Accessibility links

logo-print

აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და ირანის რევოლუციური გვარდიის ჯაშუში მოგვითხრობს


დღევანდელი „უხილავი ფარდა“ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსა და ირანის რევოლუციური გვარდიის „ორმაგ ჯაშუშს“ ეხება. ყოფილ და მოქმედ ჯაშუშებს უჭირთ ხოლმე ბოლომდე იმის დამტკიცება, რომ მართლაც ორი თუ მეტი საიდუმლო სამსახურისთვის მუშაობდნენ. თუმცა პიროვნება, ვისზეც დღეს ვისაუბრებთ, ამბობს, მაგალითად, რომ ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ გასცა ბრძანება ჩამოეგდოთ თვითმფრინავი ლოკერბის თავზე 1988 წელს. ისვე იუწყება, რომ იცის ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტის ადგილსამყოფელი და სხვ. ასეა რეზა ქაჰლილის საქმე, ირანელისა, რომელმაც სულ ახლახან, 6 აპრილს, გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „ღალატის ჟამი“. წიგნის სათაურიდანაც ჩანს, რომ ამჟამად კალიფორნიაში მცხოვრები ქაჰლილი გულის სიღრმეში მაინც განიცდიდა და განიცდის, რომ, ფაქტობრივად, თავის სამშობლოს ღალატობდა, შეუკავშირდა რა აშშ-ის დაზვერვის სამმართველოს. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრულად მის ნაამბობს, რამ გადაიყვანა აშშ-ის მხარეს და რას ფიქრობს ახლა. თავიდანვე გეტყვით, რომ მისი სახელი შეცვლილია. ასევე შეცვლილია არაერთი პირის გვარი მის წიგნში. და რაკი, მისივე აზრით, ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი, ამ ცვლილებების გამო, მის იდენტიფიცირებას ვერ შეძლებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი ბევრი იქნებოდა მაშინდელ ირანში, ისლამური რევოლუციის შემდგომ პერიოდში, როცა შაჰის რეჟიმი დაამხეს და ხელისუფლებაში მოლები, მაჰმადიანი სასულიერო პირები მოვიდნენ. სწორედ ამ ამბიდან ორ-ნახევარ წელიწადში დაიწყო ქაჰლილიმ თანამშრომლობა დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან, რომელსაც ის ინფორმაციას აწვდიდა 90-იან წლებშიც და მოგვიანებითაც, ნიუ-იორკის ტერაქტების შემდეგ. ერთია ამერიკული მხარე, მეორეა ირანის რევოლუციური გვარდია, რომელშიც ის ასევე მსახურობდა. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ის „ორმაგ ჯაშუშობას“ ეწეოდა. ქაჰლილის არ შეუძლია გაამხილოს, რაზე მუშაობდა გვარდიაში, მაგრამ არ მალავს, რომ საკომპიუტერო განყოფილებაში მსახურობდა. როგორ დაუკავშირდა მისი ბედი დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს?

„ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო - საკუთარი ქვეყნის ღალატი არაა იოლი. ეს ყველასთვის მძიმე იქნებოდა. რევოლუციის შემდგომი, ძალიან მნიშვნელოვანი, ხანა იყო. აშშ-ში სწავლის შემდეგ დიდი იმედებით დავბრუნდი ირანში. დავბრუნდი სამშობლოში, რათა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას, ისლამურ რესპუბლიკას. მეგონა, დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა გვექნებოდა და ყველა შეძლებდა თავისი აზრის გამოხატვას, თავისუფლად ცხოვრებას. მაგრამ როცა ვიხილე, რამდენი უდანაშაულო ახალგაზრდა, ქალი და კაცი, მათ შორის ბევრი ჩემი ახლობელი და ისინი, ვისაც განსკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაემორჩილნენ ისლამურ კანონებს და სხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდათ, ამან ჩემზე ძალზე იმოქმედა და გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება. შემდეგ ჩავედი აშშ-ში და დავიწყე ამერიკელებისთვის ინფორმაციის მიწოდება დიქტატორული სისტემის შესახებ. მაშინ დავუკავშირდი „გამოძიების ფედერალურ ბიუროს“ და მათ მომიწყვეს შეხვედრა დაზვერვის სამმართველოსთან.“

ეს მოხდა 1981 წელს. ამერიკის დაზვერვამ ქაჰლილის სამშობლოში დაბრუნება და თავისი ქვეყნისთვის დახმარება ურჩია... ასე დაიწყო მისი ჯაშუშური კარიერა. ამ დროს ქაჰლილი უკვე მუშაობდა რევოლუციურ გვარდიაში. თავიდან, რევოლუციის შემდეგ ირანში დაბრუნებისას, მას, როგორ განათლებულ პირს, იქ სამსახური შესთავაზეს. გვარდიაში მას სამხედრო განხრით არ უმუშავია. ის შიდა ინფრასტრუქტურის შექმნას ემსახურებოდა და, როგორც თვითონ ამბობს, არ იყო მაღალი რანგის თანამშრომელი, თუმცა ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა. ის არ ასახელებს წყაროს ზემოხსენებული ცნობებისა, - პრეზიდენტ რაფსანჯანის გადაწყვეტილებაზე, ტერაქტი მოეწყოთ თვითმფრინავში, და საიდუმლო ბირთვული ობიექტის ადგილსამყოფელის შესახებ, - მაგრამ ამბობს, რაც შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ირანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა შეცვლილიყოო. რა პოლიტიკა უნდა გაატაროს ვაშინგტონმა ირანის მიმართ? ორმაგ ჯაშუშს თავისი შეხედულება აქვს. ის ამბობს, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ვაშინგტონში იმედოვნებდნენ, რომ ირანის რეჟიმთან კომპრომისის არე არსებობს. მაგრამ, მისი თქმით, ისლამური რეჟიმის პოლიტიკა საპირისპირო იყო და იმედის საფუძველს არ იძლეოდა:

„სამწუხაროდ, ობამას ადმინისტრაცია კვლავაც ფიქრობს, რომ თვით რევოლუციური გვარდიის წევრებისა და მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ სიგნალების შეცვლით, კომპრომისის გზით შეიძლება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა. მაგრამ, სინამდვილეში, რელიგიური რეჟიმი ცდილობს ბირთვული იარაღი შექმნას და ამას, სამწუხაროდ, მიაღწევს კიდეც.“

იმის არგუმენტად, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ესწრაფვის, მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, ქაჰლილი იხსენებს, რევოლუციურ გვარდიაში ვმუშაობდი, როცა გადაწყდა ბირთვული იარიღის შექმნაო. მისი ინფორმაციით, გვარდია დაუკავშირდა პაკისტანის ბირთვული ბომბის „მამად“ წოდებულ ხანს, რომელთანაც შემდგომ თეირანი თანამშრომლობდა. მისი თქმით, ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რამდენად სახიფათო მომავალი აქვს მას. მხოლოდ ამას ემსახურება ჩემი მცდელობა, ამიტომ ვწერ სტატიებს და ვლაპარაკობ ამაზე, რომ მსოფლიოსა და ირანში ადამიანებმა იცოდნენ, რა ბნელი მომავალი ელითო. ფიქრობს ქაჰლილი, რომ ამით ირანის მთავრობა თვიმკვლელობის პოლიტიკას ადგას? მისი აზრით, ირანის ახლანდელ ხელისუფლებას ბოლო 30 წლის განმავლობაში არასოდეს უჩვენებია, რომ ქვეყნის ბედი ანაღვლებდა ან ანაღვლებს.

საინტერესოა, რას გრძნობს ჯაშუში, რომელიც შეიძლება სამშობლოს მოღალატედ იქნეს მიჩნეული. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი, იმ წლებში გაორებული ვიყავი, არასოდეს მომწონდა, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ, იმავე დროს, ვფიქრობდი, იქნებ ირანში ცვლილებისთვის შეეწყო ხელი ჩემს საქმიანობასო, ამბობს ქაჰლილი:

„მე ვერ შევძელი რაიმე შემეცვალა, მაგრამ მაინც ასევე მოვიქცეოდი. არაერთხელ მიგრძვნია სირცხვილი ჩემი საქციელის გამო, როცა რევოლუციურ გვარდიაში ვიყავი, ჩემს მეგობრებთან ერთად (ბევრი მათგანი მართლაც დამიმეგობრდა). მაგრამ როცა ვხედავდი, როგორ აწამებდნენ ხალხს, როგორ აწამებდნენ ახალგაზრდებს ციხეებში, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ სწორად ვიქცეოდი. გაორებული ვიყავი. ბოლოს ამერიკელებთან თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი ის იყო (მათ სურდათ ჩემი იქ მუშაობა გაგრძელებულიყო), რომ, მიუხედავად ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, ამერიკის პოლიტიკაში ირანელი ხალხის სასარგებლოდ არაფერი იცვლებოდა.“

და მაინც, იმის გამო, რომ ბევრს ეჭვი ეპარება, ქაჰლილის მართლაც ეთანამშრომლა დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან მაშინ, როდესაც ის ირანის რევოლუციური გვარდიის წევრი იყო, ჩვენმა კორესპონდენტმა რეზა ქაჰლილიდ წოდებულ ავტორს წიგნისა „ღალატის ჟამი“ ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამის დამტკიცება. ქაჰლილიმ უპასუხა, რომ, ამერიკის კანონით, საიდუმლო სამსახურთან თანამშრომლობის შესახებ წიგნის თუ სტატიის დაწერა შეიძლება, თუკი მას შესაბამისი უწყება ამოწმებს. მისი ბოლო ნაშრომი მთავრობის დაზვერვის სამსახურმა განიხილა და გამომცემელს მისი გამოცემის ნება დართო.
XS
SM
MD
LG