Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა თაბუკაშვილი - ქალთა მოძრაობის აქტივისტი


28 თებერვალი, კვირა
დღეს დილიდან ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვმუშაობთ. 1 საათამდე გვაქვს დაქირავებული საკონფერენციო დარბაზი და ზუსტად, წუთი-წუთში, ვამთავრებთ კიდეც. ხუთი სხვადასხვა ქსელური პროექტი დაისახა და მოვალეობები განაწილდა. მე მერგო საერთაშორისო სამშვიდობო გამოფენის მოწყობა თბილისში. უნდა მოვიფიქრო გამოფენის კონცეფცია და საქმიანობები ეფექტიანობის გასაზრდელად.

საღამომდე ქალაქში სულ ხუთნი ვრჩებით მთელი კონფერენციიდან, და ერთად ვვახშმობთ სასტუმროს მეექვსე სართულზე. ამასობაში, ეზოში ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი იწყება.

ნავახშმევს ჩამოვდივართ და ვუერთდებით გახარებულ და გახალისებულ ხალხს.

ხვალიდან იწყება დიდი კოსტუმირებული ფესტივალი ქუჩის მსვლელობებით, მაგრამ ამაღამ ჩვენ უკვე ვტოვებთ ინდოეთს...
თავისუფლების დღიურები - მარინა თაბუკაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:49 0:00

1 მარტი, ორშაბათი
პირველს თხუთმეტი რომ დააკლდა, ოთახიდან ბარგიანად გამოვდივარ, ჩუმად ვეშვები კიბეებზე, რომ ხალხი არ გავაღვიძო. აჯაი მაინც მეგებება, მესალმება და ბარგს მართმევს. მას მერე, რაც ვუთხარი, რა იყო, მე თავად გაგიწმინდავ ფეხსაცმელს-მეთქი, მემეგობრება. ჩემი მეგობარი სლავიცა, ბელგრადიდან, უკვე გარეთაა. მივდივართ აეროპორტში, სტამბულამდე ერთად ვმგზავრობთ. ვეუბნები, საკვირველია-მეთქი, რომ ინდოელები ასე მეგობრულად, რაღაც მოწიწებითაც კი, ექცევიან „თეთრ“ ხალხს. ამაზე ვლაპარაკობთ და ვუამბობ, რომ ამ საღამოს ვუყურე ინტერვიუს ცნობილ ინდოელ მწერალთან, რომელიც ძალიან ღრმად გააზრებული არგუმენტებით ამტკიცებდა, არა, არ უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა ინგლისურენოვანიო.

ჩვენ, წევრებმა საერთაშორისო ქსელისა „ფონდები მშვიდობისათვის“ დელიში ოთხი დღე ვიმუშავეთ: კონფერენცია „ფილანთროპია მშვიდობის მშენებლობაში სტრუქტურული უსამართლობის საწინააღმდეგოდ“ და სამი დღე ქსელის მომავალი მუშაობის დასაგეგმად. შემდეგ შეხვედრას ბანგლადეში უმასპინძლებს, მას მერე – საქართველო. ინდოეთიდან მომაქვს აღტაცება ჩემი კოლეგების ნამუშევრით და სიზუსტით სამწუხარო ფრაზისა - „გაზიარება და დისტრიბუცია სხვადასხვა რამეა - სადაც ძალაუფლება არაა გაზიარებული, დისტრიბუცია იქ ხდება საჭირო.“

თვითმფრინავი სავსეა „გაინდოელებული“ ევროპელებით. ქერა, ცისფერთვალება კაცები მოშვებული წვერით და ინდურად მოხვეული ჩალმით, შილიფად ჩაცმული, სახეგაფერადებული ქალები...

საღამოს უკვე ოფისში ვარ და წერილების შემოწმებას ვიწყებ. მოვლინების შემდეგი დღეები ძალიან მძიმეა, სამუშაოს უნდა „დაეწიო“.

2 მარტი, სამშაბათი
თანამშრომლებს ვუყვები ინდოეთის ამბებს, ვეკითხები, რა გაკეთდა და რა ვერ გაკეთდა ჩემს არყოფნაში. ჩვენებს პოლიტიკურ პარტიებთან ინტერვიუები დაუმთავრებიათ და თამთას დაუწყია ამ ინტერვიუებისა და პარტიების წესდება-პროგრამების გენდერული ანალიზი. გაეროს ქალთა ფონდიდან ხელშეკრულება ჯერ არ მოსულა. პროექტის დირექტორს ვუკავშირდებით, შეხვედრაზე ვთანხმდებით და მერე კრებას ვმართავთ ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ეს დიდი, სამწლიანი პროექტია დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა სასარგებლოდ და ჩვენი მონაწილეობა, ძირითადად, მათ მობილიზაციას გულისხმობს საკუთარი ცხოვრების დონის ასამაღლებლად და უფლებების დასაცავად. ადვილი არ იქნება.

მარი გულბიანი მოვიდა ფინანსური ანგარიშის ჩასაბარებლად, გვეუბნება, რომ გადაღებებს სვანეთში, როგორც იქნა, მორჩა, და ჩვენს ფილმს მაისში საფრანგეთში უფასოდ დაამონტაჟებს სტუდია „ვარანი“, ტონირებას გაუკეთებენ გამოსახულებასაც და ხმასაც, თავიანთ ლოგოსაც დაადებენ. წუხს, კანის ფესტივალისთვის მინდოდა და ვერ ვასწრებო. მე მიხარია, განსაკუთრებით, როცა მეუბნება, რაც მინდოდა, ის გამოვიდაო.

მარი გავისტუმრეთ და ვურეკავ ყიტაანში მაია ბიტარაშვილს, ვეუბნები, რომ მათი პროექტი დაფინანსდა და უნდა ჩავიდეთ გრანტის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. უხარია, თან მეუბნება, ბებია მომიკვდა და ახლა ვასაფლავებთო. ყიტაანი ოსური სოფელია გურჯაანში, ჯგუფი სოფლის დაბინძურებას ებრძვის. ამ კონკურსში გამარჯვებულს, ვისაც არ ვიცნობთ, ადგილზე ვუდებთ ხელშეკრულებას, რომ ვნახოთ, ვინ არიან და რა გარემოში მოუწევთ მუშაობა. ასე ვიყავით დევნილთა დასახლებებში - წეროვანსა და ფრეზეთში.

ამაღამ არჩილი მიემგზავრება ჰოლანდიაში, თავისი ფოტოგამოფენის გახსნაზე დაპატიჟეს. იქიდან გერმანიაში გადავა მეგობრებთან, ზალიკო ანდრონიკაშვილთან იცხოვრებს.

5 საათზე ნინო და სოფო გვესტუმრნენ ახალი ორგანიზაციიდან „მისია თქვენთვის“. ოთხთვიანი პროექტი აქვთ უსახლკარო გოგოებისთვის. აღტაცებული ვარ, ამ საქმეს რომ ხელი მოჰკიდეს! თანამშრომლობენ ბავშვთა სოციალური ადაპტაციის ცენტრთან, რომელსაც ჩვენი მეგობარი ქეთინო კობალაძე უძღვება. მწარე-მწარე ამბები გვითხრეს. არადა, უმეტესობას ძალიან უნდა, ქუჩის მეძავობას თავი დაანებოს, ისწავლოს და იმუშაოსო. ამ საქმეს პროექტ-პროექტ რას უშველი - სტრუქტურული უსამართლობის საკითხია. წიგნები და ჟურნალები გადავეცით ორგანიზაციის ბიბლიოთეკისთვის. ყოჩაღი ქალები ჩანან. მათი მისამართები ინფორმაციის გავრცელების სიაში შევიტანე.

ვურეკავ ქეთი კობალაძეს, დიდხანს ვილაპარაკეთ. ვერ ჩერდება, დაწვრილებით აღწერს თავისი დაწესებულების ამბებს. თბილისის მერიის დაფუძნებული ყოფილა, 2005 წლიდან 450 ბავშვს მომსახურებია, 23 მარტო მშობიარობის შემთხვევა ჰქონიათ. ახლაც ჰყავთ სამი ორსული. იმისთვის, რომ უფლება ჰქონოდა თვრამეტწელშესრულებულებიც დაეტოვებინა, ახლახან სახელი შეუცვლიათ: ჩაუმატებიათ სიტყვა „მოზრდილთა“. წინათ ეს დაწესებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა, მის ორ დირექტორთან მქონია სხვადასხვა წლებში საქმე. ისინიც ქალები იყვნენ, მილიციის პოლკოვნიკები.
საღამოს მარიამთან ავედი, დამხვდა მისი მეგობარი თავისი პატარა ელენეთი. ეს ის ქალია, ამ შვიდი წლის წინ სამი თვე მარტომ რომ იმოგზაურა ინდოეთში, მათ შორის ერთი თვე უდაბნოში, გლეხებთან იცხოვრა პაკისტანის საზღვართან.

3 მარტი, ოთხშაბათი
დილიდან დედის დღეს მილოცავენ. ჩემს მოთხოვნაზე პასუხად მოვიდა პროექტის მიღების დადასტურება ბაქოდან, ნორვეგიის საელჩოდან. ესაა კიდევ ერთი ზეპირი ისტორიის წიგნის და დოკუმენტური ფილმის გაკეთების შესაძლებლობა. ცისანას დეკემბერში ჩატარებული ზეპირი ისტორიის სკოლის სტუდენტები მოუვიდნენ და თავის ოთახში ელაპარაკება, ხელშეკრულებებს უდებს - როგორც ჩანს, ნამუშევარი მოიტანეს.

მირეკავს მანო, მთხოვს 6 საათზე სახლში ავიდე თამარასთან. თავად თავისი და სხვისი ბავშვები ჰყავს კინოში წაყვანილი, მერე სახლებში უნდა დაარიგოს და შეაგვიანდება. დღეს ექოსკოპისტთანაც ყოფილა - სისხლძარღვები არ გივარგა, 20-ში რვათვენახევრისა გახდები და საკეისროზე გაგიშვებო, უთქვამს. პატარა ზალიკოს ჩემთვის წერილი გამოუტანებია: „ბებ, ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი დედა არა ხარ, მამაჩემის დედა ხარ, მაგრამ შენც ისე მიყვარხარ, როგორც დედა და სხვა ახლობელი.“ თან მიუხატავს ორი სევდიანი ადამიანი. დიდს და წელში ძალიან მოხრილს აწერია „მარინა“, მეორეს - „ზალიკო“.
დღეს თამთა მელაშვილი იყო ჩვენთან, ოფისში, ხელშეკრულება გვაქვს ჩვენგან გაცემული გრანტების ეფექტიანობის კვლევაზე. გადმოვუღეთ საქაღალდეები და ვუხსნით პროგრამების და კონკურსების შინაარსს. მაია ბიუჯეტებს აჩვენებს. ნინო ბექიშვილმა დარეკა და მთხოვა კომენტარები მის საჟურნალო სტატიაზე. საკითხები: რა უშლის ხელს ქალების პოლიტიკურ მოღვაწეობას და რატომ ვერ შედგა ქალთა მოძრაობა? ღამით ვუწერ, ვუგზავნი.

4 მარტი, ხუთშაბათი
10 საათზე თაკო თავართქილაძეა ჩვენთან, გაეროს ქალთა ფონდის პროექტის მენეჯერი, ჩვენი უფროსი ამ სამწლიან პროექტში. სანამ პროექტის დეტალებზე ვთანხმდებოდით, თამარ საბედაშვილმაც დარეკა. ხელმოწერილი ხელშეკრულება მოვიდა ნიუ-იურკიდან და მარინას უკვე გადმოვუგზავნეო. ამოვბეჭდეთ, და ხელს რომ ვაწერდი, რა რიცხვია-მეთქი, და - 4 მარტიო. რიცხვი დავსვი და ვამბობ, ნახეთ, დღეს არძინბას სიკვდილის ამბავი გავიგეთ და 4 მარტი კი აფხაზეთის გასაბჭოების დღეა, მე სოხუმში 4 მარტის ქუჩაზე ვცხოვრობდი-მეთქი. მერე ვამბობ, 4 მარტი მე და ზალიკოს ქორწილის დღეა, ყოველ 4 მარტს ჩვენსა დიდი სუფრა იშლებოდა მეგობრებისთვის-მეთქი.

თაკო რომ წავიდა და ხელმოწერილი ხელშეკრულებაც გადავაგზავნეთ, ქეთი მეუბნება, ცუდი ამბავია, კარალეთიდან ლარისამ დარეკა, ეკას თავი მოუკლავსო. ეს არის საშინელება! ვეუბნები, მაიას ნუ ეტყვი-მეთქი (ორსულია). ერთ ქალს ვერ მოვუარეთ, ფსიქიატრიული ავადმყოფია და თავშესაფარში ვერ დავტოვებთ, სხვაგან – ვერ მოვათავსებთო, იმავე მიზეზით; თუ გირტყამენ და ბავშვები წაგართვეს, აბა, რა იქნები. ამ დროს კანონიც გვაქვს, სამოქმედო გეგმაც და სახელმწიფო თავშესაფარიც. იმ პატარა მეძავი გოგოებისა არ იყოს, ეკაც არავის არ უნდოდა. ეკლესიაში მივდივარ და ღმერთს ვთხოვ, რომ გულში ჩაიკრას. ზალიკოსაც ვთხოვ, რომ ხელი მოჰკიდოს და გაიყვანოს. ამ დღეში რომ ვარ, მარიკა დიდებულიძე მოვიდა და რა დაგემართაო? ეკლესიიდან ერთად გავდივართ და სამსახურამდე ვაცილებ. მარიკა დირექტორია იმ ორგანიზაციისა, რაც ჩვენი ინსტიტუტიდან დარჩა - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიდან. ვიგონებთ ჯილდა იოსებიძეს, ძვირფას მეგობარს, დიდ პროფესიონალს. ჯილდასაც ხომ ვერ ვუშველეთო, მეუბნება, და ერთმანეთს ვეხვევით.

მანანა ლოქაფიშვილი მირეკავს და მეუბნება, გაიგე, დედამიწა გაიბზარა, ტელევიზორში თქვესო. ღმერთო! ოფისში დავბრუნდი. ქეთის ვეხვეწები, ინტერნეტში შედი, რა დაემართა დედამიწას-მეთქი. რუსუდანს ვურეკავ, ჩემს რძალს, ეკას ამბავს ვეუბნები, ჩვენსა მოდით, ანასტასია გაგახალისებთო. წავალ ამ საღამოს.

ვრეკავთ ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში. ვუკავშირდებით ორგანიზაციებს და ადამიანებს. ეს - ბაკურიანის ტრენინგში მონაწილეობისთვის. ქალბატონი მადონა ხარებავა ძალიან გვეხმარება. მერე ქეთი მაიას და ვალერის პროექტის სამოქმედო გეგმას, განრიგს და ბიუჯეტს უხსნის.

ვურეკავ თამუნას და ეკას ამბავს ვუყვები. ძალიან მწარდება, თავადაც შეხვედრია კარალეთში, ჩვენს ოფისში რომ ჩამოვიდა და ქალთა კონვენციის საიუბილეოდ ლექცია ჩაგვიტარა. ვეუბნები, რომ ეს ამბავი 8 მარტს დილით „მერიოტში“ უნდა ვთქვა ქალთა ორგანიზაციების შეხვედრაზე, რომელსაც „უნიფემი“ აწყობს თავისი ახალი პროექტის წარმოსადგენად. ეს პროექტი ოჯახური ძალადობის დასაძლევი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ხელშესაწყობად დაწერა თამუნამ და ფულიც იშოვა, „სიდამ“ მისცა. უნდა თქვაო, მეუბნება. მერე ვუამბობ, რაც ქეთი კობალაძისგან გავიგე (პატარა მეძავები). გადავწყვიტეთ, ერთად წავიდეთ სარეაბილიტაციო ცენტრში და ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია. ქეთის ვურეკავ და ვატყობინებ. უხარია.

რუსოსთან წავედი და საღამო ბავშვებთან გავატარე. ტასო, ზალიკო და ფიქრია. ხათო მოვიდა, რუსოს მეგობარი, ჭურჭელი მოიტანა, წყალი არაა უბანში და ამივსეთო. სახელგანთქმული პროექტია - ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელი გზა. ხან წყალი წყდება, ხან გაზი. ბუნებას აქ წარმატებით ამარცხებენ.

ღამით ბაბლუანების „მემკვიდრეობას“ ვუყურე „იმედზე“. ლამაზი ბავშვები გაზრდიათ, წინათ ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ მთაწმინდაზე. ახლა, როგორც ჩანს, საფრანგეთში არიან, ფილმი ფრანგულია. მახსოვს, როგორ გაეხარდა თემურს, ქუჩაში რომ შევხვდი და „ბეღურების გადაფრენა“ მივულოცე.

5 მარტი, პარასკევი
ირინა მეტრეველი გვესტუმრა რუსთავიდან, თავისი მომავალი მოვალეობების დეტალებს არკვევს. მე და ქეთის ძალიან მოგვწონს: იურისტია, ყოჩაღიც ჩანს და მონდომებულიც. მთელი დღე ახალი პროექტისთვის ვმუშაობთ. ყველაფერი ნელ-ნელა ეწყობა, მაგრამ ერთ ადამიანს ვერ ვპოულობთ - ოლღა მაჩაბელს, დევნილს. გარდა ამისა, უნდა გადავწყვიტოთ, იძულებით ადგილნაცვალთა რომელ დასახლებაში ვიმუშავებთ: ბერბუკში, სკრაში, ვერხვების დასახლებაში? ბერბუკს შარშან მიწის დასაოშად ფულიც მივეცით და რწმუნებულიც კარგი კაცი ჩანს. კვირას კარალეთში მივდივართ ეკას დასაფლავებაზე.

მანო რეკავს: ოპერაცია დამინიშნეს, მანქანის ტარება ამიკრძალესო. ან აქამდე როგორ არ აუკრძალეს?! რუსო ანასტასიას სურათებს მიგზავნის, არჩილს წასვლის წინ გადაუღიაო.

6 მარტი, შაბათი
დილიდან მაია მოვიდა სამუშაოდ. რატომ იკლავ თავს-მეთქი, ქალბატონო? რუსთავიდან დადის და თან ორსულია, წუხელაც ცხრამდე მუშაობდა.

შუადღისას რუსოს ვუთანხმდები და ბავშვები ნაძალადევში მიმყავს დედაჩემთან. რაც ინდოეთიდან ჩამოვედი, არ მინახავს. მწვანე ჩაი მაქვს ჩამოტანილი რამაზისთვის, შარფი – მართასთვის. დედაჩემს თაფლს წავუღებ. სამეგრელოს თაფლია, გასაყიდად ჩამოაქვს არაჩვეულებრივ გურამს, რომელიც ნამდვილი მოქადაგეა და ისე იცის „ვეფხისტყაოსანი“ და ვაჟა-ფშაველა, რომ მთელი ოფისი პირდაღებული ვუსმენთ-ხოლმე. თან გვებოდიშება, გაცდენთ, მაგრამ ვერ ვჩერდებიო. კულტურის ნამდვილი მატარებელია, ჯერ კიდევ რომ არიან საქართველოში...
XS
SM
MD
LG