Accessibility links

logo-print

მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ალასანიას პრეზიდენტობის შანსი არა აქვს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ხელისუფლებისთვის სიურპრიზი არ იქნება. გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად მმართველ პარტიას თბილისში 64%-იანი რეიტინგი აქვს და ამის უპირველესი მიზეზი წარმატებული რეფორმებია. ”კომერსანტის” შეკითხვას გაგრძელდება თუ არა რეფორმების კურსი საქართველოს მომავალ პრეზიდენტად ირაკლი ალასანიას არჩევის შემთხვევაში, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ ალასანიას პრეზიდენტობის შანსი არა აქვს და ის შევარდნაძის რევანშისტია. მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვიზიტზე საუბრისას ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მანამდე იყვნენ გიორგაძე, ებრალიძე, ნოღაიდელი და საქართველოში მათი რეიტინგი ყველაფერს ცხადყოფს. მერაბიშვილის განცხადებით, რუსეთმა საქართველოს საკითხში პასუხისმგებლად პრიმაკოვი დანიშნა და მაშინვე გაჩნდა ქართველი მეფის პროექტი, რომელიც ისევე დაიშალა, როგორც ბაგრატიონთა ქორწინება. ამავე ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, მართლაც უკმაყოფილოა, თუ არა ხელისუფლება საქართველოს და რუსეთის ეკლესიათა ურთიერთობის გამო. თუმცა, გაზეთის შეკითხვას, რომ ეს მხოლოდ ეკლესიების კავშირია, მინისტრმა უპასუხა, რომ ”მხოლოდ” არ არსებობს.
XS
SM
MD
LG