Accessibility links

logo-print

რუსეთში კატინის ტყეში პოლონელების ხოცვა-ჟლეტის 70 წლისთავი აღნიშნეს


კატინის ხოცვა-ჟლეტიდან, როცა საბჭოთა საიდუმლო სამსახურმა, „ენ-კა-ვე-დედ“ წოდებულმა უწყებამ, სტალინ-ბერიას ბრძანებით, ათასობით პოლონელი - სხვათა შორის, სამხედრო ოფიცერი - დახოცა, 70 წელი გავიდა. 7 აპრილს პოლონეთის და რუსეთის პრემიერ-მინისტრებმა, დონალდ ტუსკმა და ვლადიმირ პუტინმა, ეს დღე ერთად აღნიშნეს, რაც პირველი შემთხვევაა ისტორიაში.

„დედებს - დედების მთელ თაობას - წაართვეს არსებობის უფლება. ისინი ვერ შოულობდნენ სამუშაოს. თუ მუშაობდნენ და გაუგებდნენ, რომ კატინის მსხვერპლი ოფიცრების ქვრივები იყვნენ, სამსახურს ატოვებინებდნენ. ახალგაზრდებს, მათ შვილებს, უმაღლესი განათლების მიღების უფლებას არ აძლევდნენ.“- ამ სიტყვების მთქმელს, ანჯეი სკაპსკის, მშობლები კატინში დაუხოცეს. აკრძალვა, რომელზეც ის ლაპარაკობს, კომუნისტური პერიოდის პოლონეთში ხდებოდა. რასაც უარყოფდა კრემლი, მისი თანამგზავრი პოლონეთის მთავრობა აქტიურად ახორციელებდა. ახლა კატინში რუსეთის პრემიერ- მინისტრი ვლადიმირ პუტინი იწვევს პოლონეთის პრემიერს დონალდ ტუსკს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის გადაწყვეტილება, პატივი მიეგო კატინის მსხვერპლთათვის, სიმბოლურად „ძალიან დიდი მნიშვნელობისაა“. ტუსკი, მისივე სიტყვებით, ამ მიწვევას პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს. დღემდე, როგორც ითქვა, ასეთი ერთობლივი ჩასვლა კატინში რუსი და პოლონელი ოფიციალური პირებისა არ შემდგარა. პოლონელი ლიდერები კატინს სტუმრობდნენ ხოლმე მხოლოდ არაოფიციალურად. მეზობლებს შორის ურთიერთობა - მართალია, არამხოლოდ კატინის ხოცვა-ჟლეტის გამო - ისტორიულად ამღვრეულია. ამაში კატინს თავისი დიდი ადგილი უკავია, რადგან მოსკოვი დიდხანს საერთოდ არ აღიარებდა მომხდარს და პოლონელების მასობრივ დახოცვას ნაცისტებს აბრალებდა. სანამ თვითონ ფაქტის დამალვისა და მისი გამომზეურების გარშემო ოდნავ მეტს გეტყოდეთ, მოუსმინეთ მარეკ ლასოტას, პოლონელ ისტორიკოსს, რომელიც ხსოვნის ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს კრაკოვში, პოლონეთში, და რომელიც ფიქრობს, რომ პუტინის იქ ჩასვლა რუსეთის დამოკიდებულების შეცვლის ნიშანია: “მინდა დავიჯერო, რომ პუტინი მართლა ჩადის იქ და ცერემონიაში მონაწილეობას იღებს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ არიდებს თავს პასუხისმგებლობას ფაქტზე, რომელიც მის მიერ მიღებული ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ მას სურს ხაზი გაუსვას და ამგვარად გამოხატოს თავისი გრძნობა დანაშაულის მიმართ.“

