Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ნაბიჯი საქართველოსკენ


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საბჭო საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირველ ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ქართული მხარე მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სპეციალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, სტრუქტურისა, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისათვის შეიქმნა. მათი შეფასებით, ეს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. დღესვე ნატოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეფასებას აძლევდნენ უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა კომისიის გაუქმების შესახებ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, მოახლოებული არჩევნები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საბჭოს წევრები თბილისში ვიზიტისას დაინტერესდნენ. თუმცა მათ აქვე მოუწიათ საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ნატოში გაწევრიანების მომზადების საკითხთა კომისიის გაუქმების შესახებ. საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ჰენდრიკ ჟან ორმელი აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩი უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და ნებისმიერი არჩევანი მათი გადასაწყვეტია. ორმელის განცხადებით, უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა საქართველოზე არანაირად არ აისახება:

“ჩვენ ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას ცალ-ცალკე განვიხილავთ. უკრაინული გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო წევრობაზე არანაირად არ აისახება.”

გაცნობითი ხასიათის შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიაში 6 აპრილს დილიდან დაიწყო. მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სპეციალური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისათვის შეიქმნა:

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეყნების დეპუტატებს ექნებათ საშუალება, რომ უკეთ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ყველა იმ საკითხს, რითაც ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. საქართველოში მოღვაწე პოლიტიკოსთა დიდ სპექტრს აქვს მკაფიო ნება და სურვილი საქართველოს ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობის წევრობასთან დაკავშირებით.”

ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭო სულ ცოტა ხნის წინ ჩამოყალიბდა. პირველი, გაცნობითი ხასიათის, შეხვედრები მიმართულია იქითკენ, რომ განვიხილოთ ყველა ის ასპექტი, რაც ალიანსში საქართველოს გასაწევრიანებლად არის საჭირო, - ამბობს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ჰენდრიკ ჟან ორმელი:

”ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც შეგვარჩიეს ნატოს წევრი ქვეყნების ხალხებმა, რათა ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ქართულ მხარესთან.”

მსგავსი ფორმატის შეხვედრები კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასავლელ პარტნიორებს ის რეალური სურათი დაანახვოს, რომელიც დღესდღეობით საქართველოშია შექმნილი, ამბობს მოძრაობა „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების დარღვევის საკითხები და დემოკრატიული რეფორმები განიხილეს ნატოს საპარლამენტო კომისიის დელეგაციის წევრებმა სახელმწიფო მინისტრთან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრისას. ჩვენ გვჭირდება ნატოს დელეგაციის წევრების მხარდაჭერა. ნატო-საქართველოს ურთიერთობები წინ მიდის. ამის ერთ-ერთი დასტური ნატო-საქართველოს საპარლამენტო საბჭოს შექმნაცაა, აღნიშნავს გიორგი ბარამიძე:

”გვჭირდება მათი მხარდაჭერა, რათა საქართველომ მოკლე ვადაში შეძლოს ყველა რეფორმის განხორციელება და, როდესაც საქართველო გახდება შესაბამისი სტანდარტების ქვეყანა, მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.”
კონფლიქტურ ტერიტორიებზე, კონკრეტულად კი აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ დელეგაციის წევრებს. გარდა ამისა, მან, მისივე განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთის კაზაკთა რაზმების მიერ გაკონტროლების შესახებაც ჩააყენა საქმის კურსში. აღნიშნულის შესახებ 5 აპრილს “იტარ-ტასი” იუწყებოდა.
აქვე შეეხო პაატა დავითაია უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნატოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საკითხს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტის შედეგად, საქართველოს პარტნიორი ქვეყნები საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებენ.
XS
SM
MD
LG