Accessibility links

logo-print
„იზვესტია“, კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწია სამხრეთ ოსეთსა და აფზახეთთან საზღვრების ერთობლივ დაცვასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიხედვით, წერს „იზვესტია“, სამხრეთ ოსეთის მხარე რუსეთის მხარეს თავისი საზღვრის კონტროლისა და დაცვის უფლებას აძლევს. გაზეთი ასევე წერს მხარეების უწყებათაშორის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, „ეფ ეს ბე“ და სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ერთობლივად იმოქმედებენ. კონკრეტულ დეტალებზე აფხაზეთთან დაკავშირებით გაზეთი არ წერს. გაზეთის მიხედვით, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაიცავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს ამ ერთეულებში საკუთარი სასაზღვრო სტრუქტურების ფორმირებამდე. „იზვესტიას“ მიხედვით, მხარეები აცხადებენ, რომ შეთანხმება არაა მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ და მისი მიზანი არის

” სახელმწიფო საზღვრის დაცვა ტერორიზმისგან, იარაღის კონტრაბანდისგან, ფეთქებად და რადიაქტიურ, ასევე უკანონო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა გავრცელებისგან.”

იმავე თემაზე „კომერსანტიც“ წერს. დამატებით გაზეთი აღნიშნავს, რომ შეთანხმებებს ხელი მოეწერა 2009 წლის 30 აპრილს, 2010 წლის მარტში კი სახელმწიფო დუმამ მათი რატიფიკაციის შესახებ კანონი მიიღო, რაც, საბოლოოდ, ამა წლის ხუთ აპრილს კრემლმა ფედერალური კანონის რანგში აიყვანა.

„ვედომოსტი“ აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით „ეძახიან პოლონელებს და არ ეძახიან ქართველებს“. სტატია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის და მის მოკავშირეთა გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილ 9 მაისის აღლუმზე ჰყვება, სადაც, „ვედომოსტის“ ცნობით, პირველად ისტორიაში, მონაწილეობისთვის დაპატიჟებულნი არიან ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის სამხედრო ძალები. აღლუმში, „ვედომოსტის“ მიხედვით, ასევე მიიღებენ მონაწილეობას „ეს ენ გეს“ წევრი ქვეყნების ძალები. სტატიის მიხედვით, საქართველო არაა დაპატიჟებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანა „ეს ენ გეს“ წევრი აღარაა.

„გაზეტა რუს“ მიხედვით, მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს უკვე გაუცია განკარგულება მოსკოვში პოკლონის მთაზე აშენდეს მემორიალი, სახელწოდებით „ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“. ეს მემორიალი, გაზეთის მიხედვით, გახდება ქუთაისში 2009 წლის 19 დეკემბერს დანგრეული გამარჯვების მონუმენტის სიმბოლო. „გაზეტა.რუს“ მიხედვით, მონუმენტი „ფაშიზმთან ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით“ მხოლოდ სიმბოლურად გამოხატავს ქუთაისის გამარჯვების მემორიალს, ვიზუალურად იგი განსხვავებული იქნება.

ძალიან საინტერესო ინტერვიუ აქვს „ნოვაია გაზეტას“ „პერესტროიკის“ ავტორ მიხაილ გორბაჩოვთან, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის დღევანდელი მიდგომები პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ მმართველი კორუმპირებული ჯგუფების სულისკვეთებას გამოხატავს და მიდგომა, რომ რუს ხალხს მკაცრი ხელი დემოკრატიაზე მეტად სჭირდება, არასწორია. გორბაჩოვის აზრით, რუს ხალხს დემოკრატია, უბრალოდ, არ გამოუცდია, რადგან ამ გზიდან გადახვევა მანამდე მოხდა, ვიდრე ქვეყანა ღია სისტემის სიკეთეებს იხილავდა. საინტერესოა, რომ, გორბაჩოვის აზრით, ცენტრალიზაცია დიდხანს ვერ გასტანს და რუსეთის დემოკრატიზაცია გარდაუვალია:



”ჩვენ ახალ თაობას სიმართლე უნდა ვუთხრათ, დავეხმაროთ იცხოვროს ახალ, წინ წასულ მსოფლიოში; მივცეთ თავისუფლად ფიქრის, არჩევანის გაკეთების, გადაადგილების, ლოცვის, მუშაობის საშუალება ადამიანურად მოწყობილ ქვეყანაში.”

გორბაჩოვს მიაჩნია, რომ სხვა ალტერნატივა რუსეთს არცა აქვს.
XS
SM
MD
LG