Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-ფინეთის საზღვარზე გაიმართება "ჩრდილოეთის ნაკადის” მშენებლობის დაწყების ცერემონია


დღეს რუსეთის ქალაქ ვიბორგში, ფინეთის საზღვარზე "ჩრდილოეთის ნაკადის" გაზსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართება. ამ გაზსადენით დაგეგმილია რუსეთის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ბალტიის ზღვის გავლით გერმანიაში. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ევროკომისარი ენერტეგიკის საკითხებში გიუნტერ ოეტინგერი დაესწრებიან. "ჩრდილოეთის ნაკადის" თანამეწილეები არიან რუსეთის "გაზპრომი" და გერმანული და ჰოლანდიური კომპანიები. გეგმის მიხედვით, 1220 კილომეტრზე აიგება ორი პარალელური გაზსადენი. პირველი ხაზის გამტარობა იქნება 27,5 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში და მისი მშენებლობა 2011 წელს უნდა დასრულდეს. მეორე ხაზის მშენებლობა 2012 წელს დასრულდება და წელიწადში დაახლოებით 55 მილიარდ კუბურ მეტრ აირს გაატარებს. პროექტის კრიტიკოსები, მათ შორის - პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში ამბობენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადით" რუსეთს საშუალება ექნება ამ ქვეყნებს ისე შეუწყვიტოს გაზის მიწოდება, რომ ამან ზეგავლენა არ მოახდინოს დასავლეთ ევროპის მომარაგებაზე.
XS
SM
MD
LG