Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის მიმართვა მსოფლიოს: „აღიარეთ, რომ რუსეთი ოკუპანტია!“


საქართველოს პარლამენტში იმედოვნებენ, რომ მსოფლიო პარლამენტები გამოეხმაურებიან ქართველი კოლეგების მიმართვას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს ოფიციალურად მიანიჭებენ ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, დეპუტატებმა მიმართვა წერილობითი ფორმით 50-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტებს გაუგზავნეს. რას ფიქრობენ დეპუტატები და პოლიტიკის ექსპერტები მიმართვისა და მისი ეფექტიანობის შესახებ?

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული წერილი ევროპის ყველა სახელმწიფოს პარლამენტებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ისრაელის, ინდოეთის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და აფრიკული ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს გაეგზავნათ. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ არ ელოდება წერილის ადრესატთა მყისიერ რეაქციას, თუმცა, ამის მიუხედავად, ეჭვი არ ეპარება, რომ მიმართვა დადებით შედეგს გამოიღებს, რადგანაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უკვე აღიარებული აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ისევე როგორც ეთნიკური წმენდა აღიარებულია ეუთოს მეთაურთა სამიტებისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 და 2009 წლებში.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მეტი სიცხადე ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ პასუხისმგებლობის გასამძაფრებლად, რაც აკისრია რუსეთს, როგორც ოკუპანტს. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადაიდგა - მაგალითად, ლიტვისა და ჩეხეთის პალამენტებში მიღებული იქნა სათანადო დოკუმენტები რამდენიმე თვის წინ. უბრალოდ, ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ეს არის პროცესის ნაწილი, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა საპარლამენტო დონეზე, რათა წინ წავიწიოთ დიპლომატიურ ფრონტზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის მტკიცებით, წერილის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, თუმცა მის შინაარსს სავსებით იზიარებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. მეტიც, წერილი სრულად პასუხობს მის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების სულისკვეთებას:

„არანაირი დე ფაქტო და დეფექტი ხელისუფლება არ არსებობს. ადრე დეფექტი იყო და ახლა ისიც აღარაა. არსებობს რუსული საოკუპაციო ხელისუფლება. ყველას გასაგონად ვამბობ, რომ აღარ წამოგვცდეს. არ არსებობს დე ფაქტო ხელისუფლება და არ არსებობს დე ფაქტო საზღვარი. არსებობს დემარკაციის გამყოფი ხაზი, ოკუპანტების მიერ გავლებული და არსებობს საოკუპაციო ხელისუფლება.“

საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ამგვარი რეალობის დანახვა და აღიარება დააჩქარებს როგორც აგრესორის დასჯას, ასევე კონფლიქტის მოგვარებას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია განმარტავს:

„საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ანექსირებული, რაც უკვე დანაშაულია. აქედან გამომდინარე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იფიქრებს სანქციებზე და ჩვენ ეს ნებისმიერი მიმართულებით (საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სასამართლოები) საშუალებას მოგვცემს როგორც დეოკუპაციაზე, ასევე ჩადენილი დანაშაულის გამო კონტრიბუციაზეც ვიფიქროთ.“

მიმართვის შინაარსსა და ადრესატთა სიას იწონებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ქართველი ექსპერტები, თუმცა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე ვარაუდობს, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები წაუყრუებენ თბილისიდან მიღებულ გზავნილს.

„დასავლეთისა და ევროპის წამყვან ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების „ჟენევის პროცესში“, როგორც შუამავლებს, ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუკი ისინი აღიარებენ ოკუპაციას. მაშინ საფრთხის ქვეშ დადგება მოლაპარაკების არსებული ფორმატი, რომელიც უნიკალური სახით არსებობს - „ჟენევის პროცესის“ სახით. ამდენად, მგონია, რომ მიმართვა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს ამ ქვეყნებს. ერთგვარი „ჭეშმარიტების წამის“ წინ დააყენებს, მაგრამ დასაწყისში მაინც თავს შეიკავებენ და დიპლომატიური ხერხების გამოყენებით თავს აარიდებენ მიმართვაზე პირდაპირ რეაგირებას“, უთხრა არჩილ გეგეშიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG