათ და რომლებმაც, კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად, 39 მგზავრი მოკლეს.

„ჩვენთვის ვითარება ძალიან სახიფათოა. თავშალის ტარება სარისკოა. კაბის ტარებაც კი, ვფიქრობ, სახიფათო იქნება. უკეთესია შარვალი ვატაროთ. მოსკოვში ჩამოსვლა - ბიზნესის, განათლებისა თუ მკურნალობისათვის - ამ ვითარებაში სახიფათოა.“

როგორც მომდევნო დღეებმა აჩვენეს, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების შიში სრულიადაც არ ყოფილა უსაფუძვლო. მოსკოვში არსებულმა „სოვას“ ცენტრმა ძალადობისა და შეურაცხყოფის ხუთი ფაქტი აღრიცხა. მათგან სამ შემთხვევაში მოძალადეები თავს დაესხნენ ქალებს, 17 წლის სომეხ გოგონას და ორ მუსლიმან ქალს, რომლებსაც კაბები ეცვათ. „სოვას“ ცენტრის დირექტორის მოადგილე გალინა კოჟევნიკოვა ვარაუდობს, რომ თავდასხმების ფაქტები უფრო მეტი უნდა იყოს - უბრალოდ, დაზარალებულები ვერ ბედავენ ოფიციალურად ჩივილს, სამართალდამცველები კი უხალისოდ ეკიდებიან ასეთ ფაქტებს:

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არასლავური გარეგნობის ადამიანები ამ დღეებში არ გამოდიოდნენ ქუჩებში, რადგან ერიდებოდნენ თავდასხმებს პანიკურად განწყობილი ადამიანების მხრიდან.“

მას შემდეგ, რაც მოსკოვსა და ყიზლარში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენ მეამბოხეთა ლიდერმა დოკ უმაროვმა აიღო და დაიმუქრა, რომ თავდასხმები რუსეთში შემდგომშიც გაგრძელდება, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შიშობენ, რომ „ჯოხი მათზე გადატყდება“. როგორც მოსკოვში მცხოვრები ტაჯიკური თემის ლიდერი აბდულო დავლათოვი ამბობს, ატმოსფერო მოსკოვში ძალიან დაძაბულია:

„ჩვენი თანამემამულეების განწყობა მოსკოვში ძალიან დეპრესიულია. ადამიანები შიშში არიან და გარეთ ნაკლებად გადიან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავდეთ ორი დღის წინ დაგეგმილი შეხვედრა. პოლიცია უფრო ხშირად ამოწმებს დოკუმენტებს, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია არავითარი საჩივარი სკინხედების და ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმების შესახებ.“

ამ ვითარებაში რუსეთის ხელისუფლება არანაირ ტოლერანტულობას არ ამჟღავნებს. პირიქით, პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ისევ აცხადებს, რომ ტერორისტებს „კანალიზაციის ხვრელში მიაგნებენ და გაანადგურებენ“. 11 წლის წინ იგი იმუქრებოდა, რომ მათ „საპირფარეშოებში ჩახოცავდა“. ამ ფონზე კუდიანებზე ნადირობის განცდა ძლიერდება მოსკოვში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში. მათ შორის არიან ქართველებიც, რომლებსაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც არ ჰქონიათ იოლი ცხოვრება. სამი დღის წინ კი რუსეთის უშოშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა აფეთქებების ორგანიზებაში „ქართული კვალიც არ გამორიცხა.“ ჯონი კვარაცხელია, მოსკოვში არსებული ქართული სათვისტომო „ლაზარეს“ პრეზიდენტი, ამბობს, რომ საფრთხე მოსკოვში მცხოვრებ ყველა კავკასიელს ემუქრება:

„ კავკასიელი ხალხი კავკასიელი ხალხია. აქ ვერავინ გაარჩევს, ვინ არის ჩეჩენი, ინგუში, ქართველი თუ აფხაზი. ქართველები, ისევე როგორც ყველა კავკასიელი, შიშობენ მომდევნო ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რა მოხდება შემდგომში.“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG