Accessibility links

მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა ახალგორში ქართული სკოლა აღარ დარჩეს. რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ ქართველი ბავშვები ოსურ საგანმანათლებლო სისტემაში პრობლემას ქმნიან და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის ქართული სკოლების გაუქმების წინადადებით მიმართავს. მისი აზრით, ქართული სკოლების ბაზაზე კულტურის ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო პროფესიული სასწავლებელი უნდა შეიქმნას. ჯუსოევს ისიც აინტერესებს, წლევანდელ კურსდამთავრებულ ქართველ მოსწავლეებს ატესტატი ვინ უნდა მისცეს.

ჯუსოევის წინადადებაზე კოკოითის ხელისუფლებას ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია. რაც შეეხება ატესტატებს, კოკოითის თქმით, ქართველ ბავშვებს ოსურ-რუსული ატესტატები უნდა მიეცეთ და სწავლა ცხინვალის უნივერსიტეტში განაგრძონ.

აგვისტოს ომამდე ახალგორში სამი საჯარო სკოლა იყო – ორი ქართული და ერთი რუსულ-ოსური. ამჟამად მე-3 სკოლა უკვე გაუქმებულია, სადაც რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბაზას აშენებენ. დაბაში დარჩენილი ყველა ბავშვი კი ამჟამად პირველ სკოლაში სწავლობს, რომელიც ოსურმა ადმინისტრაციამ ქართულ და რუსულ სექტორებად დაყო. სკოლების გაუქმების შესახებ ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივას პროვოკაციულს უწოდებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. მისი თქმით, ახალგორელი მოსწავლეების დიდი ნაწილი – დაახლოებით, 1400 ბავშვი – წეროვანისა და მცხეთის რაიონის სკოლებში სწავლობს, მაგრამ დაბაში დარჩენილებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

როგორც ახალგორელები აცხადებენ, ალან ჯუსოევი საკუთარი ინიციატივის შესახებ დაბის მოსახლეობასაც აფრთხილებდა, თუმცა მაშინ მისი საუბარი სერიოზულად არავინ აღიქვა. ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის თქმით, თუ ჯუსოევს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა, მაშინ დაბაში ვეღარც ერთი ქართველი ვერ დარჩება, რადგან სწავლის გაგრძელების მსურველებს, ენის არცოდნის გამო, უამრავი პრობლემა შეექმნებათ.

კოკოითის ხელისუფლებას ალან ჯუსოევის წინადადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სკოლების გაუქმების თაობაზე კონსულტაციები დე ფაქტო განათლების სამინისტროში უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG