Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი კარზაის აფრთხილებს, რომ მისი ვიზიტი შეიძლება ჩაიშალოს


ჰამიდ კარზაი

ჰამიდ კარზაი

თეთრმა სახლმა საჯაროდ განაცხადა, რომ განიხილავს ავღანეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის საკითხს, თუკი ჰამიდ კარზაი გააგრძელებს შემაშფოთებელ გამოსვლებს. კარზაიმ გასულ კვირებში არაერთხელ შეუტია დასავლეთს და ისიც კი თქვა, თუკი ჩემზე ზეწოლას გააგრძელებენ, შეიძლება თალიბანს შევუერდეო.

ჰამიდ კარზაის უკმაყოფილება და გამოხდომები დასავლეთის, პირველ რიგში, აშშ-ის მიმართ თეთრმა სახლმა უპასუხოდ არ დატოვა. პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ საქვეყნოდ გააფრთხილა ავღანელი მოკავშირე, რომ თუკი გააგრძელებს ასეთი აზრების გამოთქმას, 12 მაისისთვის დაგეგმილი მისი ვიზიტი ვაგინგტონში შეიძლება ჩაიშალოს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა თქვა, უნდა გავარკვიოთ, თუკი ასეთივე შენიშვნებით გამოვა კარზაი, შეიძლება თუ არა შეხვედრა იყოს კონსტრუქციულიო.

დაძაბულობა დაიწყო გასულ კვირაში, როცა კარზაიმ დასავლეთს დააკისრა პასუხისმგებლობა შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში. მანვე იქვე თქვა, რომ შეუერთდება თალიბანს, რომელიც საერთაშორისო ჯარს ებრძვის ავღანეთში, თუკი ოპოზიციონერი კანონმდებლები და საერთაშორისო თანამეგობრობა მასზე ზეწოლას გააგრძელებენ. რობერტ გიბსმა თეთრ სახლში 6 აპრილს განმარტა კარზაის გასაგონად, რომ კორუფციასთან ბრძოლისას სწორი მართვა არსებითია სტაბილური უშიშროებისა და სამხედრო ეფექტიანობისთვის.

რეაქცია მძაფრი იყო ბრიუსელიდანაც, ნატოს შტაბბინიდან, საიდანაც გააფრთხილეს ის, ხელს ნუ უშლი ავღანეთის საზოგადოებრივ მხარდაჭერას ნატოს მიმართო. ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ნატო დიდად ცდილობენ და მსხვერპლს იღებენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანელი ხალხის დასახმარებლად. კიდევ უფრო მძაფრი იყო ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, პიტერ გელბრაიტის, კომენტარი, კითხვები მიჩნდება კარზაის მენტალური სტაბილურობის გამოო. მისივე ინფორმაციით, ქაბულში დიპლომატები ადრეც გამოთქვამდნენ, ამ მხრივ, შეშფოთებას. გელბრაიტი თანამდებობიდან გაათავისუფლეს დაპირისპირების დროს, რომელიც მოჰყვა ავღანეთის მთავრობაზე ზეწოლას არჩევნების გაყალბების ბრალდებით. ის, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, ადანაშაულებს კარზაის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაყალბებასთან კავშირში. კარზაისა და აშშ-ის უთანხმოება გამოვლინდა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტისას, როცა მხოლოდ ერთი საათით ადრე აუწყეს ჰამიდ კარზაის ვაშინგტონელი სტუმრის ჩასვლის შესახებ, რაც, ავღანური სტანდარტებით, ავტორიტეტის შესაძლებელ დაკარგვაზე მიანიშნებს.

ავღანეთის პრეზიდენტი ძალიან მგრძნობიარეა, როცა საქმე მისი ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება. მას არაერთხელ უთქვამს, რომ აუცილებელია ავღანეთის მთავრობა მიჩნეული იყოს უცხოური გავლენისგან თავისუფალ ადმინისტრაციად. ეს მან გაიმეორა თემთა ლიდერებთან შეხვედრაზე 4 აპრილს. ჰამიდ კარზაის უთქვამს, ავღანეთის მდგომარეობა მაშინ იქნება კარგი, როცა ჩემი ხალხი დაიჯერებს, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელია და არა ვიღაცის მარიონეტიო. კარზაის მიაჩნია, რომ ავღანელებმა თავიანთი სუვერენულობა უნდა დაამტკიცონ და საკუთარი ფასეულობები დაიცვან.
XS
SM
MD
LG