Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის რეფორმა ახალი რაკურსით


რუსთავის საბავშვო საავადმყოფოში
რუსთავის საბავშვო საავადმყოფოში
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ პირებს უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული სადაზღვევო კომპანიები მოემსახურებიან. ამავე კომპანიებს დაეკისრებათ საავადმყოფოების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაცია ან, საჭიროების შემთხვევაში, ახალი საავადმყოფოების აშენება. ტენდერში სულ 10 კომპანია მონაწილეობს. კომპანიების მიერ წარდგენილი სატენდერო განცხადებების განხილვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში, სულ, მილიონ 250 000 ადამიანია დაზღვეული. აქედან 900 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პირია. სახელმწიფო კანცელარიაში მიმდინარე ტენდერი სწორედ ამ ადამიანთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამარტივებას ისახავს მიზნად.

” სამწლიანი კონტრაქტები გაფორმდება გამარჯვებულ კომპანიებთან, რომლებიც გაიმარჯვებენ ერთ-ერთ მოცემულ რაიონში. შეიძლება იყოს რამდენიმე რაიონი, შეიძლება იყოს ერთი რაიონი, გააჩნია სიდიდეს. გვეცოდინება საბაზრო ფასი, რაც რეალურად ღირს ეს ვაუჩერი, ეს ერთი და, მეორეც, გვეყოლება პასუხისმგებელი სადაზღვევო კომპანია მოცემულ რაიონში, რაც თავისთავად ძალიან კარგია, ვინაიდან აქ უკვე ხარისხზე კონტროლიც უფრო მარტივი იქნება სახელმწიფოსთვის და, ბუნებრივია, მოსახლეობასაც ეცოდინება, ვისთან შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეთ”, -

ამბობს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი.

ტენდერი თბილისსა და რეგიონებში 27 ლოტზეა გამოცხადებული და მასში გამარჯვების ერთ-ერთი კრიტერიუმი მომსახურების დაბალი ფასი იქნება, ანუ სადაზღვევო მომსახურების პაკეტი სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთათვის არ იცვლება, კონკურსში კი უპირატესობა მიენიჭებათ იმ კომპანიებს, რომლებიც ამ პაკეტში საუკეთესო ფასს წარადგენენ. სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს მედიაციის სამსახური. აღებული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიების მიმართ სანქციები გატარდება: მათ სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ.

ჯანდაცვა და განათლება 2010 წლის სამთავრობო პრიორიტეტებად მიმდინარე წლის დასაწყისშივე დასახელდა. ჯანდაცვის ახალი რეფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, სადაზღვევო რეფორმაც მოიცვა, ერთი მხრივ, გულისხმობდა სახელმწიფო დაზღვევაში წამლის თანადაფინანსების შემოღებას, სადაზღვევო ვაუჩერის საბაზრო ფასის განსაზღვრას და 100 საავადმყოფოს პროექტის სახეცვლილებას, ანუ რეგიონში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციისა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროცესში სადაზღვევო კომპანიების ჩართვას. საინიციატივო წინადადებების მოსამზადებლად კომპანიებს სამი თვე განესაზღვრათ. 14 სადაზღვევო კომპანიიდან ტენდერში მონაწილეობა 10-მა გადაწყვიტა. მათ შორისაა ”არქიმედეს გლობალ ჯორჯია.” მისი გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ რამიშვილი, ამბობს:

” გეგმით ჩვენს კომპანიას გათვალისწინებული აქვს ბაზრის 5-10 პროცენტის აღება, რისთვისაც ჩვენი კომპანიაც და აქციონერებიც მზად არიან განახორციელონ შესაბამისი ინვესტიციები ჰოსპიტალური რეფორმის პროგრამაში და მოემსახურონ დაზღვეულებს იმ პროგრამით, რასაც ითვალისწინებს აღნიშნული ტენდერი.”

ტენდერში მონაწილე კომპანიებს, პირველ რიგში, იმის გათვალისწინება უწევთ, რომ 2011 წლის ივლისიდან სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების ახალი ნორმებისა და სტანდარტების შემოღებას გეგმავს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დანერგვას გულისხმობს.

საქართველოში ”ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ” გენერალური გეგმის თანახმად, 100 საავადმყოფოს მშენებლობის კამპანიის დაწყებისას, ანუ 2007 წელს, სახელმწიფოს ბალანსზე 244 საავადმყოფო ოყო. ამ საავადმყოფოების ნაწილი ინვესტორთა ვიწრო წრის ხელში აღმოჩნდა. პირდაპირი მიყიდვის, მათ საავადმყოფოები სიმბოლურ ფასად-1000 დოლარად - გადაეცათ. საქართველოს მასშტაბით, პრივატიზებული სამედიცინო დაწესებულებების ძირითადი ნაწილი ჩეხურ კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” ხელში აღმოჩნდა. 7 აპრილს, სადაზღვევო კომპანიების საინიციატივო წინადადებების განხილვის დაწყებისთვის, ცნობილი გახდა, რომ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ”ბლოკ-ჯორჯიას” ფინანსური სანქცია დაეკისრება და ასევე ჩამოერთმევა ბონუსად მიღებული ყველა დაწესებულება.კომპანიას, ”TBC” ბანკისაგან აღებული ფინანსური რესურსის ფარგლებში, 100 საავადმყოფოს პროექტით ის ვალდებულებები დარჩება, რომელთა შესასრულებლადაც ეს რესურსი ეყოფა. რომელ რაიონებში მოუწევს კომპანია ”ბლოკ-ჯორჯიას” საავადმყოფოების აშენება და რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება მას, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 7 აპრილს კი „ბლოკ-ჯორჯიასთან“ დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოწონებით გამოეხმაურნენ ქრისტიან-დემოკრატები:

” სიახლეს არც ადრე და არც ახლა წარმოადგენს ის, რომ „ბლოკ-ჯორჯია“ ვერ და არ ასრულებდა კონტრაქტით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამდენად, ჩვენ ვთვლით, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ნაგვიანევი, მაგრამ აუცილებელი”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველები, ვინც სამედიცინო ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობაში სადაზღვევო კომპანიების ჩართვის ინიციატივა ჯერ კიდევ იანვარში გააკრიტიკა, სწორედ ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ. ისინი აზრს არც ახლა იცვლიან და მიიჩნევენ, რომ საავადმყოფოები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიები ჯანდაცვის სისტემის დამოუკიდებელი სეგმენტები უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო მონოპოლიების შექმნას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG