Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში ლადო ათანელის ფონდმა, ”თანადგომამ”, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მორიგი საქველმოქმედო საღამო მოაწყო... განსხვავებული იმისგან, რასაც კიდევ ერთი საქველმოქმედო ფონდი, ”იავნანა”, აწყობს ხოლმე. არსებითად ამ ორი ფონდის საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ცნობილი მომღერალი ხელმძღვანელობს (”იავნანას” - პაატა ბურჭულაძე და ”თანადგომას” - ლადო ათანელი), ისედაც განსხვავებულია: ”იავნანა” ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებს, უსახლკაროდ დარჩენილებს... ”თანადგომაც” გაჭირვებულებს ეხმარება - ოღონდ, ძირითადად, ახალგაზრდა მუსიკოსებს, ნიჭიერ მუსიკოსებს, რომელთაც სწავლის გაგრძელების საშუალება არა აქვთ. თუმცა ეს დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, უბრალოდ, რამდენიმე ადამიანისთვის თანხის შეგროვება; ქართული საშემსრულებლო ხელოვნების კრიზისზე მუსიკოსები ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან ალაპარაკდნენ, როცა უამრავმა პროფესიონალმა საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ დაიწყო მუშაობა...

დღეს უკვე ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ზოგიერთ ინსტრუმენტზე დაკვრაც კი პრობლემა ხდება.. პროფესიონალები არ გვყავს..ეს იმას ნიშნავს, რომ ორკესტრები რჩებიან ცალკეული მუსიკოსების, უფრო სწორად, ინსტრუმენტებზე შემსრულებლების გარეშე. სამუსიკო სასწავლებლებს უჭირთ, რადგან მათი შენახვა დღითი დღე უფრო რთული ხდება... თანაც, როცა სერიოზული მუსიკის პრესტიჟი ეცემა, მუსიკალური განათლების მიღების მსურველთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო მცირდება.

ლადო ათანელმა გაითვალისწინა ქართული მუსიკის პრობლემები და დააარსა ფონდი ”თანადგომა”, რომელიც 27 მარტს გამართული აქციით კვალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. აგრეთვე დაეხმარა კახეთის სოფელ ჯაფარიძეში არსებულ ხელოვნების სკოლას.. სამწუხაროდ, კონცერტზე, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, მაინცდამაინც დიდი თანხა ვერ შეგროვდა.. ეს კი იმას ამტკიცებს სწორედ, რომ კლასიკური მუსიკა საქართველოში აღარაა პრესტიჟული სფერო... დიახ, პრესტიჟული... იყო დრო, როცა ჩვენში დაწყებითი მუსიკალური განათლება მაინც... ლამის საერთო განათლების ნაწილად ითვლებოდა. ახლა კლასიკური მუსიკა ნაკლებად პოპულარულია.. მით უფრო, რომ სამუსიკო სასწავლებლები თვითდაფინანსებაზე გადაიყვანეს. უფრო სწორად, ამ სასწავლებლებს ”სამუსიკო” აღარ ჰქვია; 2007 წლიდან მათ ხელოვნების სკოლა დაერქვა: მუსიკის გარდა, ამ სკოლებში ხატვაც ისწავლება, ცეკვაც და საესტრადო ხელოვნებაც... შედეგი ისააა, რომ მალე კონსერვატორიაც კადრების გარეშე შეიძლება დარჩეს.

თუმცა ვოკალური მუსიკა საქართველოში ისევ პოპულარულია, რაც სწორედაც რომ ქართველი მომღერლების დამსახურებაა... ასეთი საქველმოქმედო კონცერტები კი არა მარტო ადამიანებს ეხმარება, არამედ კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

დიახ, ”კარმენი”... მისი საკმაოდ ორიგინალური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს ”თანადგომის” მიერ გამართულ საღამოზე ნინო სურგულაძემ, ამერიკელმა ტენორმა მარკ ჰელერმა და იტალიელმა დირიჟორმა ჟანლუკა მარჩიანომ... ამ ტენორზე პირადად მე ვერანაირ საინტერესო ინფორმაციას ვერ მივაგენი ინტერნეტში... როგორ მღერის, თავადაც გესმით. შეიძლება ეს ”ოპერეტული სტილი” დირიჟორის ბრალიცაა. ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ ”კარმენი”, რომელიც ნახევრად საკონცერტო შესრულებით - ე.ი. კოსტიუმებში, მაგრამ დეკორაციის გარეშე - წარმოადგინეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში, ბიზეს მუსიკაზე დადგმულ საესტრადო სანახაობას უფრო ჰგავდა, რევიუს, ვარიეტეს... და არა ოპერას. როგორც ჩანს, ამ იდეის ავტორებმა ნინო სურგულაძის არტისტული ნიჭი გაითვალისწინეს. თუმცა ამერიკელი ტენორის არტისტიზმი, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო... დიდი ხნის წინ, ჩემს ბავშვობაში, ასე თამაშობდნენ თბილისის სანიტარული კულტურის - იმავე სანკულტურის - თეატრში.

”კარმენის” ეს ინტერპრეტაცია ბიზეს ოპერის კარიკატურას უფრო ჰგავდა, ვიდრე თუნდაც პაროდიას. უხერხულობის გრძნობა შეგექმნებოდათ განსაკუთრებით ფინალში, როცა მომღერლებმა ტრაგედიის განსახიერება მოინდომეს...და განსაკუთრებით, ტელევიზიით თუ ადევნებდით თვალყურს ამ სანახაობას, ახლო ხედებზე... კარგია, რომ ყველაფერი ამ ”კარმენით“ არ დასრულდა და წარმოდგენის მეორე ნახევარში ახალგაზრდა მომღერლებს და, რაც მთავარია, ლადო ათანელს მოვუსმინეთ რიგოლეტოს როლში. ისიც სასიამოვნოა, რომ ამჯერად ვერდის ოპერას ხელი არ ახლეს და მისი ინტერპრეტაცია არ შემოგვთავაზეს.

რა შეიძლება ითქვას ”თანადგომის” ამ აქციაზე? ცხადია, სასიხარულოა, რომ საქველოქმედო კონცერტები სულ უფრო ხშირად ეწყობა საქართველოში და მით უფრო სასიხარულოა, რომ საქველმოქმედო ფონდები ცდილობენ რაღაც ახალი შემოგვთავაზონ. მაგრამ თუკი მუსიკოსებს, რომელთაც სწავლის გაგრძელება უნდათ, სანკულტურის თეატრის დონეზე დადგმული წარმოდგენებით დავეხმარებით, საქართველოში, შესაძლოა, აღარც არავინ გახდეს დახმარების მსურველი... ერთი უბრალოდ მიზეზით - აღარავინ მოინდომოს მუსიკოსობა.
XS
SM
MD
LG