Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადმინისტრაციული ჯარიმების ამნისტია


საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ამნისტია, რომელსაც ახლა პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ, იმ გადაუხდელ ადმინისტრაციულ ჯარიმებს შეეხება, რომელიც 2009 წლის 15 ივნისამდე დაგროვდა. ძირითადად, ესაა მოქალაქეებისთვის საგზაო მოძრაობის წესების ან ეკოლოგიური თუ სანიტარული ნორმების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმები და საურავები. რა კატეგორიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხება ამნისტია და რატომ გადაწყდა მისი მომზადება?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმებისა და საურავების ამნისტია 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გავრცელდება. მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში გადაგზავნა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განცხადებით, ამნისტია არ შეეხება რთული დარღვევებისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებს:

”ეს არ შეეხება ისეთი მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევებს, როგორიც გახლავთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და ასევე შენახვა პირადი მოხმარების მიზნით. არ შეეხება ასევე ალკოჰოლური სასმელების რეალიზების წესის დარღვევას, რომელმაც შეიძლება მძიმე შედეგი მოიტანოს.”

ამნისტია გავრცელდება ისეთ ჯარიმებზე, რომლებიც მოქალაქეებს საგზაო წესების დარღვევის ან ეკოლოგიური ნორმების დაუცველობისთვის დაეკისრათ, მაგრამ დღემდე არ გადაუხდიათ. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამნისტია მათ ორმა მიზეზმა გადააწყვეტინა, ესაა მოსახლეობის ნაწილის მძიმე სოციალური მდგომარეობა და 2009 წლის 15 ივნისიდან სააღმსრულებლო სფეროში გატარებული რეფორმის თანმდევი კანონების ამოქმედება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განცხადებით, ამ თარიღის შემდეგ მოქალაქესა და სააღმსრულებლო ორგანოებს შორის გაუგებრობის წარმოქმნის საფუძველი აღარ არსებობს. ამიტომ ამნისტია მხოლოდ წინა პერიოდს შეეხება:

”რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ ადამიანები ჩაიდენენ სამართალდარღვევებს და სახელმწიფო იქნება მუდმივად მიმტევებელი, ეს არასწორია.”

გიორგი ხუროშვილი აღნიშნავს, რომ ამგვარი ამნისტია ერთჯერადი აქტია. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების ეს ინიციატივა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მსგავსი ამნისტია უკანონოდ მიტაცებული ქონების მიმართ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც გამოცხადდა. ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებებში ანალიტიკოსთა ნაწილი წინასაარჩევნო ქულების დაგროვებაზე მეტად იმ უსამართლო ვითარებას აკრიტიკებს, რომელშიც კანონმორჩილი მოქალაქეები, ანუ, მაგალითად, ისინი აღმოჩნდნენ, ვინც ჯარიმა დროულად გადაიხადა. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტ გია ჯანდიერის კომენტარი:

”გამოდის, რომ სხვა ადამიანები, ვინც დროულად იხდიდა ჯარიმებს, შეცდნენ. მეორე არის ის, რომ მომავალში ისეთი დამოკიდებულება შეიქმნება, რომ დარღვევები კიდევ გვეპატიება.”

ჯანდიერი, ამნისტიის ნაცვლად, უპირატესობას თავად ჯარიმების სისტემის რეფორმირებას ანიჭებს. მთავრობა კი ირწმუნება, რომ ასეთი რეფორმა უკვე განხორციელდა და ამნისტია მხოლოდ ერთჯერადია. ადმინისტრაციული ჯარიმების გაბათილების შესაბამისი კანონის მიღება ერთი თვის მანძილზე იგეგმება.
XS
SM
MD
LG