Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიები ბოლივიასა და ეკვადორისგან აღიარებას ელიან


აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი

თვითგამოცხადებული აფხაზეთის მტკიცებით, უახლოეს მომავალში აფხაზეთის დამოუკიდებლობა, შესაძლოა, ბოლივიამ და ეკვადორმა აღიარონ. ამის შესახებ თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა. ღვინჯია მარტის ბოლოს აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც ვენესუელაში, არგენტინაში, ჩილეში, ბოლივიასა და ეკვადორში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. თვითგამოცხადებულ აფხაზეთს არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჩამორჩა: 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეკვადორს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავს.

იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ნიკარაგუას, ვენესუელასა და ნაურუს გარდა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ბოლივიამ და ეკვადორმაც აღიარონ, „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომელიც ინფორმაციას თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთის დამოუკიდებლობის მაღიარებელთა სიას კი სათავეში კრემლი უდგას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მოსკოვმა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ნიკარაგუამ, რომელიც კრემლის გზას დაახლოებით ერთ კვირაში დაადგა, და ვენესუელამ და ნაურუმ, რომლებმაც უკვე ერთი წლის შემდეგ მას მიჰბაძეს, ამ, ასე ვთქვათ, გაბედული ნაბიჯის სანაცვლოდ ოფიციალური მოსკოვისგან არაერთი სარგებელი მიიღეს - მათ შორის, მილიონობით დოლარი და იარაღი.

მარტის ბოლოს ლათინოამერიკულ ქვეყნებსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად სოხუმიდან დაძრული დელეგაცია, რომელსაც სათავეში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია ედგა, სამშობლოში ხელდამშვენებული ბრუნდება.

ეს ყველაფერი მოსკოვის საერთაშორისო ნაბიჯების შედეგია, თორემ რაში გაახსენდება ან ნაურუს, ან ნიკარაგუას აფხაზეთთან ურთიერთობები
”უახლოეს მომავალში ბოლივიასა და ნიკარაგუასგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ველით, იმიტომ რომ მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი არის ძალიან პოზიტიური”, - აცხადებს ღვინჯია.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი არ იშურებს ძალას და ენერგიას, რომ მის უკანონო გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა შეუერთდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროკავშირის ქვეყნები ოდესმე აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, აცხადებს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი:

”პოლიტიკური ნაბიჯის გამო არც ერთი ქვეყანა არ არის დაინტერესებული, რომ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯი გადადგას და დაამყაროს ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, რომელიც არაფერში გამოადგება. ეს ყველაფერი მოსკოვის საერთაშორისო ნაბიჯების შედეგია, თორემ რაში გაახსენდება ან ნაურუს, ან ნიკარაგუას აფხაზეთთან ურთიერთობები.”

ამ ქვეყნებს აფხაზეთი კი არა, რუსეთი აინტერესებთ, ეს ხომ ძალიან მარტივი ლოგიკაა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი. მსგავსი სახელმწიფოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს; ორით მეტი აღიარებს თუ ხუთით მეტი, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს; მთავარია, რომ დიდი სახელმწიფოები ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას არასდროს აღიარებენ. თავად რუსეთს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ აწყობს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, მაგალითად, თურქეთმა ან უკრაინამ, რადგან ისინი მართლაც რეალურად შეუწყობენ ხელს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ასე რომ, კრემლი შორეული ქვეყნებისკენ მიილტვის, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა დაამყარონ აფხაზეთთან, ამბობს ზაქარეიშვილი:

”ისინი რუსეთისგან, როგორც ჩანს, ისეთ შეღავათებს ელიან, რომელსაც მასთან ურთიერთობის გარეშე ვერ მიიღებდნენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუკი ჩვენ მივაღწევთ ოდესმე, რომ რუსეთმა უკან წაიღოს თავისი აღიარება, ეს ქვეყნებიც ასევე დაადგებიან მის გზას.”

აი, ასეთი ქვეყნების მიერ იმის აღიარება, რასაც ძირითადი მოთამაშეები დაუშვებლად მიიჩნევენ, არაფერს არ ცვლის
ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსს არც არაფერს მატებს და არც არაფერს აკლებს მსგავსი დემარშები, ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და აცხადებს, რომ მსგავსი ქვეყნები ასეთი ნაბიჯებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შიდა პრობლემების მოგვარებას ცდილობენ:

”საერთაშორისო ურთიერთობებში არიან ძირითადი ტონის მიმცემი მოთამაშეები, რომლებიც განასახიერებენ უნივერსალურ ღირებულებებს და ადგენენ წესებს და პრინციპებს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, და არიან სხვა მოთამაშეები, რომლებსაც შიდა პრობლემები აქვთ და, მაგალითად, შიდა რეჟიმის გადარჩენაზე არიან ორიენტირებულნი. აი, ასეთი ქვეყნების მიერ იმის აღიარება, რასაც ძირითადი მოთამაშეები დაუშვებლად მიიჩნევენ, არაფერს არ ცვლის”, - ამბობს დარჩიაშვილი.

ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, მოსკოვში ვიზიტისას, ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ განაცხადა, რომ ეკვადორი თანახმაა გადახედოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ეკვადორს მიმართავენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის მთავრობამ ეკვადორს დამოუკიდელობის აღიარების თხოვნით მაშინვე მიმართა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ისინი ოფიციალური მოთხოვნით ეკვადორს უახლოეს მომავალში მიმართავენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ჩრდილო ოსეთის საინფორმაციო პორტალი, ”მე-15 რეგიონი”, ავრცელებს.
XS
SM
MD
LG