Accessibility links

კაჩინსკის დაღუპვას მწუხარებით შეხვდა ოფიციალური თბილისი


ლეხ კაჩინსკის დაღუპვის ცნობას ღრმა მწუხარებით გამოეხმაურნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები. ტელეკომპანია CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ”დიდი გაბედულების, დიდი გულის და პრინციპების“ მქონე ადამიანად გაიხსენა და თქვა, რომ მას მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული საქართველოს თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კაჩინსკის სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე ”საქართველოს ინტერესების დაცვაში გამოჩენილი გმირობის გამო”. პოლონელ ხალხს მიუსამძიმრეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყველაზე მხურვალე ქომაგი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. კაჩინსკი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩავიდა და სოლიდარობა გამოუცხადა მას.
XS
SM
MD
LG