Accessibility links

logo-print
გაერთიანებამ ”ალიანსი საქართველოსთვის” სხვა ოპოზიციურ ძალებთან 1 აპრილს დაწყებული კონსულტაციები 8 აპრილს უკვე დასრულებულად გამოაცხადა. საუბარია „ალიანსის“ თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის ინიციატივით წარმართულ მოლაპარაკებებზე, რომელიც ოპოზიციურ ძალებს შორის ”დიდი შეთანხმების” მიღწევასა და ”გამარჯვების ფორმულის” გამოყვანას ისახავდა მიზნად და რომელშიც აქტიურად იყო ჩართული მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე. რატომ თქვა უარი „ალიანსმა“ მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე და ვისთვის და რა პირობით დატოვა მან კარი ღია?

თავდაპირველად გავიხსენოთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც სოზარ სუბარის ინიციატივით დაიწყო, მიზნად ისახავდა შეთანხმებას 3 ძირითად საკითხზე. ეს საკითხები უკავშირდებოდა: თბილისის მერობის კანდიდატურას, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურასა და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილებას ოპოზიციურ პარტიებს შორის. სუბარი მოქმედებდა „ალიანსის“ სხვა პოლიტიკური სუბიექტების სახელითაც და ოპოზიციის ”დიდი შეთანხმების” აუცილებელ წინაპირობად თბილისის მერის პოსტზე „ალიანსის“ კანდიდატის, ირაკლი ალასანიას, მხარდაჭერას განიხილავდა. მართალია, წინა პერიოდში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ალასანიას ლიდერობას არ აღიარებდა ლევან გაჩეჩილაძე, მაგრამ ის მაინც გამოეხმაურა სოზარ სუბარის ინიციატივას და ოპოზიციის ”გამარჯვების ფორმულის” გამოსაყვანად მოლაპარაკებების გზას სოზარ სუბართან ერთად 1 აპრილს გაუდგა. ამ გზამ ისინი ჯერ „მრეწველებთან“, შემდეგ „ეროვნულ საბჭოსა“ და ბურჯანაძის პარტიასთან მიიყვანა.

იყო უთანხმოება ირაკლი ალასანიას უპირობო ლიდერად აღიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ სოზარ სუბარი ჯერ კიდევ 6 აპრილს, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, საკმაოდ დიდ ოპტიმიზმს გამოხატავდა მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დაგვირგვინებასთან დაკავშირებით. თუმცა, აი, უკვე 8 აპრილს მის ოპტიმიზმს წერტილი დაესვა:

”გამარჯვების ფორმულას წარმოადგენდა 3 კომპონენტი, რომლებიც ერთმანეთს ავსებდა. მაგრამ, რადგანაც შეთანხმების მზაობა არ იყო სამივე კომპონენტზე, ახლა მოლაპარაკებების გაგრძელება, როდესაც არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი, იქნებოდა დროის კარგვა, რომელსაც შეიძლება შედეგი არ მოჰყოლოდა. ამიტომ გადაწყდა, რომ ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით, რომლითაც მივდიოდით აქამდე.”

გადაწყვეტილება, რომელზეც სოზარ სუბარი ლაპარაკობს, ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც „ალიანსის“ ლიდერებმა პირველი მოლაპარაკებები გამართეს 8 აპრილს თბილისში დაბრუნებულ ირაკლი ალასანიასთან. ამ ფონზე ლოგიკურად იბადება შეკითხვა - ითამაშა თუ არა სწორედ ირაკლი ალასანიამ გადამწყვეტი როლი სხვა ოპოზიციურ ძალებთან მისი არყოფნის დროს დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტაში? სოზარ სუბარი ამბობს, რომ არა, სხვა პარტიებთან წარმოებული მოლაპარაკებების შეწყვეტა მხოლოდ ალასანიას გადაწყვეტილება არ იყო და რომ 8 აპრილის შეხვედრაზე სწორედ ამ აზრზე იდგა „ალიანსის“ ყველა ლიდერი.

„ალიანსის“ ლიდერების განცხადებით, ალასანიას მხარდაჭერას, თუკი ამის სურვილი მომავალში მაინც ექნებათ, სხვა პოლიტიკურ ძალებს არავინ დაუშლის და ასეთებისთვის კონსულტაციების კარი ისევ ღიაა. თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ”საქართველოს გზასთან” და კახა შარტავას ”ეროვნულ ფორუმთან”.

ასეა თუ ისე, „ალიანსი საქართველოსთვის“ ამიერიდან, მხარდამჭერებთან ერთად, გამარჯვების საკუთარი ფორმულის გამოყვანას შეეცდება და ამისთვის მზადყოფნა 8 აპრილს ირაკლი ალასანიამაც გამოხატა:

”ჩვენ, „ალიანსი“, ერთიანი ძალით ვაგრძელებთ ბრძოლას არჩევნებში გამარჯვებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ მცდელობა არ დაგვიკლია „ალიანსს“, რომ მომხდარიყო პოზიციების შეჯერება ოპოზიციურ ძალებთან... ”

ოპოზიციურ ძალებთან პოზიციების შეჯერება ვერ მოხერხდა. შედეგად, თავ-თავიანთი გზებით წასვლა მოუწევთ როგორც ”მრეწველებს”, ასევე „ეროვნულ საბჭოს“. ”მრეწველებს” მერის პოსტისთვის საკუთარი კანდიდატი ჰყავთ, გოგი თოფაძის სახით; ხოლო „ეროვნულმა საბჭომ“ საერთო კანდიდატი, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, 9 აპრილს უნდა გამოაცხადოს. როგორც ვიცით, არჩევანი ”კონსერვატორების” ლიდერს - ზვიად ძიძიგურსა და „ხალხის პარტიის“ ლიდერს - კობა დავითაშვილს შორის კეთდება. საბჭოს კიდევ ერთი ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი, დარწმუნებულია და ალასანიას „ალიანსის“ გასაგონად ამბობს, რომ „ეროვნული საბჭოს“ გარეშე არჩევნებში ”გამარჯვება არ არსებობს”. ”ყოველ ჯერზე ინიციატივა მოდიოდა მათგან... არ ითანამშრომლებენ და ნუ ითანამშრომლებენ”, - ამბობს ნოღაიდელი ალიანსელებზე. ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გზას დაადგება ლევან გაჩეჩილაძე.
XS
SM
MD
LG