Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების მოედნიდან ევროპისკენ გადებული ხიდი


თავისუფლების მოედანზე ევროპის სახლი გაიხსნა
თავისუფლების მოედანზე ევროპის სახლი გაიხსნა
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ევროპის სახლი გაიხსნა. გეგმის თანახმად, ის ჯერ კიდევ მარტის ბოლოს უნდა გაეხსნა ჩეხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს, ვაცლავ ჰაველს, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო ცერემონიალი გადაიდო. 7 აპრილს ევროპის სახლი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვაცლავ ჰაველის თანამემამულემ, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში, შტეფან ფულემ გახსნა. შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპული სახლი ქართველებს ევროპასთან ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს და საქართველოს ევროპასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში დაეხმარება. დამფუძნებლების განცხადებით, ევროპის სახლი არის სრულიად აპოლიტიკური, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ევროპული და ევროპაში ქართული კულტურის ინტეგრაციას უწყობს ხელს.

”მე ეს სახლი მთავრობას გასაყიდი ობიექტების ნუსხიდან ამოვაღებინე. ბოლო წუთს ”წავართვი” ის გილაურს და ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ავაშენეთ ევროპის სახლი, რადგან თავისუფლება და ევროპულობა ათასწლეულების განმავლობაში საქართველოსთვის ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია”, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრისთვის ბოლო წუთას წართმეული სამსართულიანი შენობა, რომელიც თავისუფლების მოედანზე, დადიანისა და ლესელიძის კუთხეში, მდებარეობს, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. არქიტექტორი ცნობილი არ არის. რაც შეეხება არქიტექტურულ სტილს, ის ექლეკტიზმით შეზავებული ფსევდორენესანსული სტილია. ის თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი იყო, რომლის პირველ სართულზეც სავაჭრო ცენტრები იყო განლაგებული. დაახლოებით საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი იქ, ევროკავშირის დახმარებით, ევროპის სახლი გაიხსნა. ევროპის სახლის გახსნის მისია დამფუძნებლებმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულეს დააკისრეს:

შტეფან ფულე, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში
”ნება მომეცით გამოვხატო იმედი, რომ ევროპის სახლი თბილისში გახდება კულტურული, საგანმანათლებლო სიახლეების ცენტრი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მისცემს გაეცნონ ევროპის კულტურას, ისტორიას და იქ მიმდინარე მოვლენებს. მჯერა, რომ ევროპის სახლი ქართული და ევროპული საზოგადოების დამაკავშირებელი გახდება.”

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახლის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, მისი ამოცანაა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ევროპაში ვიზის გარეშე ჩასვლა ნებისმიერ ქართველს შეეძლოს. ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა შესაძლებელია, ევროპის სახლი ყველა ამ საკითხის მოგვარებისაკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია:

”ჩვენ ვაშენებთ ხიდს არა მხოლოდ მტკვარზე, არამედ ვაშენებთ ხიდს საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის, რადგან საქართველო არის ევროპის უძველესი ნაწილი არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი ევროპელები საქართველოს ტერიტორიაზე წარმოიშვნენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველომ ევროპის ცივილიზაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა”, - განაცხადა სააკაშვილმა ევროპის სახლის გახსნის ცერემონიაზე.

დავით ლორთქიფანიძე, დირექტორი იმ ეროვნული მუზეუმისა, სადაც, სხვა საგანძურთან ერთად, პირველი ქართველი ევროპელების ზეზვასა და მზიას თავის ქალები ინახება, მიიჩნევს, რომ ეს ის ადგილი იქნება, სადაც დამყარდება ნამდვილი ურთიერთობა როგორც მაღალ კულტურასთან, ასევე მეცნიერებასა და პოლიტიკასთან. საქართველოს სხვა გზა არა აქვს, გარდა ევროპისა:

”შესანიშნავი ინიციატივაა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ადგილი იქნება, სადაც ჩამოყალიბდება ნამდვილი ურთიერთობა ევროპულ ღირებულებებთან.”

საქართველოს გზა რომ ევროპისკენ მიდის, ამის შესახებ საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი უშიკიშვილი. მისი თქმით, მართალია, ქართველებს აქვთ ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომლებიც ევროპაში ვითარდება თუნდაც კულტურული თვალსაზრისით, ევროპის სახლი ერთმანეთის შესახებ კიდევ უფრო მეტის შეტყობაში დაეხმარება საქართველოსა და ევროპას და ამით ხელს შეუწყობს მათ საბოლოო ინტეგრაციას.

ევროპული იდეა თავისუფლების იდეაა, რომლისკენაც ქართული საზოგადოება მიისწრაფვის. ეს იდეა თითოეული ჩვენგანის მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს, - ამბობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე:

ეს არის ქართველი და ევროპელი საზოგადოების შეხვედრის ადგილი. დაიგეგმება ძალიან ბევრი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება, გაიმართება დებატები
ბერლინის კედლის ნგრევიდან 20 წლის შემდეგაც კი ევროპული გაერთიანება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გვჯერა, რომ ჩვენი კონტინგენტი კედელმა აღარ უნდა გაყოს. ევროპული გაერთიანებისათვის, ერებს შორის პოლიტიკური კავშირების გარდა, აუცილებელია კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ხიდების მშენებლობა. ეს არის თბილისში ევროპის სახლის შექმნის უმთავრესი ხედვა.

გამოფენები, ფილმების ჩვენება, სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, საინფორმაციო ცენტრი, ინტერაქტიული ევროპული ბიბლიოთეკა - ეს ევროპის სახლის ფუნქციების არასრული ჩამონათვალია. ევროპის სახლის დამფუძნებლის, ნატო ყანჩელის განცხადებით, სტუდენტებს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს - და არამარტო მათ - შესაძლებლობა ექნებათ შეიტყონ უფრო მეტი ევროკავშირისა და საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკის შესახებ:

”ეს არის ქართველი და ევროპელი საზოგადოების შეხვედრის ადგილი. დაიგეგმება ძალიან ბევრი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება, გაიმართება დებატები, იქნება ენის კურსები და წარიმართება ღია დიალოგი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ფართო საზოგადოება ჩაერთვება”, - ამბობს ნატო ყანჩელი.

თავისუფლების მოედნიდან ევროპისკენ გადებული ხიდი რომ მყარი გამოდგება და საქართველოსა და დანარჩენი ევროპის ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, ამაში დამფუძნებლებს ეჭვი არ ეპარებათ. ისინი იმედოვნებენ და მიზნად ისახავენ, რომ ათასობით კილომეტრზე გადებული უხილავი ხიდი კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოებს ერთმანეთს საქართველოსა და ევროპას.
XS
SM
MD
LG