კატინის ტყეში პოლონელების დახოცვის 1940 წლის მარტის ბრძანება, რომელიც საბჭოთა უშიშროების სამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს, ლავრენტი ბერიას, ეკუთვნის, სტალინის ხელმოწერილია. ეს დოკუმენტი, ათწლეულების მანძილზე უარყოფის შემდეგ, მოსკოვმა გადასცა პოლონეთს 1990 წელს. მანამდე საბჭოთა ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა აღიარა, რომ დანაშაული „კა-გე-ბეს“ წინამორბედმა „ენ-კა-ვე-დემ“ ჩაიდინა. რუსი ისტორიკოსი ნატალია ლებედევა ფიქრობს, რომ კატინის საქმის მოგვარება,რაც რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული, დიდხანს გაგრძელდება: „ეს არა მხოლოდ მთავრობებს, ხალხებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ხელის შემშლელი ზღუდეა. ადამიანები პოლონეთში ძალიან განაწყენებულნი არიან, რომ მათი ტკივილის გაზიარება არ სურთ, განაწყენებულნი არიან იმით, რომ ჩვენ ამ სიმართლეს ვმალავთ. როცა კი ისინი იგრძნობენ, რომ ეს ტკივილი ჩვენთვისაც ახლობელია, რომ მათ ტკივილს ვიზიარებთ და სიმართლის გაგება გვსურს, ამას პოლონეთში, უდიდესი კმაყოფილებით მიიღებენ.“

2004 წლის სექტემბერში, პოლონეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ კვაშნევსკის, რუსეთში ვიზიტისას, კრემლმა განაცხადა, რომ ის პოლონეთს გადასცემდა ყველა დოკუმენტს მას მერე, რაც ისინი აღარ იქნებოდა კლასიფიცირებული როგორც „სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი“ დოკუმენტები. 2005 წელს რუსეთის პროკურატურამ საქმე გამოიძია და დაადგინა, რომ მოხდა 2000 პოლონელი მოქალაქის მკვლელობა, რომ ეს არ იყო გენოციდი, რომ დამნაშავენი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ და, ამდენად, საქმის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. სასამართლომ იმავე რუსეთში არ ისურვა ამ დოკუმენტების გამოქვეყნება და შეუნარჩუნა მათ გრიფი „საიდუმლო“, რითაც მსხვერპლთა უამრავ მემკვიდრეს არ მიეცა საშუალება თავისი დაკარგული ახლობლების ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ ცნობები მოეპოვებინა. წელს, ხუთ მარტს, უფლებადამცავმა ჯგუფმა, „მემორიალმა“, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს მიმართა თხოვნით, განეახლებინა გამოძიება კატინის საქმისა, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ომის დანაშაულად და კაცობრიობის წინაშე დანაშაულად შეფასდა. იმის მიუხედავად, რომ კატინის საქმის მასალები საიდუმლოდ რჩება, რუსეთში, მართლაც, არის ნიშნები, რომ ტრაგედიაში გარკვევა სურთ. ორ აპრილს ტელეარხმა „კულტურამ“ რუსეთში პირველად უჩვენა „კატინი“, რეჟისორ ანჯეი ვაიდას ფილმი, რომელმაც 2007 წელს „ოსკარი“ მოიპოვა.

ისტორიკოსი ნატალია ლებედევა:

„როცა მეუბნებიან, რომ ჩემი მოქმედება სხვების ინტერესებს ემსახურება, მე ვუპასუხებ: კატინის შესახებ სიმართლის გარკვევა, პირველ რიგში, ჩვენს ინტერესებშია, რადგან ჩვენს მიწაზე მოხდა ეს დანაშაული. თუ ჩვენ არ გამოვარკვევთ სტალინიზმის ყველა ქმედების შესახებ სიმართლეს, ადრე თუ გვიან იმავე ვითარებაში აღმოვჩნდებით.“

რუსეთის ვითარებას აკრიტიკებს ხოლმე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაშინსკი, რომელმაც კატინის ხოცვა-ჟლეტის 70 წლისთავის ცერემონიაზე კრემლისგან მიწვევა არ მიიღო. კაშინსკიმ თქვა, რომ ის ცალკე გეგმავს ცერემონიას კატინის ტყეში 10 აპრილისთვის და რომ ის იქ პოლონელ ვეტერანებსა და მსხვერპლთა ნათესავებთან ერთად ჩავა.

რაც შეეხება 7 აპრილს, პრემიერები, პუტინი და ტუსკი, დღეს კატინში ერთად უსმენდნენ ქრისტიანულ, იუდაისტურ და მაჰმადიანურ ლოცვებს მსხვერპლთა ხსოვნის მონუმენტთან. ვლადიმირ პუტინს მომხდარის გამო ბოდიში არ მოუხდია, რასაც ზოგიერთი იმედოვნებდა პოლონეთში. მან მხოლოდ თქვა, ჩვენ ვერ შევცვლით, რაც წარსულში მოხდა - რუსები და პოლონელები ერთად გახდნენ, როგორც ძმები, ტოტალიტარიზმის მსხვერპლიო.
XS
SM
MD
LG