Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფაში დაღუპულების ხსოვნას პოლონეთში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი


დღეს ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე პოლონეთში ორწუთიანი დუმილი დაიცვეს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და იმ სხვა პოლიტიკოსების თუ ოფიციალური პირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც შაბათს დასავლეთ რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კაჩინსკისთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები. მათ მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. კაჩინსკის ცხედარს იქ სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ორი კვირის განმავლობაში დადგინდება. რუსეთმა ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა. ავარიის მიზეზების გამოძიებას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გამოთქმული ვარაუდით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ძლიერი ნისლი ან პოლონელი პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა იყო.
XS
SM
MD
LG