Accessibility links

logo-print
დღეს, 18 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების განცხადებების მიღების ვადა ამოიწურა. განცხადებების საერთო რაოდენობა 36-ია. მათგან უკვე რეგისტრირებულია 19 საარჩევნო სუბიექტი, რომელთა ნაწილი აქტიურადაა ჩართული თბილისის მერის საერთო კანდიდატის გამოვლენის კამპანიის მორიგ - სავარაუდოდ, დასკვნით - რაუნდში.

თბილისში ოპოზიციის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების კიდევ ერთი მორიგი რაუნდი 3 აპრილს დაიწყო. მას, როგორც მოსალოდნელი იყო, ”ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე წარმართავენ. კონსულტაციების საგანია 3 საკითხი: თბილისის მერის საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება ოპოზიციურ პარტიებს შორის. თუმცა 3 აპრილს გამართული შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული სამი საკითხიდან, პრინციპული სწორედ პირველზე შეთანხმების მიღწევაა. ანუ ოპოზიციურ სპექტრში არ იზიარებენ ”ალიანსის” მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათი ლიდერი, ირაკლი ალასანია, თბილისის მერის პოსტზე უპირობოდ უკონკურენტოა.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის 31 მარტის ინიციატივა, რომელსაც ”გამარჯვების ახალ ფორმულაზე” მოლაპარაკებების დაწყება მოჰყვა, თავის მხრივ, მერის პოსტზე ირაკლი ალასანიას კანდიდატურის შეუცვლელობითაც იყო ნაკარნახევი. ”რადგან ალიანსს ჰყავს მერის გამოკვეთილი კანდიდატურა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სხვა ოპოზიციური ჯგუფიდან უნდა დასახელდეს” - ასე ახსნა მაშინ სოზარ სუბარმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობაზე უარი.

კონსულტაციები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური სპექტრის თითქმის ყველა ძირითად მოთამაშესთან გაიმართება. თანხმობის და არა ერთიანობის ფორმულამ, როგორც ”ალიანსში” აზუსტებენ, უკვე უკუაგდო მათი ცნობილი ფორმულა ”ყველა მინუს ნოღაიდელი.” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ”გამარჯვების ფორმულა” მზა სახით არ არსებობს, ამიტომაც ამ ეტაპზე უმთავრესი ფორმულის გამოყვანაა.

”ჯერ განხილვები მიდის მხოლოდ და მხოლოდ თამაშის წესებზე და პრინციპებზე, იმიტომ რომ თამაშის წესების და პრინციპების განხილვის შემდეგ მივალთ ადამიანებამდე ან ადამიანამდე”, - განაცხადა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მერობის კანდიდატ გოგი თოფაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავად გოგი თოფაძისთვის თბილისის მერის პოსტზე ხელისუფლების კანდიდატისათვის ოპოზიციის საერთო კანდიდატის დაპირისპირების იდეა მისაღებია. ხერხი კი, რომლითაც მერობის საერთო კანდიდატი უნდა გამოვლინდეს, მისი აზრით, პარტიათშორისი კენჭისყრაა:

” არავითარი პრაიმერების ჩვენ არ გვჯერა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმართება. შევიკრიბებით ყველა პოლიტიკური პარტია, იმ რამდენიმე კანდიდატის გამოკლებით, რომელიც აშკარად ხელისუფლების პროექტია.”

შეთანხმება შესაძლებელია დათმობების საფუძველზე. ასეთია განწყობა, რომლითაც, თავის მხრივ, ”ალიანსი საქართველოს” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესს წარმართავს.

”ერთი რომ თმობს ერთ ადგილას, სხვა თმობს სხვა ადგილას. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. ბატონ გოგის წინადადება იყო და ჩემს წერილშიც ეს იყო ნათლად ნათქვამი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების პოზიციაც, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში.”

სოზარ სუბარი მაგალითად ასახელებს ისეთ პარტიებს, როგორებიცაა ”ლეიბორისტული (შრომის) პარტია”, ”ეროვნული ფორუმი” და ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო.” მათგან პირველი, ვინც შეთავაზება კატეგორიულად არ მიიღო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი ბოიკოტი არც ამ მიმართულებით შეცვალა, ”ლეიბორისტული პარტიაა”. ”ეროვნულ საბჭოში” კი 3 აპრილს გამართული კონსულტაციების მეორე შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ეგრეთ წოდებული „პრაიმერისტები“ მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის პროცესში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამენ. ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა:

”ჩვენს გარეშე გამარჯვების ფორმულა არ არსებობს. ჩვენ არავინ შეგვითავაზებია. იმ საკითხებზე, რომელზეც მსჯელობა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და შეთანხმება შესაძლებელია.”

თუმცა ”ეროვნულ საბჭოსთან” სოზარ სუბარისა და ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა გადაწყვეტილების მიღებით არ დასრულებულა და მხარეები მხოლოდ მომავალი შეხვედრის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. აქვე ვიტყვით, რომ ”გამარჯვების ფორმულის” გარშემო მოლაპარაკებების დაწყების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 36-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოთქვა. მათგან 19 უკვე რეგისტრირებულია.
XS
SM
MD
LG