Accessibility links

logo-print

საქართველოს ომბუდსმენი რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზე საუბრობს


სახალხო დამცველის ანგარიშში "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ შეუწყნარებლობის გამოვლინებაზეა საუბარი და მასში ამ ორგანიზაციის მიერ გამოჩენილი შეუწყნარებლობის არაერთი ფაქტია შესული. 2009 წლის 16 სექტემბერს, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანელი მუსლიმებითაა დასახლებული, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა” და სასულიერო პირების ხელმძღვანელობით შევიდა მართლმადიდებელ მორწმუნეთა აგრესიულად განწყობილი 50-70 კაციანი ჯგუფი, რომლებმაც სოფლის მოსახლეობისგან ძველი მეჩეთის ნანგრევების რეკონსტრუქციის შეჩერება მოითხოვეს.– ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციითვე, საანგარიშო პერიოდში, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ შეუწყნარებლობის გამოვლინების ობიექტი რამდენჯერმე გახდა კათოლიკე მრევლი. კერძოდ, 2009 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში გაიმართა ერთდღიანი მანიფესტაცია საქართველოში ვატიკანის საელჩოსთან. მანიფესტანტებს გაშლილი ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც კათოლიკეთა შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური შინაარსის წარწერები იყო გაკეთებული, - წერია საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა, „საანგარიშო პერიოდში როგორც ბეჭდვითი, ასევე სატელევიზიო და რადიო მედია-საშუალებების უმრავლესობა რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის კვლავ არასათანადოდ აშუქებდა“.
XS
SM
MD
LG