Accessibility links

logo-print
დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ინტერვიუს შესახებ. ჟურნალისტები წერენ ოპოზიციაში შეთანხმების მიღწევის პერსპექტივაზე. პრესაში გაეცნობით ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დღეს იწერება აგრეთვე ”ეროვნული საბჭოსა” და სამართალდამცავთა დაპირისპირებაზე, რომელიც 8 აპრილს ერთ-ერთ სტამბასთან მოხდა. ”ახალი თაობა” ასე აღწერს ვითარებას: ”სტამბასთან „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენლების მისვლის შემდეგ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ. მათმა გამოჩენამ ნოღაიდელი და მისი გარემოცვა, ცხადია, ვერ შეაკრთო. ისინი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ეკვეთნენ სტამბის მისადგომებს. ჩვენი მშობლიური პატრული მათ შეტევას მედგრად დაუხვდა.”

”მერაბიშვილსა და თარგამაძეს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლები უდგებათ” – ”რეზონანსის” ავტორი წერს, რომ, იურისტების შეფასებით, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუში არის ”ორი კონკრეტული ფაქტი”, რომელიც დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს და ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის იმპიჩმენტის საკითხი მაინც უნდა დადგეს.

მერაბიშვილის ინტერვიუზე საუბრობს სოზარ სუბარიც ინტერვიუში, რომელიც ”ახალ თაობაში” ქვეყნდება: ”ვანო მერაბიშვილს ნორმალურ ქვეყანაში სხვა რომ არაფერი ჰქონდეს ჩადენილი, ამ ინტერვიუს შემდეგ ხელბორკილები ექნებოდა დადებული, ისევე როგორც გივი თარგამაძეს. მათ მრავალი სხვა დანაშაულიც ჩაუდენიათ, მაგრამ ეს დანაშაული, ოკუპანტებთან თანამშრომლობა, მათთვის ქრთამის მიცემა ძეგლების ნგრევის ფასად ისეთი დანაშაულია, რომლის გამოც აუცილებლად უნდა აგონ პასუხი. კაიფი კი არ მოდის მხოლოდ წამლით, კაიფი მოდის ძალაუფლებით ტკბობითაც, როცა ადამიანები კარგავენ კონტროლს იმაზე, რასაც აკეთებენ. რა, 13 მარტი არ იყო კაიფში გაკეთებული გადაცემა?!” - კითხულობს სუბარი ინტერვიუში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აგრეთვე ოპოზიციურ ძალებს შორის შეთანხმების საჭიროებას.

ისევ ”რეზონანსს” მივუბრუნდები, რომლის ავტორი ცდილობს გაარკვიოს ”რას გადაწყვეტს გაჩეჩილაძე”. ”თუკი მის მიერ ალასანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, როდესაც მან, ფაქტობრივად, მთლიანად დაიწუნა ალასანიას კურსი, ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ შორის შეთანხმება ახლა მაინც მოხერხდეს”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი.

ამავე გაზეთში წერენ ყირგიზეთის ამბებზეც. ”როზას რევოლუცია” - ასეთია სტატიის სათაური. პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ამბობს: ”ალბათ, ვიღაცას სჯერა, რომ გადადგეს ბაკიევი და უკეთესი მდგომარეობა იქნება ხვალ. რეალურად, პირიქით, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან დიდი რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს უკან. წლები დასჭირდებათ, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლებად ფეხზე დადგეს. ღარიბი ქვეყანაა, რესურსები არ აქვს, ვის მოუნდება ახლა ყირგიზეთში ფულის ჩადება? სიღარიბესა და გაჭირვებაში კი სამართლიანობის დაცვა და სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან რთულია.”

”24 საათი” წერს აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე: ”სოხუმის ხელისუფლება სახელმწიფო მოხელეთა შემადგენლობას პოლიტიკურად არასანდო ადამიანებისგან წმენდს. ამ წმენდის ერთ-ერთი მსხვერპლი, შესაძლოა, სახელმწიფო კომპანია ”აფხაზეთის საზღვაო სანაოსნოს” ხელმძღვანელი ზაურ არძინბა გახდეს”, - წერს ავტორი, რომლის თანახმადაც, ზაურ არძინბას აფხაზეთში დიდი გავლენა აქვს და ის ბაღაფშის ხელისუფლებაშიც ავტორიტეტით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG