Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში, როდესაც საქართველოში გარდაცვლილებს იხსენებდნენ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც რუსეთისაგან მომავალი საფრთხის აღსაკვეთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს საზოგადოების კონსოლიდაციისათვის, განსხვავებულად სცემს პატივს 1992-93 წლებში სოხუმისათვის ბრძოლებში და 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიან ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას. და ასევე განსხვავებულად ზრუნავს ერთი საქმისათვის ორ სხვადასხვა დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე.

თბილისში მცხოვრები ბელა ზალდასტანიშვილი საქართველოს ერთადერთი მოქალაქეა, რომელმაც 1993 წლის 24 სექტემბერს ერთბაშად ოთხი უახლოესი ადამიანი დაკარგა - ორი შვილი და ორი ძმა. ისინი უშიშროების სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად იმყოფებოდნენ იმ თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სოხუმის აეროდრომზე დაშვებისას რუსეთის საზღვაო ხომალდიდან გაშვებულმა სითბურმა რაკეტამ ჩამოაგდო. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ჯარისკაცი დაიღუპა. მათი უმრავლეობა - მათ შორის, ბელა ზალდასტანიშვილის ორი შვილი და ორი ძმა - 17 წელი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმებით, ბელა ზალდასტანიშვილი აქამდე ორი მარჩენალი შვილის დაკარგვისათვის ორივე შვილზე იღებდა პენსიას, მაგრამ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ შეცვალა არსებული წესი და ბელა ზალდასტანიშვილს მხოლოდ ერთი პენსია დაუტოვა:

„ორ შვილზე მაძლევდნენ პენსიას. ახლა მომიხსნეს და ერთ შვილზე მაძლევენ. მაგაზე ერთი კვირა ლოგინად ჩავვარდი. კაცო, რომელზე მაძლევ და რომელზე არა-მეთქი? ორივე ჩემი შვილი იყო, ორივე ჩემთან ცხოვრობდა და ორივე აქედან წავიდა ომში.“

სააკაშვილმა ისიც არ იცის და მთავრობამ, არის თუ არა მანდ სასაფლაო. რამდენჯერ ვუთხარით, რამდენჯერ ვთხოვეთ, ჩვენი ბიჭებიც დააფასეთ და მოდით. მაგრამ ერთხელ არ ამოსულა არავინ
არ იფიქროთ, რომ აქ რაიმე განსაკუთრებულ თანხებზეა საუბარი, რაც სახელმწიფოს ბიუჯეტს დააზარალებდა. ერთი მარჩენლის დაკარგვაზე ბელა ზალდასტანიშვილი და მის ბედქვეშ მყოფი მშობელი საქართველოში მხოლოდ 72 ლარს იღებს. ასეთია კანონი, რომელიც დაადგინეს ქართველმა პარლამენტარებმა, კანონმდებლებმა, რომელთა ერთი თვის ხელფასი 60-ჯერ აღემატება თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის განკუთვნილი ყოველთვიური შემწეობის თანხას. დიდ საქმეებში ჩაფლულ საქართველოს ხელისუფლებას, ჩანს, გამორჩა ჩვენი არსებობაო, - ამბობს ბელა ზალდასტანიშვილი და კიდევ ერთ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„საერთოდ, სააკაშვილმა ისიც არ იცის და მთავრობამ, არის თუ არა მანდ სასაფლაო. რამდენჯერ ვუთხარით, რამდენჯერ ვთხოვეთ, ჩვენი ბიჭებიც დააფასეთ და მოდით. მაგრამ ერთხელ არ ამოსულა არავინ მანდა. როცა არჩევნები იყო, მაშინ დარბოდნენ დეპუტატები და ერთხელ ამოვიდნენ ვითომ იქ.“

ბელა ზალდასტანიშვილი ამ გულდასაწყვეტი სურათის მომსწრე კიდევ ერთხელ გახდა. აღდგომის ბრწყინვალე კვირეულში, 5 აპრილს, ხელისუფლების წევრებმა, გენერლებმა და პარლამენტარებმა პატივი მიაგეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საზეიმო ცერემონია ყველა ცენტრალურმა არხმა აჩვენა და მოსახლეობა ისმენდა თავდაცვის მინისტრის ამაღლებულ სიტყვებს:

ის ომი ომი იყო, ამათ კი არავინ არ ახსენებს, ამათ მშობლებს პატივს არ სცემს. აი, მარტო ისინი არიან პატივში, სამაჩაბლოს ომის დროს დაღუპულები. ისე გამოდის, რომ ჩვენ, მშობლებს, გვაპირისპირებენ ერთმანეთს
„გულდასაწყვეტია, რომ საუკეთესო ჯარისკაცები დავკარგეთ რუსეთთან ომში, მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის, ამავდროულად, მნიშვნელოვანი სტიმული შეიარაღებული ძალებისთვის, რომ უფრო განვითარდნენ ჩვენი სამხედროები, უფრო ერთ მუშტად იყვნენ შეკრული და უფრო სერიოზული წარმატებები ჰქონდეთ მომავალში.“

მაგრამ ბაჩო ახალაია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები არ მისულან მეორე, შევარდნაძის ხელისუფლების დროს აგებულ, საძმო სასაფლაოზე, რომელიც მოკლებულია ზრუნვას და პატივს. ეს არის მუხათგვერდიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ დიღომში არსებული კიდევ ერთი საძმო საძვალე, სადაც 1992-93 წლებში დაღუპული 70-ზე მეტი მებრძოლი განისვენებს. ხსოვნის დღეს ამ სასაფლაოზე ხელისუფლებიდან არავინ მისულა თბილი სიტყვის სათქმელადაც კი. მივიდნენ მხოლოდ 17 წლის წინანდელი მეომრები, მივიდნენ აფხაზეთში ბრძოლების დროს დაღუპული ოჯახების ახლობლები, მივიდა ბელა ზალდასტანიშვილი, ქალი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ორი შვილი და ორი ძმა უგზო-უკვლოდ დაკარგა, ახლა კი იძლებულია მწარე სიტყვებით შეახსენოს საზოგადოებას ორად გაყოფილი საძმო სასაფლაოების ბედი:

„ის ომი ომი იყო, ამათ კი არავინ არ ახსენებს, ამათ მშობლებს პატივს არ სცემს. აი, მარტო ისინი არიან პატივში, სამაჩაბლოს ომის დროს დაღუპულები. ისე გამოდის, რომ ჩვენ, მშობლებს, გვაპირისპირებენ ერთმანეთს. გამოდის, რომ ჩვენს ბიჭებს არაფერი არ გაუკეთებიათ - წელიწადი და სამი თვე კბილებით იცავდნენ სოხუმს და იქ დალიეს სული.“

საქართველო უცნაური ქვეყანაა - შესაძლოა, ერთადერთიც, სადაც თურმე მოქალაქეებმა შეიძლება მიიღონ განსხვავებული პენსია. თბილისელი მოხუცების პენსია 10 ლარით მეტია ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრებ პენსიონერებზე. განსხვავებულ პენსიებს იღებენ ე.წ. შევარდნაძის პერიოდში პენსიაში გასული სამხედრო მოსამსახურეები და ისინი, ვინც პენსიაში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გავიდა. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ასეთივე გაორებული დამოკიდებულებაა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მიმართაც. საქართველოში არსებობს ორი საძმო სასაფლაო, ერთი „იმათი“, ანუ წინა ხელისუფლების ბრძანების შესრულების დროს დაღუპულთა, და მეორე „ჩვენი“, ანუ დღევანდელი ხელისუფლების ბრძანებით სამამულო ომში წასულთა და დაღუპულთათვის. არსებობენ დაღუპულ მებრძოლთა ორი კატეგორიის ჭირისუფლებიც: ერთნი, რომლებიც ხელისუფლებამ, 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ სულ მალე უზრუნველყო საცხოვრებელი სახლებით და სამუშაო ადგილებით, და მეორეები, რომლებიც არც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ დაფასებულნი და რომლებიც, როგორც ბელა ზალდასტანიშვილი შიშობს, საერთოდ დაივიწყა დღევანდელმა ხელისუფლებამ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG