Accessibility links

logo-print
კვირის დასაწყისში პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა ასეთი რამ უთხრა „რეზონანსს“: ”მიმდინარე კვირა ყველაზე უმადური პერიოდია ოპოზიციის საქმიანობის შესაფასებლად, რადგან, ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. “ალიანსი” უნდა გაერკვეს, მოსწონს თუ არა სუბარის ინიციატივა. “ნოღაიდელის ალიანსიც” უნდა გაერკვეს, პრაიმერის შედეგად ვინ წინ იქნება და ვინ უკან. ამ კვირაში, ალბათ, საზოგადოების უკმაყოფილებაც ოპოზიციის საქმიანობის მიმართ პიკს მიაღწევს. იცით, რაშია საქმე - პოლიტიკურმა პარტიებმა, უპირველეს ყოვლისა, ჯერ საკუთარი თავი უნდა დაარწმუნონ, პარტია უფრო უყვართ თუ სამშობლო, ხოლო ამის შემდეგ უნდა ეცადონ საზოგადოების დარწმუნებას, რადგან მაშინ ყველა კითხვაზე ექნებათ მკაფიო პასუხიო”, - უთხრა სოსო ცისკარიშვილმა გაზეთს და მაინც, მიმდინარე კვირას ქართული პრესის მთავარი ყურადღება სწორედ ოპოზიციის საქმიანობისკენ იყო მიმართული.

პრესა, ძირითადად, ოპოზიციის ლიდერებთან ინტერვიუებს აქვეყნებდა. აი, რა სურათი გამოიკვეთა ამ ინტერვიუების მიხედვით:

ორშაბათს ლევან გაჩეჩილაძემ ”კვირის პალიტრას” უთხრა: ”არასწორი შეფასებები კეთდებოდა, თითქოს ვყოყმანობდი. პირიქით, ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს, რომელსაც არ გადავუხვევ - დამარცხების ფორმულაში მონაწილეობას არ მივიღებ. ” გამარჯვების ფორმულას კი ასე განსაზღვრავდა ამ ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე:

“გამარჯვების ფორმულა, უპირველესად, გულისხმობს სააკაშვილთან და არა ნოღაიდელთან ბრძოლას, აგრესიულ საარჩევნო კამპანიას, სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების მხილებით, ხალხის დარწმუნებას, რომ ხარ ლიდერი და გამარჯვება შეგიძლია. ”

გამარჯვების ფორმულაზე საუბრობდა სამშაბათს „ეროვნული საბჭოს“ წევრი კახა კუკავაც: “ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მოვლენებს მოჰყვა სოზარ სუბარის განცხადება და არა პირიქით. ოპოზიციაში მიდის გარკვეული პროცესები, რასაც ხან ადეკვატური შეფასებები მოჰყვება, ხან კი არაადეკვატური. ის, რასაც ადამიანები ერთი თვის წინ არ აღიარებდნენ, ახლა იმდენად აშკარა გახდა, რომ ვერ დამალავენ. არ მინდა ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები ვაკრიტიკო. ჩვენი ხედვა იყო, რომ ერთიანი კანდიდატის შეთანხმება ოპოზიციის შიგნით სამართლიანი წესით მოხდეს. ეს არის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა”, - უთხრა კახა კუკავამ ”ახალ თაობას”.

“არ მიმაჩნია, რომ პანაცეა, მაინცდამაინც, მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს”, - ეს უკვე სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გახლავთ. – ” არსებობს კანდიდატი, რომელსაც ძალიან კარგი შანსი აქვს - ირაკლი ალასანია, და მე მას ვუჭერ მხარს. არ ვიცი, შეიძლება სასწაულიც მოხდეს და ვიღაც უკეთესი გამოჩნდეს. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დღეს ასეთი მოცემულობაა. ვინც დღეს ბევრს ლაპარაკობს ერთიანობაზე, გამცეს პასუხი კითხვაზე - წინ იმას რა უდგას, რომ მათ მხარი ალასანიას დაუჭირონ? თუ ეს მხოლოდ ვაჭრობის მიზნით თავშეკავებაა? მაშინ ნუღარ მელაპარაკებიან ერთიანობაზე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

უკვე პარასკევს კი „რეზონანსი“ წერდა:

”გამარჯვების ერთიანი ფორმულის” თაობაზე ოპოზიციური პარტიების კონსულტაციების პირველი ეტაპი დასრულდა... დიდი ალბათობით, ოპოზიციურ ძალებს შორის კონსულტაციების მეორე ტალღა არ გაიმართება. თუმცა, სუბარის განმარტებით, ეს დღეს გახდება ცნობილი - მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანია აშშ-დან დაბრუნდება და “ალიანსი” შიდა მოლაპარაკებებს გამართავს.”

”როგორია ”ეროვნული საბჭოს“ ახალი პოლიტიკა?” - ამ კითხვაზე ცდილობს პასუხის დაძებნას შაბათს „საქართველოს რესპუბლიკა”. პუბლიკაციის სათაური კი ამგვარია: ”მერობის კანდიდატი - ზვიად ძიძიგური, საკრებულოს თავმჯდომარეობისა - კობა დავითაშვილი.”

გამარჯვების ფორმულაზე საუბარი კი შაბათის პუბლიკაციებშიც გრძელდება: ”გუშინ ჩვენს პარტიასა და „ალიანსს“ შორის შედგა თანხმობა. ჩვენ ვეთანხმებით ალასანიას მიერ არჩეულ კურსს. გამარჯვების ფორმულაა ის, რომ იცოდე, რა გინდა. ეს არის ბრძოლა, გამარჯვების ფორმულა არასოდეს არ ყოფილა დაბნეულობა, გაუგებარი კონსულტაციები გაუგებარ ხალხთან. სხვათა შორის, გუშინ დამთავრდა უაზრო და აბდაუბდა სიარული”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი შაბათის „რეზონანსში“ და განმარტავს, თუ რას გულისხმობს ამ სიარულში:

“ამბობენ, რომ კონსულტაციები უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ რა შედეგს ველოდით, როდესაც ისეთ მოლაპარაკებას იწყებ, რომელსაც მომავალი არ აქვს? ამით ქმნი კიდევ ერთ იმედგაცრუებას ხალხში, რადგან იმთავითვე ნათელი იყო, რომ არ შეიძლებოდა ეს მოლაპარაკება რაიმე შედეგით დასრულებულიყო. ნოღაიდელმა ისეთი ფაქტორი შემოიტანა ქართულ ოპოზიციასა და პოლიტიკაში, რომლის ირგვლივაც ახალი გაერთიანება ვერასოდეს ვერ იქნება. არ მესმის, რანაირად უნდა გავერთიანდე ნგრევასთან. ჩვენი ლოზუნგი სულ სხვაა. იმ ადამიანთან როგორ უნდა დავდგე, რომელიც ამბობს, რუსეთის დახმარებით სააკაშვილი უნდა ჩამოვაგდოო. მე ქუჩაში იმიტომ ვიდექი, რომ ეს არ მინდოდა. არავის არ აქვს უფლება „ეროვნული საბჭო“ უწოდოს ნოღაიდელის პარტიას და ან სამფეროვანი დროშა დაკიდონ. ამ დროშით მიდის დაჩოქებული რუსეთთან. რა უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ? ოპოზიციის ერთიანობა არ შედგება, მაგრამ შედგება ხალხის ერთიანობა”.

”საქართველოს გზის” ლიდერს შაბათს „ალიაც“ ესაუბრა. ”რა მოხდა ისეთი, რამაც სალომე ზურაბიშვილს “ალიანსში” შესვლა გადააწყვეტინა?” - კითხულობს „ალია“ პუბლიკაციის სათურში.

“ახლა არ გადამიწყვეტია, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში. - ოქტომბერში გამოვაცხადე, რომ ირაკლი ალასანიას მხარს ვუჭერ, როგორც მერობის კანდიდატს, და 9 აპრილს გამოვაცხადე, რომ ვუერთდები “ალიანსის” ბლოკს. დღეს არის აუცილებელი ალტერნატივა, რომელიც უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში, თუ გვინდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხოთ და არ დავანგრიოთ ქვეყანა. ”

- ეს სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გახლავთ შაბათის „ალიას“ პუბლიკაციიდან.
XS
SM
MD
LG