Accessibility links

logo-print
უკრაინული წყაროების ცნობით, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა უწყებათაშორისი კომისია. ამ ბრძანებულებას იანუკოვიჩმა 2 აპრილს მოაწერა ხელი. მეორე ბრძანებულებით კი, უკრაინის პრეზიდენტმა გააუქმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების ეროვნული ცენტრი. ნიშნავს თუ რა ეს ნაბიჯები, რომ უკრაინა საბოლოოდ ამბობს უარს ნატოში გაწევრიანებასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რაც მის წინამორბედ ვიქტორ იუშჩენკოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენდა?

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დაიწყო განხორციელება თავისი წინასაარჩევნო დაპირებისა, რომლის თანახმადაც, უკრაინა არც

ერთი სამხედრო ბლოკის წევრი არ უნდა იყოს. ვიქტორ იანუკოვიჩმა ერთი ხელის დაკვრით გააუქმა ნატოს თანამშრომლობის უწყებათშორისი სამთავრობო ცენტრიცა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა ეროვნული ცენტრიც, ხოლო ცენტრის თავმჯდომარე ვლადიმირ გორბულინი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ცენტრის პრეზიდენტმა ოლეკსეი კოლომეიცმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს უწყებები, შესაძლოა, დიდი ეფექტურობით არ გამოირჩეოდნენ თავიანთ მუშაობაში, მაგრამ მათი გაუქმება ნიშნავს, რომ იანუკოვიჩმა საბოლოოდ თქვა უარი ნატოს წევრობაზე, რაც ფორმალურად უკრაინის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩებოდა ბოლო 4 წლის მანძილზე:

„რაც შეეხება თავად კომისიას, ჩემთვის, როგორც ექსპერტისა და ანალიტიკოსისთვის, რომელიც უშუალოდ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხებსა და ნატოსთან უკრაინის ურთიერთობებზე მუშაობს, გამოგიტყდებით, აქამდე პრაქტიკულად უცნობი იყო კომისიის მუშაობის შესახებ, ყოველ შემთხვევაში, მის, ასე ვთქვათ, „საჯარო განზომილებაში“. მეორე მხრივ, „უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების ეროვნული ცენტრი“ - დიახ, ეს იყო საკმაოდ ცნობილი სტრუქტურა. ის ახდენდა მთელი ინფორმაციული, ადმინისტრაციული და, გარკვეულწილად, ადამიანური ნაკადის აკუმულაციას და კოორდინაციას. შეიძლება ითქვას, რომ „ეროვნული ცენტრი“ ერთგვარ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენდა.“

ოლეკსეი კოლომეიცი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელია, ასევე ვარაუდობს, რომ იანუკოვიჩი შემდგომში ფორმალობად აქცევს ინტეგრაციას ევროკავშირში, რის ნიშნებიც უკვე ჩანს:

„ანუ ევროპის კავშირის მიმართ ის დაადგა გზას, რომელსაც არსად მივყავართ. ესე იგი, თუ მის განკარგულებაში რამდენიმე ათეული წელია (რაშიც მე ძლიერ მეპარება ეჭვი), მაშინ ამაზე ლაპარაკი კიდევ შეიძლება. მაგრამ ის დაადგა გზას, რომელიც აპრიორი მცდარი და კონტრპროდუქტიულია. შესაძლოა, ეს იმიტომ კეთდება, რომ ამ ხალხს საქმის ვითარება არ ესმის. ხოლო თუ ესმის და მაინც ასე იქცევა, მაშინ კიდევ უარესი უკრაინისა და ევროპის კავშირთან მისი ურთიერთობისთვის.“

თუმცა უკრაინის მთავრობაში ასეთ პროგნოზებს ევროკავშირთან მიმართებაში ემოციურს უწოდებენ. ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა უფუნქციო უწყებათაშორისი კომისიის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რაც უკრაინის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტიაო, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის კოორდინატორმა ძალოვან უწყებებთან მუშაობის მიმართულებით, ოლეკსანდრ ომელჩენკომ:

„ეს საგარეო პოლიტიკის ნომერი პირველი პრიორიტეტია. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც განაცხადა. ანუ ჩვენ, უწინარესად, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას ვადგავართ.“

უნდა გავიხსენოთ, რომ ბრიუსელში 1 მარტს გამართული პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ვიქტორ იანუკოვიჩი ცდილობდა დაემტკიცებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობისათვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და დასავლურ სტრუქტურებთან ურთიერთობა უკრაინის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება:

„ეს პრიორიტეტები იქნება ევროკავშირში ინტეგრაცია, კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.“

მაგრამ რაც შეეხება უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, ეს შორეული მომავლის საკითხია და ამას ევროპის ქვეყნები სკეპტიკურად უყურებენ. პერსპექტივაში განიხილება უკრაინისათვის თავისუფალი ვაჭრობისა და შემსუბუქებული სავიზო რეჟიმის შეთავაზება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის გაზის შავი ბაზრის რეფორმირება, რადგან რუსეთის გაზის 8 პროცენტს ევროპის ქვეყნები სწორედ უკრაინის გავლით ღებულობდნენ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბრიუსელში განაცხადა, რომ მას სჭირდება ერთგვარი „საგზაო რუკა“, რომელშიც გაწერილი იქნება წლის ბოლომდე გასაკეთებელი სამუშაოები.
XS
SM
MD
LG