Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მიმავალ 31-ე ბატალიონს საბრძოლო დროშა გადაეცა


31-ე ბატალიონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს
31-ე ბატალიონი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს
7 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. 31-ე ბატალიონი ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების, ISAF-ის, ეგიდით სამშვიდობო მისიის შესრულებას ავღანეთში აპრილის შუა რიცხვებიდან შეუდგება. ეს იქნება ქართველი სამხედროების მეორე ნაკადი, ასეულის შემდეგ, რომელიც ავღანეთში 2009 წლის 16 ნოემბერს გაემგზავრა. ქართული ასეული სამშვიდობო მისიას ქაბულში საფრანგეთის კონტინგენტის შემადგენლობაში ასრულებს. 736-კაციანი ბატალიონი კი ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში იმოქმედებს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ 31-ე ბატალიონს, რომელიც 6-თვიანი როტაციით ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მომავალ კვირაში გაემგზავდება, 7 აპრილს ვაზიანის ბაზაზე საბრძოლო დროშა გადაეცა.

საბრძოლო დროშის მიღებამდე 31-ე ბატალიონმა ინტენსიური მომზადების ექვსთვიანი კურსი გაიარა, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით. წვრთნის პროცესი მიმდინარეობდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31-ე ბატალიონი მომზადებულია დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის შექმნის, გადაადგილებისას თანხლებისა და ასევე დაშავებულთა ევაკუაციის ოპერაციებისთვის.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი
ის, რომ ქართველმა სამხედროებმა მომზადების პროცესში განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი, 7 აპრილს არაერთხელ ითქვა ვაზიანის ბაზაზე შეკრებილთა მხრიდან და ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა - გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ნატონსკიმ, როცა ის ტრიბუნიდან უშუალოდ ბატალიონს მიმართავდა:

”საზღვაო ქვეითებზე, რომლებიც გწვრთნიდნენ, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა თავდადებამ, ენთუზიაზმმა და პროფესიონალიზმმა... საზღვაო მარინები, რომლებიც ახლა ავღანეთში იმყოფებიან, სულმოუთქმელად ელიან, როდის შეუერთდებიან მათ ძმები საქართველოდან...მინდა გისურვოთ დიდი იღბალი. ღმერთი გლოცავთ და, როგორც საზღვაო ქვეითები ერთმანეთს ვეუბნებით ხოლმე - ვაშა!”

გენერალ-ლეიტენანტმა რიჩარდ ნატონსკიმ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, მთავრობასა და არმიას ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი დიდი წვლილისთვის, რომლის დავიწყებაც, მისი თქმით, უბრალოდ, ”შეუძლებელია.” აქვე გავიხსენოთ, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს მიმართ მადლიერება არაერთხელ გამოუხატავთ ნატოს ხელმძღვანელ პირებს თუ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს. 6 აპრილს კი ეს კიდევ ერთხელ გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ის ტელეფონით დაუკავშირდა. ამ ფაქტს 7 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმაც გაუსვა ხაზი და ისიც თქვა, რომ ამერიკა მომავალში მეტ დახმარებას გაუწევს ქართველ სამხედროებს. საუბარია პენტაგონის მხრიდან დამატებით დაფინანსებაზე, რაც ავღანეთში საქართველოდან გასაგზავნი სამხედროების მომდევნო ნაკადის წვრთნასა და აღჭურვას მოხმარდება. აღჭურვილობაში, ჯონ ბასის თქმით, იგულისხმება ავტომობილები და ყველა ის ტექნიკური საშუალება, რომელიც აუცილებელია ყველა სამხედროსთვის ავღანეთის ”სახიფათო გარემოში” სამსახურისთვის.

საქართველოს მხრიდან საერთაშორისო უსაფრთხოებაში შესატანი წვლილის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ვაზიანის ბაზაზე 7 აპრილს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ლაპარაკობდნენ - მათ შორის, მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია თუ ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე. გიორგი ბარამიძემ გამოყო 3 ფაქტორი, რომელთა გამოც, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა საქართველოს ინტერესებშიც შედის:

ბაჩო ახალაია, დევი ჭანკოტაძე, გიორგი ბარამიძე და ჯონ ბასი
”საქართველოს, პირველ ყოვლისა, სჭირდება ბრძოლისუნარიანი, ნამდვილი, სერიოზული ჯარი, რომელიც შეძლებს საქართველოს ინტერესების დაცვას; მეორე - ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციები განიმტკიცოს და საქართველო გახდეს ერთიანი, ყოველგვარი საოკუპაციო ჯარებისგან თავისუფალი და საქართველო გახდეს ნატოს წევრი... მესამე ჩვენი უმნიშვნელოვანესი ინტერესი არის ის, რომ მსოფლიოში ტერორიზმს არ ჰქონდეს გასაქანი...”

საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 7 აპრილს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა, არ ესწრებოდნენ ჯარისკაცების ოჯახის წევრები. რკინის ჭიშკრის მიღმა კი რადიო თავისუფლება ერთ-ერთი სამხედროს, ვეფხვია კეკელიძის, დეიდას, ლიანა კალანდაძეს, გაესაუბრა. დისშვილის გადაწყვეტილებას - ერაყის შემდეგ ძალები უკვე ავღანეთში მოსინჯოს - ის აბსოლუტურად ამართლებს:

”ეს ბიჭები არიან ჩვენი საფუძველი, დასაყრდენი იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროგაერთიანებაში... ძალიან მიკვირს, რატომ გაგრძელდა ამდენხანს ავღანეთში ეს ომი... ამ საქმეს ყველაზე მეტი ამერიკელი ეწირება. და მაგათ ახლა უერთდებიან ჩვენი ქართველი მაგარი მებრძოლი ბიჭები, რომლებიც არიან გამოწვრთნილი... იგივე ამერიკელები არიან ჩვენი ბიჭები, ისე არიან გამოწვრთნილი. ამერიკის ყაიდაზე არიან - ფორმიანად, ჩაცმიანად, მოქმედებიანად და ყოველნაირი ცოდნით...”

ლიანა კალანდაძის მსგავსად, სხვა სამხედროების ოჯახის წევრებიც იმედოვნებენ, რომ საქართველოს აუცილებლად დაუფასდება ის მამაცობა და თავდადება, რასაც ქართველი სამხედროები ავღანეთში გამოავლენენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG