Accessibility links

logo-print
21 თებერვალი, კვირა
ჩემთვის კვირადღე ღამის 12 საათზე დაიწყო. მეგობრებთან ერთად ქოზიფას მონასტერში ვარ. ტიპიკონით ამ დროს ღამის ლოცვა იწყება. ვეზიარე. სასიამოვნო სიმშვიდე დამეუფლა. დილის 5 საათზე საძვალეში ჩავედით - დათოს არ ენახა და ვერ ითმენდა, ისე აინტერესებდა. საძვალეში 200-მდე თავის ქალა და სხვა წმინდა ნაწილებია, ქვის აკლდამები სავსეა. ზოგ თავის ქალას შუბისგან დატოვებული ნახვრეტი აქვს, ზოგს - ნახმლევი ნაპრალი.
ქოზიფას მონასტერს სახელოვნებო და სამეცნიერო წრეებში ტყემლოვანას სახელით იცნობენ. მე-14 საუკუნის სამონასტრო კომპლექსია. აქ დიდი შემოსევები იყო და მონასტრის ბერ-მონაზვნებს ასე უსწორდებოდნენ. დათო სუნთქვაშეკრული, გაფაციცებით აკვირდება ყველაფერს. მეც ასეთივე განცდა მქონდა პირველად. ხშირად მეუფე იობი და მამა ესაია ამ საძვალეში წირვას ატარებენ. დგახარ ამ წირვაზე და სრული განცდა გაქვს, რომ მტრისგან მოკლული შენი წინაპარი და შენ ერთად დგახართ, ერთად ფიქრობთ, ერთად ღმერთს შესთხოვთ... დრო ქრება და მეფსალმუნე გახსენდება: „ათასი წელი, უფალო, თვალთა შენთა, ვითარცა გუშინდელი დღე...“

11-ზე ტრაპეზია - მწვანილი, ლობიო, ჩაი... ყველაფერს მადლიანი გემო აქვს. საერთოდ, ქოზიფა გამორჩეულია ძამას ხეობის მონასტრებს შორის. თამამად შეიძლება დედა მონასტერი დავარქვათ რუის-ურბნისის ეპარქიაში. სხვა მონასტრებში აქედან იგზავნება უკვე გამოზრდილი მედავითნეები, დიაკვნები, ბერები... ამიტომაც ძალიან მომწონს რეზო ჯანაშიას პროექტი ქოზიფას მონასტრის განვითარების შესახებ. როცა პროექტი ავუტანე, მამა ესაიას თვალები გაუბრწყინდა, შემდეგ იანგარიშა და - ძალიან ბევრი ფული დასჭირდებაო. ვიცი. მთავარია, მოეწონა. მეუფისგან კურთხევა თუ აიღო, ასეთები აუშენებიათ?!
წამოვედით. დათო და თემური მეხუმრებიან „რაზგონით“ ჩადი დაღმართზეო. გუშინ, ამოსვლისას, ისეთი სისწრაფით ამოვიარე ციცაბო აღმართი, ჩემი „ეკიპაჟის“ სამივე წევრს - დათოს, თემურას და ლასიკოს - თავზე კოპები თუ არა, სისხლჩაქცევები მაინც ექნება.
თბილისში ჩამოვედით. კახას დავურეკე. გუშინდელი კონსულტაციები დღეისთვის გადმოუტანიათ. ასეა, როცა მონასტერში მივდივარ, ხელი არაფერზე მეშლება.
საღამოს კონსერვატორები ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრაში, რომელზეც ოპოზიციური დიდი ერთობის შესახებ ვიმსჯელეთ და გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. ღამის 3 საათზე დავიშალეთ.

22 თებერვალი, ორშაბათი
დილის 8 საათზე ვაჩე მაღვიძებს. რაც ელენე გაჩნდა ჩვენს ოჯახში, ცოტათი ეჭვიანობს. რა ქნას, წლინახევრისაა და დედა თავისთვის უნდა. როცა მის დაიკოს აჭმევენ, ეფერებიან, ბუზღუნს იწყებს. მიეჩვია და ყოველ დილით ჩემთან შემოძვრება ხოლმე, ჩამეხუტება თავისი პატარა თათებით და იძინებს. ამ დროს ვხვდები, რომ ბედნიერი კაცი ვარ. ჭკვიანური ნათქვამია, ბედნიერება არ არის მუდმივი მდგომარეობა, ბედნიერების წამების დაჭერა უნდა შეგეძლოსო. ხშირად ვხედავ, ჩემი მძინარე ბიჭები კიტრებივით რომ ყრიან საწოლში და... შემიძლია ვიდგე და ვუყურო. ეკა მახსენებს, სანდროს ექიმს უნდა შევეხმიანო. ჩემს 03-ს - სანდროს - ენა აქვს დაბმული: „ლ“-ს და „რ“-ს ვერ ამბობს. ვიცინით, ენადაბმული ძიძიგური ანომალიაა! ენის ქვემოთ რაღაც ძაფი აქვს გასაჭრელი. სანდრო სულ მეხვეწება, ექიმთან წავიდეთო. მას მაგარი თუ რბილი „რ“-ს პრობლემა არ აწუხებს. რამდენიმე დღის წინ ჩემმა დამ დემნა და სანდრო კბილის ექიმთან წაიყვანა და მათი საარაკო მოთმინებით აღტაცებულმა ექიმმა ბავშვებს სათამაშოები აჩუქა. აქაც იმავეს ელოდება ჩემი სანდრო-ბანდო.
12-ზე ოფისში მივდივარ. გაზეთებში ერთი ამბავია ატეხილი ოპოზიციის შესაძლო გადაჯგუფების ვარიანტებზე. აქტიური ქოთქოთია! სამწუხაროდ, კვალიფიციური ჟურნალისტების დიდი დეფიციტია. ექსპერტები დასკვნებს აკეთებენ - მტრისას! სულ მაინტერესებს, ამ ექსპერტების უმრავლესობას ვინ აძლევს კურთხევას ექსპერტიზების კეთებაზე? თუ საკმარისია, შუბლშეჭმუხნილმა რაიმე მძიმედ თქვა და ექსპერტობაც გარანტირებული გაქვს?!
4 საათზე ალასანია განცხადებას აკეთებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის თაობაზე. დიდი ჟრიამული დაიწყო.
7-ზე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში კონსერვატორების პოზიცია დავაფიქსირე - დიდი ოპოზიციური ერთობა პრაიმერის გზით. სასაცილოა, როცა პრაიმერს „რუსულ პროექტს“ ეძახიან. კონსერვატორები 2004 წლის შემდეგ პარტიულ სტრუქტურებს პრაიმერით ვალაგებთ, უბრალოდ, ახლა ასეთი კონიუნქტურა შემოაგდო ხელისუფლებამ.
ისევ ოფისი, ხვალინდელი გეგმები. კახა კომპიუტერთან. მთელს მსოფლიოში ობობასავითაა მოდებული. შეუძლია, 24 საათი იმუშაოს. პოლიტიკაში ცოტაა ასეთი შრომისმოყვარე და ნიჭიერი კაცი! ყველა ინფორმაცია მივიღე: კოლეგებისგან, ინტერნეტით, ჟურნალისტებისაგან... 12-ზე სახლში ვარ. დიდ-პატარას - ყველას სძინავს.

23 თებერვალი, სამშაბათი
დილით გიორგი მთხოვს, გემი ავაწყოთ, როცა მოიცლიო. თანახმა ვარ, თუ შენ არ გეძინება-მეთქი. წინა კვირას ვაწყობდით, 5-6 რაუნდი დაგვჭირდა, ბოლომდე გასულები არ ვიყავით, თაროდან ჩამოუვარდათ და ყველაფერი თავიდან ასაწყობი გაგვიხდა.
მარინამ ორი ცალი სკოლაში წაიყვანა, სანდრო და ვაჩე სახლში დახტიან და ჭყივიან. ელენე პატარა მუთაქასავით კი არ წევს - საყვარლად დევს (პლაგიატია დოჩანაშვილისაგან). 10 თებერვალს დაიბადა. პატარა წითელ თაგუნას ჰგავდა, ახლა ცოტათი მოფერიანდა. ჩვილობისას არც ერთს არ მოვფერებივარ - არ მომწონდნენ. ეს მომწონს და ჩემს თავს ვუტყდები - ყველაზე მეტად მიყვარს! სახლში შეთანხმება გვაქვს მე და ეკას შვილებთან - ყველას ყველაზე პატარა ყველაზე მეტად გვიყვარს...
ფოსტას ვნახულობ. კობას ეკლესიის ახალი ფოტო გამოუგზავნია. შევთანხმდით, რომ ლორფინების მთავარი ლილვი გამოკვეთილად უმეტესი უნდა იყოს. ასეთი ვარიანტი მომწონს. ვურეკავ. კარგია, ასე გავაგრძელოთ. გუმბათის კარნიზებზეც შევთანხმდით - ოთხი სხვადასხვა ორნამენტი ერთმანეთში გადაიწვნება. 1990 წელს დაწყებული ტაძრის მშენებლობას ჩემს მშობლიურ რაიონში, სამტრედიაში, ალბათ, ერთ წელიწადში დავამთავრებთ. დიდია, გელათისხელა. რაც პატიმრობაში მე და ჩემმა ძმამ - კობამ - საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში განათლება მივიღეთ, აქ ძალზე გამოგვადგა. ექსტერიერში ლომები ვართ, ინტერიერში - ნაკლებად. კანკელის, ბაზისების და კაპიტელების გადაწყვეტაზე კოკი დადიანი უნდა დავიხმარო. სუფთა კაცია, დაუზარელი, თანაც - მაღალი დონის პროფესიონალი. ციხეში ჯდომა მარტო იმიტომ ღირდა, რეზო ჯანაშია, კოკი დადიანი და ქეთი აბაშიძე მაჩუქა ღმერთმა მეგობრებად.
ოფისში 13 საათზე მივედი. ყველას კომენტარი უნდა ერთობაზე. კი, ბატონო, სიამოვნებით. რესპუბლიკელები და ახლები აშკარად გაღიზიანებულნი არიან. მწყინს. იმედი მაქვს, მაინც ერთად ვიქნებით. მიჩვეული ვარ, თუ რამე ჩემთან ცუდად მიდის, მიზეზს სხვაგან არ ვეძებ და ვცდილობ, კატეგორიული მარტო ჩემს თავთან ვიყო. ეს ძალიან მეხმარება. საღამოს კახასთან ვართ დაპატიჟებულები ლობიოზე და ღომზე.
მთელი დღის დამშეულებმა მთელი ქვაბი ლობიო შევუჭამეთ!
...ხვალ ჭადრაკის სასახლეში საზოგადოება შეიკრიბება ერთობის მხარდასაჭერად. ჰოდა...

24 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს მე, თემური და მარინა ვშიმშილობთ, უფრო სწორად, მძიმედ ვმარხულობთ. ვსვამთ მარტო წყალს. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამდენი პოლიტიკური შიმშილობის შემდეგ ჩვეულებაში გადამივიდა. მამა ესაიასათვის ნათქვამი მაქვს, რომ მარხვაშიც და ხსნილშიც ოთხშაბათს მძიმედ ვმარხულობ. თემური ამ „პროექტის“ მთავარი ინსპექტორია. როცა მსგეფსია ან რომელიმე საეკლესიო დღესასწაული, საზეიმო სახით მიცხადებს, დღეს მძიმედ მარხვა არ შეიძლება, ურჯულოები ხომ არა ვართო. ამაზე ვხალისობთ. თემური სეპარატისტი რაჭველია, სიგიჟემდე უყვარს რაჭა, ყველაფერი რაჭული და ჩემს ნათლულს - ლასიკოსაც - იგივე აბოდებს. თბილისში დაბადებული და გაზრდილი კაცი რაჭაშიც და თბილისშიც რაჭველების მთავარსარდალია.
ჭადრაკის სასახლე გადაჭედილია. ერთობის ფორმულა ყველას სხვადასხვაგვარად წარმოუდგენია. დიდი მუხტია ძალიან! ლევანმა გამოსვლისას იტირა. დათო მაღრაძესაც აუწყლიანდა თვალები. ვიცი, ასეთი მუხტი უკვალოდ არ დაიკარგება. დიდი ერთობა გამოვა და ადგილობრივი არჩევნები ხელისუფლებისათვის უზარმაზარი პრობლემა გახდება.
ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლება დასაბმელი გახდა. ყველა ჩვენს კრიტიკაზეა გადასული. იმედია, ოპოზიცია დაწყნარდება, ხელისუფლებას კი ასეთი პიარი აქვს დაგეგმილი. გვიან ღამემდე შემდეგ ნაბიჯებს ვგეგმავთ.

25 თებერვალი, ხუთშაბათი
დილით ისევ ვაჩე მაღვიძებს. მამიდამისთან იწვა და გამოეპარა. ჟესტებით მაჩვენებს, რომ წყალი უნდა. დავალევინე და ისევ დაიძინა.
დღეს საქართველოს დაპყრობის დღეა, ხელისუფლების უნიათობამ და რუსეთის ცინიკურმა აგრესიამ საქართველო 70 წლით კოლონიად გადააქცია. დღეს ხელისუფლება თითს ჩვენკენ იშვერს - ესენი მოღალატეები არიანო. უგუნური უნდა იყო, ვერ მიხვდე: რაც 1801-ში გაგიკეთა, 1921-ში სხვა ფორმით გაგიმეორა, კიდევ გაგიკეთებს, თუ ასეთი ისტერიული ფორმით გააგრძელე მასთან ურთიერთობა. გერმანია, საფრანგეთი, აშშ - ყველა ცდილობს რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას, ჩვენ კი რატომღაც გვინდა, რუსეთმა და დასავლეთმა ურთიერთობები საქართველოში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ არკვიონ. ასე გაგრძელება არ შეიძლება, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურა,რომელიც ანტირუსულ ისტერიას ეფუძნება, უნდა დაინგრეს. ეს აზრი, ხელისუფლების თვალთახედვით, მოღალატურია. ნურას უკაცრავად!
დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ჩემი ოჯახის მფარველი ბოდბის იბერიის ღვთისმშობლის ხატია. დაქორწინებიდან ერთი წელი ისე გავიდა, შვილი არ გვყავდა. მე და ეკა ბოდბეში წავედით და ღვთისმშობლის ხატის წინ ვილოცეთ. ერთ წელიწადში გიორგი გვეყოლა, შემდეგ დემნა, სანდრო, ვაჩე და ბოლოს - ქალბატონი ელენე. ეს ჩემთვის სასწაულია...
დღე ტრადიციულად მთავრდება - ოფისი, კონსულტაციები... ღამის 3 საათზე ვეხეთქები საწოლს.

26 თებერვალი, პარასკევი
ძლივს გამახსენდა, ბადრის ვურეკავ. ეკლესიის კარების კვეთა დაუმთავრებია. წავედი და ვნახე. მაგარია. ოცინდალეს მიხედვით გავაკეთე ესკიზი. ძალზე ეფექტური გამოვიდა. ბადრის უნდა ვთხოვო, ავჭალის ნკანკელზე მომეხმაროს. თვითონაც ჩემსავით იქ იყო გამომწყვდეული, სხვებთთან ერთად მუშაობდა და მასაც ძალიან უყვარს ავჭალის წმინდა გიორგის ტაძარი. პატიმრებს გვჯეროდა, რომ ტაძარს ავაშენებდით და კოლონია დაინგრეოდა. როცა გადავხურეთ, ორიოდე თვეში ე.წ. „ზაპრეტკა“ წაიქცა რამდენიმე ათეულ მეტრზე და ხელისუფლებამ ნახევარ საათში დაცალა კოლონია პატიმრებისაგან. ვისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის - სასწაული!
გვიან ღამით პოლოტიკური პარტნიორები ჩაიზე შევიკრიბეთ. ჩაის სმა საბაბია, სინამდვილეში ისევ ოპოზიციური აბრაკადაბრის მოსაწესრიგებლად ვმსჯელობთ...

27 თებერვალი, შაბათი
11 საათზე „იმედის“ სტუდიაში მივდივარ. „სპეციალური რეპორტაჟი“ - ასე ჰქვია გადაცემას. აშკარად ტენდენციურია, თუმცა მაინც საშუალებაა, შენი პოზიცია მიაწოდო საზოგადოებას.
16 საათზე პრაიმერის პარტიები შევიკრიბეთ
საღამოს, ცხრაზე, კობა დავითაშვილი ჩამოდის ქუთაისიდან და კვირა უნდა დავგეგმოთ. ყველამ გადავინაწილეთ ჩვენ-ჩვენი საქმეები.
11-ზე უკვე სახლში ვარ. ხვალ შვილები შავნაბადაზე მიმყავს მონასტერში. ძლივს შევყარეთ ლოგინში - ოღონდ არ დაიძინონ, ათას მიზეზს იგონებენ... ბიჭები - ლოგინში, ეკა და ელენე ერთად დასეირნობენ დიდ ოთახში, მე კომპიუტერს მივუჯექი. ეს კვირაც მიითვალა წუთისოფელმა...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG