Accessibility links

logo-print

ეუთო: ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ ბაკიევთან მოლაპარაკება გამართა


ეუთოს წარმომადგენლის თქმით, ყირგიზეთის თვითგამოცხადებულმა დროებითმა მთავრობამ მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევთან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე. ბიშკეკში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ეუთოს წარმომადგენელმა, ჟანიბეკ კარიბჟანოვმა თქვა - „დროებითი მთავრობა მზად არის გამართოს მოლაპარაკება. ამის პირველი მცდელობა წუხელ შედგაო.“ ამასთან, ეუთოს წარმომადგენელმა დასძინა - „მოლაპარაკების შედეგზე ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროცესი დაიწყო.“ კარიბჟანოვის თქმით, მას შეხვედრები ჰქონდა დროებითი მთავრობის წარმომადგენლებთან - თუმცა ბაკიევს არ შეხვედრია. დღესვე ბიშკეკში გაიმართა ზოგიერთი იმ პირის დაკრძალვის ცერემონია, რომლებიც პოლიტიკურ არეულობებს ემსხვერპლნენ. 16 ადამიანის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა. მთავრობის მოწინააღმდეგეებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებებს სულ 79 ადამიანი შეეწირა. პარალელურად, „როიტერის“ ინფორმაციით, ბაკიევის მშობლიურ რეგიონში - ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადში - ათასობით პირი შეიკრიბა და ეროვნული ერთიანობის მოწოდებით გამოვიდა.
XS
SM
MD
LG