Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჩეჩილაძე და სუბარი გაუდგნენ გზას ”დიდი შეთანხმებისკენ”


სოზარ სუბარი, ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთერთი ლიდერი
სოზარ სუბარი, ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთერთი ლიდერი
სოზარ სუბარის ინიციატივის საფუძველზე, გარკვეული ოპოზიციური ძალები საერთო ენის გამონახვას შეეცდებიან. წინასწარვე გარკვევით ითქვა, რომ ამჯერად მიზანს წარმოადგენს არა ”ოპოზიციური ერთობის” შექმნა, არამედ შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ „ალიანსის“ ფორმულა ”ყველას მინუს ნოღაიდელი” ამ შემთხვევაში ვეღარ შეაფერხებს მოლაპარაკების პროცესს. ამ პროცესს, 1 აპრილს მიღწეული ბევრისთვის მოულოდნელი შეთანხმების მიხედვით, სათავეში ჩაუდგებიან გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე. სად ხედავს გაჩეჩილაძე თავის ადგილს მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში და რამდენად დიდია ”დიდი შეთანხმების” მიღწევის შანსი?

”დიდი შეთანხმების” მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესს სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე, სავარაუდოდ, 3 აპრილს დაიწყებენ. შეთანხმება უნდა შედგეს 3 ძირითად საკითხზე, რაც უკავშირდება: თბილისის მერობის კანდიდატურას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებას ოპოზიციურ პარტიებს შორის.

ინიციატივა, როგორც ვიცით, გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის”
ეს არის თანხმობის ფორმულა და არა ერთიანობის ფორმულა... ამიტომ მინუს ერთები, პლუს ერთები და მინუს შვიდები ამ კონტექსტში არ არის რელევანტური
თანათავმჯდომარეს სოზარ სუბარს ეკუთვნის, რომელმაც სწორედ ამ ”დიდი შეთანხმების” გამო თქვა უარი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე. სუბარის გადაწყვეტილებას უერთდებიან ალიანსის სხვა ლიდერებიც. დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი განმარტავენ, რომ მოლაპარაკებათა პროცესში სოზარ სუბარი სწორედ “ალიანსის” სახელით ჩაებმება. თუმცა არსებობს ერთი მთავარი პირობა - მოლაპარაკებების პროცესში ჩართულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ მერობის კანდიდატად ალიანსის კანდიდატი - ირაკლი ალასანია - უნდა აღიაროს.

წინასწარი ინფორმაციით, სოზარ სუბარი დაელაპარაკება მრეწველებს, კონსერვატორებს, ხალხის პარტიას და ეროვნული საბჭოს კიდევ ერთ მამოძრავებელ ძალას, ნოღაიდელის პარტიას ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. არ არსებობს საფრთხე იმისა, რომ “ალიანსის” მიერ შექმნილი ფორმულა -”ყველას მინუს ნოღაიდელი” - ამჯერადაც ამოქმედდება და ეს 2 აპრილს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დაადასტურა:

”ეს არის თანხმობის ფორმულა და არა ერთიანობის ფორმულა... ამიტომ მინუს ერთები, პლუს ერთები და მინუს შვიდები ამ კონტექსტში არ არის რელევანტური.”

სამაგიეროდ, ამჯერად გარკვეული პრეტენზიები აქვს თავად ეროვნულ საბჭოს. მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ირაკლი ალასანიას პირველობის აღიარების წინაპირობას ერთგვარ მიუღებელ ულტიმატუმად აღიქვამენ. ეროვნული საბჭო მზად არის ყველა შესათანხმებელი საკითხი განიხილოს, მაგრამ არა ”ულტიმატუმების” თანხლებით. როგორც საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი, კონსერვატორი კახა კუკავა, განმარტავს, თბილისის მერის საერთო კანდიდატის ძებნის პროცესი დასრულებული სულაც არ არის:

”ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს, რასაც აჩვენებს სოციოლოგიური გამოკითხვა და ამ სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა არის შესაძლებელი და ღია ნებისმიერი დაინტერესებული კანდიდატისათვის.”

დღეს ირაკლი ალასანია არის არა მხოლოდ „ალიანსის“ კანდიდატი, არამედ არის საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრის კანდიდატი, როგორიც არის დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები...
იმას, რასაც ეროვნული საბჭო ულტიმატუმს უწოდებს, ოპოზიციური ძალების გამარჯვების ერთადერთ შანსად თვლიან „ალიანსის“ წარმომადგენლები და, მათ შორის, სოზარ სუბარიც. ის მზად არის მოლაპარაკებების პროცესში განიხილოს თუნდაც ყველაზე მიუღებელი იდეები, მაგრამ შეუძლებლად მიიჩნევს ირაკლი ალასანიას საკითხის გადახედვას:

”... სწორედ იმიტომ, რომ დღეს ირაკლი ალასანია არის არა მხოლოდ „ალიანსის“ კანდიდატი, არამედ არის საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრის კანდიდატი, როგორიც არის დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები... და, ბუნებრივია, პირადად მე და „ალიანსს“ არა გვაქვს არანაირი უფლება, რომ მათ იმედი გავუცრუოთ... თანაც, ეს არის კანდიდატი, რომელსაც აქვს დღეს გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი.

„ალიანსის“ ასეთ პოზიციას არ იზიარებენ მრეწველები, რომლებსაც მერის პოსტისთვის საკუთარი კანდიდატი - გოგი თოფაძე - ჰყავთ. თუმცა პარტია ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მაინც აპირებს მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას. სამაგიეროდ, ცივი უარია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მხრიდან. პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე მიმდინარე პროცესს უწოდებს ”კინოს”, რომელიც ერთი და იმავე ხალხის მონაწილეობით უკვე ძალიან ბევრჯერ აქვს ნანახი.

რაც შეეხება თავად ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც ”დიდი შეთანხმების” მიღწევის გზაზე სოზარ სუბარის მხარდამხარ ივლის, ის ამ ეტაპზე უარს ამბობს როგორც მერობაზე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეობაზე. მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი მზად არის მომავალ პოლიტიკურ ბრძოლაში დადგეს ზუსტად იმ ადგილას, რომელსაც მას ”დიდი შეთანხმება” მიუჩენს - თუნდაც ეს იყოს ”რიგითი ჯარისკაცის” როლი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG