Accessibility links

logo-print
ევროპული ტურნეს შემდეგ რეინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიას ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში წარადგენს. ამ სტრატეგიის გარდა, საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონიც მოქმედებს, რომელიც ძირითად საკითხებში სტრატეგიასთან შეუსაბამოა. რომელ დოკუმენტს ენიჭება უპირატესობა და როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს შეუსაბამობა?

სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჯერ ისევ მექანიზმების განხილვის სტადიაშია. პარლამენტში მსჯელობისას რეინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრთან ერთად ახლად დაარსებული კოალიცია „სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი ვერა ქობალია საუბრობს:

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავიტანოთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებაში იმაზე, რაც გრძელდება ამ მომენტში საქართველოში - ეს არის რუსეთის ოკუპაცია; ასევე გავიტანოთ ინფორმაცია იმაზე, რომ ეთნიკური წმენდა მოხდა საქართველოში ოთხმოცდაათიან წლებში და ორი ათას რვა წელს.“

ტერმინოლოგია, რომელსაც ვერა ქობალია იყენებდა, მიუღებელი აღმოჩნდა კრიზისის საერთაშორისო ცენტრისთვის. ცენტრის ექსპერტი მედეა ტურაშვილი შენიშნავს:

„იცით, ისეთი ტერმინები, როგორიცაა გენოციდი, ეთნიკური წმენდა, სამხედრო დანაშაულებები, მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასე, ჰაერზე, ასეთი ტერმინებით საუბარი.“

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის - მსოფლიოში კონფლიქტების დარგში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის - დასკვნაში აფხაზეთის შესახებ ვკითხულობთ:

„ყველა მხარის ინტერესებშია შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა არის საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან - ძირითადად, ლეგალურ სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი საკითხები მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დარეგულირდეს. ამავე დროს, საქართველო მტკიცედ უნდა დადგეს საკუთარ მიზანთან, არ ეძებოს აფხაზეთის იზოლაცია, დაიწყოს ტრანზიტის აღდგენა, ვაჭრობის, ხალხის კონტაქტების და ჰუმანიტარული კონტაქტების აღდგენა. ამას შეუძლია ნელ-ნელა დაეხმაროს ორივე მხარეს ეკნომიკურად და ასევე დაეხმაროს სოხუმს გაზარდოს თავისი ეკონომიკური კონტაქტები, რომელიც დღეს, ძირითადად, რუსეთით შემოიფარგლება.“

საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მონაცემებით, აფხაზეთის ეკონომიკა 80-ზე მეტი პროცენტით, სწორედ ამ იზოლაციის გამო, რუსეთზეა დამოკიდებული. აფხაზეთის ასეთ დონეზე იზოლაციას კი თავად ქართული კანონმდებლობა - კერძოდ კი, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - განსაზღვრავს. ამ კანონის მიხედვით, კანონგარეშეა აფხაზეთის ურთიერთობები საერთაშორისო - მათ შორის, ჰუმანიტარულ - ორგანიზაციებთან. სწორედ ამის გამო კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ცვლილებებს საქართველოს საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი და სხვა ექსპერტებიც სთხოვენ. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით:

„კანონი მუშაობს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ანტისახელმწიფოებრივია. გლეხი რო გლეხია, რომელსაც, მაგალითად, თხილი გადმოაქვს, ამ კანონით, შეგიძლია ციხეში ჩასვა, რადგან ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.“

თუმცა სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, პირიქით, ჩართულობასა და მხარეების ინტეგრაციაზე, ვაჭრობის აღდგენასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას. მედეა ტურაშვილი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფიდან, ამბობს:

„უნდა დაისვას საკითხი, რომელ დოკუმენტს ენიჭება უპირატესობა - ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს თუ სტრატეგიას. სტრატეგია უფრო ღიაა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ბევრ რამეს კრძალავს. შესაბამისობაში ეს ორი დოკუმენტი არ მოდის ერთმანეთთან.“

კანონი იურიდიულად პარლამენტის მიერ მიღებულია, ხოლო სტრატეგია სამთავრობო ინიციატივაა. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იურიდიულად კანონი უპირატესია:

„თუ კანონი არ შეიცვალა, სტრატეგია იქნება ლამაზი სიტყვები ლამაზ ქაღალდზე.“

რაც შეეხება სტრატეგიის სამოქმედო გეგმას, ანუ კონკრეტულად როგორ მოხდება ინფრასტრუქტურის განვითარება, ან, თუნდაც, სავაჭრო ან სხვა კავშირების აღდგენა, ეს, სავარაუდოდ, ივნისში გახდება ცნობილი. ოკუპირებული ტერიტორიების კანონში სათანადო ცვლილებები კი ჯერ არ შესულა და, ქართული იურისპრუდენციით, დღეს კონფლიქტური ზონები საერთაშორისო სამყაროს ისევ მოწყვეტილია და, შესაბამისად, მხოლოდ რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ რჩება.
XS
SM
MD
LG