Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხოვრება ნაღმებით სავსე ქვეყანაში


განაღმვის საერთაშორისო დღე საქართველოში მოქმედმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით, ნაღმებისა და გამნაღმავი მოწყობილობების დემონსტრირებით აღნიშნეს. ღონისძიების მსვლელობისას ითქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიები, საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი, ყოფილი საბჭოთა ბაზები საგარეჯოსა და მცხეთაში - ეს იმ ადგილთა არასრული ჩამონათვალია, სადაც ადამიანების სიცოცხლეს ნაღმები და ომის სხვა ფეთქებადი ნარჩენები საფრთხეს უქმნის.

საქართველოში ნაღმებისა და ფეთქებადი ნარჩენების პრობლემამ განსაკუთრებული ინტენსივობით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იჩინა თავი. საინფორმაციო საშუალებებში დღემდე ჩნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ ნაღმის აფეთქებამ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის სიცოცხლე შეიწირა. კონფლიქტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი აგვისტოს ომთან ერთად ჩამოთვლის სხვა მოვლენებსაც, რომელთა შედეგად საქართველოს ტერიტორია, ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენების გავრცელების თვალსაზრისით, მაღალი რისკის ზონად რჩება:

„კიდევ ერთი წყარო - ეს არის ჰაერიდან ჩვენი ტერიტორიების დანაღმვა პლასტიკური ნაღმებით, ძირითადად, მთიან ზონაში, თუშეთში. გარდა ამისა, ნაღმების პრობლემა წარმოიქმნა სამოქალაქო ომის დროს, როცა გამსახურდიას მომხრეები მოდიოდნენ ქუთაისისკენ. გარკვეული ტერიტორიები დაინაღმა მაშინ. ასევე პრობლემაა კონფლიქტის ზონები, სადაც დღესაც მიდის დანაღმვა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს საზღვრები - საქართველო-სომხეთის მიმართულებით, საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-რუსეთის მიმართულებით.“

ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ასევე გაუნაღმავია საბჭოთა არმიის ყოფილი ბაზების მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში თავდაცვის მიზნით დანაღმეს. რაც შეეხება თავად ნაღმებს, ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრმა განაღმვის საერთაშორისო დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე გამართულ საინფორმაციო კამპანიის მსვლელობისას წარმოადგინა ყველა ძირითადი ტიპის ნაღმი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება. ესენია ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო, ფუგასური, ეგრეთ წოდებული „ლიაგუშკა“, კასეტური ნაღმი...

ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელი ოლეგ გოჩიაშვილი ამბობს, რომ წარმოდგენილი ნაღმებიდან ყველაზე სახიფათო ეგრეთ წოდებული პე-ფე-ემ-ი, ანუ ქვეითსაწინააღმდეგო ფუგასური ნაღმია, რომელიც მცირე ზომისაა და ძნელად შესამჩნევია:

„მოკვლით შეიძლება ვერ მოკლას, მაგრამ კიდურს მოწყვეტს, დაასახიჩრებს“, უთხრა თავისუფლებას ოლეგ გოჩიაშვილმა.

დაზიანებულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა კი მართლაც საგანგაშოა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2000-დან 2005 წლის განმავლობაში მინაზე აფეთქებით 210 ადამიანი დაიღუპა, ერთი ამდენი კი დასახიჩრდა. თუმცა სპეციალისტები შენიშნავენ, რომ ტრაგიკულ შემთხვევათა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა. ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი“ საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებიდან მუშაობს. პატრიკ ტომსონი, პროგრამის მენეჯერი საქართველოში, ამბობს, რომ ორგანიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს, იქნება ეს საგარეჯოსა და მცხეთაში საბჭოთა არმიის ყოფილი ბაზები თუ კონფლიქტის ზონები:

პატრიკ ტომსონი
„2008 წლის კონფლიქტის შემდეგ „ჰალო ტრასტი“ მუშაობდა გორი-ცხინვალის დერეფნის მიმართულებით, რომელიც ნაღმებისა და ომის ფეთქებადი ნარჩენებისგან 2009 წლის ბოლომდე გავწმინდეთ. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ 1997 წლიდან ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოს ერთ წელიწადში დავასრულებთ.“

თუმცა სპეციალისტები შენიშნავენ, რომ „ჰალო ტრასტისა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა საკმრისი არ არის. კონფლიქტოლოგ ალექსანდრე რუსეცკის თქმით, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკის წარმოება:

„არის რამდენიმე ოპერაცია იმისთვის, რომ მსხვერპლი შემცირდეს და არც ერთი მათგანი არ ტარდება. პირველი - ეს არის საინფორმაციო შეტყობინება მოსახლეობის, რაც არ ხდება. მეორე - ეს არის არსებული ველების და ზონების მარკირება და მესამე - ეს არის ჰუმანიტურული განაღმვა. მეოთხე ბლოკი - ეს არის მსხვერპლის დახმარება. არც ერთი ამ ოთხი ბლოკიდან ნორმალურად არ ტარდება.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG