Accessibility links

logo-print
გასული კვირის ხუთშაბათს ირაკლი ალასანიამ გამოაცხადა, რომ პარტიებს შორის მორიგმა კონსულტაციებმა შედეგი ვერ გამოიღო და „ალიანსი საქართველოსთვის“ „საქართველოს გზასთან“ ერთად აგრძელებს ბრძოლას თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად. ამ განცხადებიდან გამომდირე, წინასაარჩევნო ვითარება განმარტებას მოითხოვს.

როდესაც პარტია არჩევნებში მონაწილეობს, მას თავისი კონკრეტული მიზანი აქვს. ზოგჯერ ეს რომელიმე პოსტზე კანდიდატის გაყვანაა, ზოგჯერ – უმრავლესობით მოსვლა და ზოგჯერ – სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება. საქართველოში 30 მაისის არჩევნებს, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, კიდევ ერთი ნიუანსი ახლავს – შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის მიზანი უკვე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და ხალხის ქუჩაში გამოყვანა იყოს.

პარტიების გეგმებთან თანადროულად, არსებობს საზოგადოების მოლოდინი არჩევნების მიმართ. ზოგი სახელისუფლო პარტიას გულშემატკივრობს, ზოგიც – ოპოზიციურ პარტიებს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ოპოზიციისგან მხოლოდ და მხოლოდ მოგებას ელოდება.

ერთი მხრივ, ყველა თანხმდება, რომ თუ ხელისუფლების მომხრეთა ხმები შეიკრიბება, ხოლო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ხმები პარტიებს და კანდიდატებს შორის გადანაწილდება, ხელისუფლება გაიმარჯვებს. მეორე მხრივ, როდესაც ამა თუ იმ პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მისი პარტია უსათუოდ მოიგებს, ამ მოგების მოსურნე საზოგადოება ფიქრობს, რომ პოლიტიკოსის პირობას თუნდაც უხილავი, მაგრამ მყარი საფუძველი აქვს.

არადა, პოლიტიკური ლოგიკა ყოველთვის აღემატება პოლიტიკურ რიტორიკას. დღეს პოლიტიკური ლოგიკა დაჟინებით მოითხოვს ძალების კოორდინაციას ძლიერი მეტოქის პირისპირ. და როდესაც ირაკლი ალასანია ან ზურაბ ნოღაიდელი გარდაუვალი გამარჯვების პირობას დებენ, პოლიტიკური ლოგიკა მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ არც ერთს და არც მეორეს არ გააჩნია საკმარისი რესურსი სახელისუფლო პარტიის დასამარცხებლად.

სოზარ სუბარის მიერ შექმნილი „გამარჯვების ფორმულა“ ძალიან მარტივი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკურ ლოგიკასთან თანხვედრაში მოდიოდა და – არა წინააღმდეგობაში. ეს ფორმულა გულისხმობდა ოპოზიციის გამარჯვების შანსს – კოორდინირებული ქმედების საფუძველზე.

ამ ფორმულას გულშემატკივრები უფრო ამომრჩევლებში აღმოაჩნდა, ვიდრე – პოლიტიკოსებს შორის. რადგან საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილისთვის სულ ორი ფორმულა არსებობს – „გამარჯვების ფორმულა“ და „დამარცხების ფორმულა“. თუმცა, ამა თუ იმ პარტიას, შესაძლოა, საკუთარი ინტრესები ჰქონდეს და საზოგადოებისგან განსხვავებულად ესმოდეს გამარჯვება ან დამარცხება.

ოღონდ, წესით და რიგით, ნდობას ის პარტია და ლიდერი იმსახურებს, რომელიც ხალხს არ მოატყუებს და არ ეტყვის, აუცილებლად გავიმარჯვებო, თუკი ამ პირობის დასადებად, სინამდვილეში, საფუძველი არ გააჩნია. მაგალითად, როგორ უნდა მოიგოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზურაბ ნოღაიდელმა? ზვიად ძიძიგურმა უნდა აჯობოს ერთდროულად გიგი უგულავასაც, ირაკლი ალასანიასაც, გია ჭანტურიასაც, სხვებსაც და თბილისის მერი გახდეს? ან რა წარმატებას ელოდება ირაკლი ალასანია, რომელმაც საკუთარ საარჩევნო შესაძლებლობებში ლამის საკუთარი თავიც კი ვერ დაარწმუნა? ან ქრისტიან–დემოკრატიულმა პარტიამ როგორ უნდა გაიმარჯვოს, როდესაც მერობის საკმაოდ სუსტი კანდიდატით იქით ხელისუფლებას ებრძვის და აქეთ – ოპოზიციას?

პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, დღეს ხელისუფლებას გამარჯვებისთვის საკმარისზე მეტი რესურსი აქვს. ოღონდ, მოქალაქეების გულს მაინც უხარია, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ – არჩევნებში მხოლოდ და მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძვით და მოვიგებთ კიდეცო.

დამარცხება საპატიოა, როცა ძლიერ მეტოქეს მთელი ძალღონით ებრძვი, მის დასამარცხებლად ყველა კანონიერ საშუალებას იყენებ, როცა ხალხი ხედავს თავდადებას, მუშაკობას და, ბოლოს მაინც უარყოფითი შედეგი დგება, რადგან თავს ზემოთ ძალა აღარ არის. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოება მომავალს და ახალ შანსს იმედით ელოდება.

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პარტიების და ლიდერების ქცევა პოლიტიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება; როდესაც დაწუნებულია „გამარჯვების ფორმულა“ და ერთობლივი ძალებით ამოქმედებულია „დამარცხების ფორმულა“, – რასაც ფონად გასდევს არჩევნებში გამარჯვების დაპირებები, – საზოგადოების მთავარი ფუნქციაა, კრიტიკულად შეაფასოს პროცესი და, ილუზიებით დამუხტვის ნაცვლად, პოლიტიკოსებს დაჟინებით ჩაეკითხოს – რას ეყრდნობა მათი ოპტიმიზმი.

ხელისუფლება მრავალგზის მხილებულია ტყუილებში, ოპოზიცია კი, რატომღაც, ყოველთვის მოულოდნელად მარცხდება. არადა, „დამარცხების ფორმულას“ მისი მიმდევრები, ცხადია, დამარცხებისკენ მიჰყავს. ამაში მოულოდნელი რა უნდა იყოს?!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG