Accessibility links

logo-print
პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურ ფაზაში ჯერ არ გადასულა. ახალციხელი პოლიტიკოსები ამ დროისათვის სიების გადამოწმებითა და მოსახლეობასთან შეხვედრით არიან დაკავებულნი. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ია ხარაიშვილი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არის დარჩენილი.

"რამოდენიმიე სოფელში ჩავატარეთ კრება, გავიგეთ უშუალოდ რა პრობლემები აქვთ. გავარკვიეთ, მოსახლეობას რისი გაკეთება სურს. სპეციალური ოქმებია შევსებული და ეს ოქმები დაიდება საკრებულოში, მათ უნდა მიაქციონ ყურადღება სოფლის მოსახლეობას, მცირე დარღვევები იქნება, მაგრამ არა სერიოზული".

სამხრეთ საქართველოში მოსახლეობასთან შეხვედრებს მმართველი პარტიის, რესპუბლიკელების, კონსერვატორებისა და ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენლები მართავენ. რესპუბლიკელების თავმჯდომარე რეგიონში თამარ გოგოლაძე სიებში არსებულ უზუსტობებზე საუბრობს:

"სიებში მითითებულია რაიონი, გვარი და წერია მისამართის გარეშე, ამის გადამოწმება კი რთულია, რა მექანიზმით უნდა გადავამოწმოთ, ერთი ვარიანტი რჩება, რომ გამგეობას მივმართოთ და დაგვიდასტუროს. სიაშია ბევრი მიცვალებულიც, უმრავლესობა ამბობს, რომ ხმამაღლა თქმა არ უნდა, ამით ალბათ თავდაცვის მექანიზმს იქმნიან".

უმისამართო ამომრჩევლის გარდა კონსერვატორებმა სიებში დიდი ხნის მიცვალებულებიც აღმოაჩინეს. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთში ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ რეგიონის მასშტაბით მათ წარსადგენი კანდიდატების პოვნა გაუჭირდათ.

"სამცხე-ჯავახეთში თითო რაიონში ორი უბანი იქნა ღებული – ერთი სოფლად და მეორე ქალაქად. უფრო მეტი დარღვევები ჯავახეთში დაფიქსირდა სიების თვალსაზრისით. ბევრია წასული საზღვარგარეთ და სიებში მაინც არის, გარდაცვლილებიც ბევრია. მიმდინარეობს მუშაობა კანდიდატების წარსადგენად, თუმცა მათი მოძებნა ძალიან გვიჭირს".

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევა მათ უკვე დაასრულეს. შტაბის ხელმძღვანელი გია კაპანაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციას ახალციხეში სათქმელი ბევრი არაფერი აქვს.

"მზადება მიმდინარეობს, სიებს ვადგენთ, კანდიდატები შევარჩიეთ სოფლებსა და ქალაქებში. ოპოზიციის შენიშვნები ჯერ არ ვიცით, მაგრამ მათ რა შენიშვნა უნდა ჰქონდეთ".

# 37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში აქტიური სამუშაო რეჟიმი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო. კომისიის თავმჯდომარე ინეზა ნარიმანიშვილი აცხადებს, რომ მათ მხოლოდ 10 აპრილიდან შეეძლებათ საარჩევნო სიებზე მუშაობა.

"დაიწყო დროებითი კომისიის შერჩევა, სიების შემოწმება დამთავრდება 10 აპრილს და მერე წარადგენენ საარჩევნო კომისიაში და მერე გვექნება სიებთან მუშაობის შესაძლებლობა".

მოსახლეობის უმრავლესობა 30 მაისის დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, თუმცა ფიქრობენ, რომ ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.

"ადგილობრივი არჩევნებია და სავალდებულოა ყველა ქართველისთვის, რადგან მძიმე მდგომარეობაშია საქართველო, ოკუპირებულია ახალგორი. ,ონაწილეობას მივიღებ".

"არ მივიღებ მონაწილეობას, რადგან მაინც არაფერი შეიცვლება".

უახლოეს დღეებში ახალციხეს თორთლაძე-დემოკრატების სახით კიდევ ერთი პარტია შეემატება.
XS
SM
MD
LG