Accessibility links

ძალების ახალი გადანაწილება ოპოზიციის რიგებში


ტრიბუნასთან ”ეროვნული საბჭოს კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე ზვიად ძიძიგური

ტრიბუნასთან ”ეროვნული საბჭოს კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე ზვიად ძიძიგური

9 აპრილს არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში რამდენიმე სიახლე გამოვლინდა, თუმცა ორ სხვადასხვა პოლიტიკურ გზაზე. გარდა იმისა, რომ გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ კიდევ ერთი პარტია გაწევრიანდა, სალომე ზურაბიშვილის პარტიის სახით, ასევე 9 აპრილს გამოცხადდა ”ეროვნული საბჭოს” ერთიანი კანდიდატი თბილისის მერის პოსტზე - კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური. შედეგად, „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გახდა. ვინ რა გზით მიდის არჩევნებისკენ და ვის რისი იმედი აქვს ოპოზიციის ”დიდი შეთანხმების” გარეშე?

თუკი სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გავიხსენებთ, რომელთა მიხედვითაც ირაკლი ალასანია ოპოზიციის გამოკვეთილ ლიდერად იყო აღიარებული, მთლად მოულოდნელი აღარ გამოდის გადაწყვეტილება, რომელიც „საქართველოს გზის“ თავმჯდომარემ მიიღო:

სალომე ზურაბიშვილი
”მე გადავწყვიტე, რომ შევუერთდე „ალიანსს“... ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა, ეს არის ჩვენი იმედის გზა, რომ ჩვენ გავიდეთ მართლა ამ გადატრიალებებიდან, ამ უბედურებებიდან...”

„ალიანსის“ გაფართოებით კმაყოფილია მისი ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც „საქართველოს გზას“ ”ჯანსაღ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს. ეს ძალა ასევე განიხილება მნიშვნელოვან საყრდენად მომავალ არჩევნებში.

მარტივი არითმეტიკის მიხედვით, ამჟამად გაერთიანებაში „ალიანსი საქართველოსთვის“ უკვე 4 პარტია და ერთი დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ერთიანდება. ეს „ალიანსის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი გახლავთ, რომელიც, ”დიდი შეთანხმების” მისაღწევად და ოპოზიციის ”გამარჯვების ფორმულის” გამოსაყვანად, ბოლო დღეებში აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვა ოპოზიციურ ძალებთან. როგორც ვიცით, „ალიანსის“ გადაწყვეტილებით, კონსულტაციების პროცესი 8 აპრილს შეწყდა და მიზეზად არჩევნებამდე დარჩენილი არასაკმარისი დრო დასახელდა.

მართალია, აქამდე არ გახმაურებულა, მაგრამ ხსენებული კონსულტაციების პროცესში სუბარი ზურაბიშვილსაც შეხვდა, თუმცა „ალიანსის“ გაფართოების დამსახურებას თანათავმჯდომარე მხოლოდ საკუთარ თავზე არ იღებს. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ”საქართველოს გზის” ლიდერთან მოლაპარაკებები მანამდეც დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა:

”სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი და მისი პარტია არის პარტია, რომელთანაც გვაქვს აბსოლუტური იდეური თანხვედრა, ერთნაირი ხედვა ქვეყნის განვითარების, მომავლის... და ამიტომაც მისი შემომატება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობენ საქართველოშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და, ბუნებრივია, რომ ასეთი ადამიანები გააძლიერებენ ‘ალიანსს’.”

მას შემდეგ, რაც სოზარ სუბარის ინიციატივით გამართული მოლაპარაკებები „ალიანსმა“ 8 აპრილს დასრულებულად გამოაცხადა, საბოლოოდ გაიყარა „ალიანსისა“ და „ეროვნული საბჭოს“ გზები. თუმცა ეგრეთ წოდებულმა ”პრაიმერისტებმა” საკუთარი გზით წასვლა რომ არჩიეს, ეს 6 აპრილსაც გამოჩნდა, მაშინ, როდესაც, თბილისის მერის პოსტისთვის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიური გამოკითხვის პროცესი დაიწყეს. დაახლოებით 12 ათასი ამომრჩევლის 3-დღეში გამოკითხვის შედეგები 9 აპრილს გამოცხადდა ”ეროვნული საბჭოს” ყრილობაზე, ვერის პარკის საკალათბურთო სასახლეში. კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს შორის გამოკითხულთა 51,9%-მა მხარი ”კონსერვატორების” ლიდერს, ზვიად ძიძიგურს, დაუჭირა. შედეგად, ”ხალხის პარტიის” თავმჯდომარეს, კობა დავითაშვილს, საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატობა ერგო:

”ვაპირებთ ერთად ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად... ეს გადაწყვიტა ხალხმა და ვემორჩილები ხალხის ნებას.”

”ეროვნული საბჭოს” ლიდერები
”ეროვნული საბჭოს” მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ასევე გამოავლინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა თბილისის 25 ოლქში. ამ სიაში მოხვდა ნოღაიდელის პარტიის რამდენიმე წევრიც.

ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, ოპოზიციამ ვერ შეძლო შეთანხმებული ძალით დაპირისპირებოდა სახელისუფლო კანდიდატებს, ვერც მერისა და ვერც საკრებულოს წევრების დონეზე. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ არჩევნებამდე კიდევ ბევრი რამ შეიცვალოს; მით უმეტეს, რომ „ალიანსმა“ კონსულტაციების კარი ღია დატოვა ყველასთვის, ვინც თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანიას აღიარებს.

ჯერჯერობით ისევ უცნობია, თუ რა გზას დაადგება მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გაჩეჩილაძეს 8 აპრილს, საღამოს, საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა „ალიანსის“ ლიდერებთან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG