Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 5 აპრილი 2010


სააღდგომო დღესასწაულის გამო ამ ორშაბათს, ტრადიციულად, ბევრი გაზეთი არ გამოსულა. 5 აპრილს დილით მხოლოდ ორი გაზეთი გამოვიდა - “კვირის პალიტრა” და “პრაიმ-ტაიმი”.

“კვირის პალიტრაში” საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ქვეყნდება. ამას გარდა, ნახავთ სტატიებს როგორც ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე, აგრეთვე გასული კვირის მოსკოვის ტერაქტების შესახებ.

“საქართველოს კავკასიური ომის ასპარეზად ქცევის სცენარი?!”. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსი სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო მეტროში მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის შესახებ და მათ მიზანმიმართულად არ შეუშალეს ხელი ტერორისტებს, რადგან ტერაქტი რუსეთის საზოგადოებრივი აზრის სხვა მიმართულებით კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს, რაც ხელისუფლების ინტერესებში შედის.

ამავე გაზეთში ირაკლი ალადაშვილის მიერ მომზადებულ სამხედრო რუბრიკაში წაიკითხავთ: “მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტებისა და მათზე დოკუ უმაროვის მიერ აღებული პასუხისმგებლობის შემდეგ ოფიციალურ თბილისს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობაში როგორც პოლიტიკურ ასპექტში, ისე სპეცსამსახურების დონეზე”, - წერს “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი.

“კვირის პალიტრაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს “დაიცავი საქართველოს” ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან: “გამარჯვების ფორმულა უპირველესად გულისხმობს სააკაშვილთან და არა ნოღაიდელთან ბრძოლას, აგრესიულ საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მხილებით ხალხის დარწმუნებას, რომ ხარ ლიდერი და გამარჯვება შეგიძლია. ამის გაკეთება ორი გზით შეიძლება: ყველა ოპოზიციური პარტია უნდა შეთანხმდეს, რომ ლიდერი ხარ, ან შენ უნდა გქონდეს ისეთი თვისებები, სხვასთან შეთანხმება და დათანხმება არ გჭირდებოდეს. მხოლოდ განცხადებით, ლიდერი ვარო, ლიდერი ვერ გახდები”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

ოპოზიციის ამბებს დიდ ადგილს უთმობს “პრაიმ-ტაიმი”. “მოკლედ, ოპოზიციურ ფლანგზე ისევ არეულობაა. ხელისუფლება რომ ლიდერობს, ამას უკვე ყველა შეეგუა. უფრო სწორად, “ალიანსს” ახლა უწევს მარცხთან შეგუება. ახლა სხვა ბრძოლა იწყება - ვინ გახდება მეორე? ლევან გაჩეჩილაძე თუ ინგა გრიგოლია? ნოღაიდელი თუ ქრისტიან-დემოკრატები? ორივე ფლანგი ალასანიას ჩაძირვასა და მის ელექტორატზე ნადირობას გამოაცხადებს... ვნახოთ, დაველოდოთ, წინ საკმაოდ აზარტული პოლიტიკური რინგი გველის...”.

“პრაიმ-ტაიმში” ქვეყნდება სტატია, სათაურით - “ოპოზიციას ვერ გაურკვევია, ვინ არის ოპოზიცია”. ავტორი საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის პოსტის ოპოზიციისთვის გადაცემაზე წერს. კახა კუკავას “პრაიმ-ტაიმის” კორესპონდენტისთვის უთქვამს: “საარჩევნო კომისიის მდივნის ადგილს ხელისუფლება აუცილებლად დაუთმობს “ალიანსს”, სხვა ძალებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ეროვნულ საბჭოსო”. იმავე ინტერვიუში კუკავა დასძენს: “ამ პოსტებს დაუთმობენ თავიანთ სატელიტ პარტიებს. ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას... ისე კი, მგონი, თქვენც ხედავთ, რომ ჩვენ ერთადერთი ოპოზიციური ძალა ვართ...”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG